მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმის მეშვეობით ანადგურებს. ვერმონტის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შემუშავებული ინოვაციური წამალი მიმართულია აგრესიული სიმსივნის, მეზოთელიომის, წინააღმდეგ, რომელიც ძირითადად მინერალ აზბესტის ზემოქმედებით ვითარდება და მისი მკურნალობა დღემდე უკიდურესად რთულია.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პრეპარატი, კლინიკური სახელწოდებით RSO-021, ბუნებრივ ანტიბიოტიკ თიოსტრეპტონს ეფუძნება. სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით ახერხებს მედიკამენტი სიმსივნის უჯრედებში არსებული მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტის, PRX3-ის, გაუვნებლებას.

კიბოს უჯრედებს უკიდურესად აჩქარებული მეტაბოლიზმი აქვთ, რის გამოც ისინი დიდი რაოდენობით ტოქსიკურ, აქტიური ჟანგბადის ფორმებს გამოიმუშავებენ. ამ მომაკვდინებელ გარემოში გადასარჩენად კიბო საკუთარ დამცავ მექანიზმს რთავს: მიტოქონდრიებში ჭარბად გამოიმუშავებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტ PRX3-ს, რომელიც ამ მავნე ნივთიერებებს ანეიტრალებს.

ანტიბიოტიკით ფერმენტის დაბლოკვის შემდეგ კიბოს უჯრედში ოქსიდაციური სტრესი უკონტროლო ხდება, მიტოქონდრიებში წყალბადის ზეჟანგი გროვდება და უჯრედი შინაგანად ნადგურდება, ჯანსაღი ქსოვილები კი უვნებელი რჩება.

"ჩვენს პრეპარატს აქვს როგორც ციტოტოქსიკური აქტივობა, ანუ მას შეუძლია უშუალოდ გაანადგუროს სიმსივნური უჯრედები, ასევე გააჩნია იმუნომოდულატორული თვისებაც, ანუ შეუძლია იმუნური სისტემის ისე მოდულირება, რომ მან თავად შეძლოს კიბოსთან გამკლავება", — აცხადებს ვერმონტის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ბრაიან კანინფი.

ხელახლა გაჩენილი მეზოთელიომის მქონე პაციენტებმა კლინიკური კვლევის პირველი ფაზის ფარგლებში ექსპერიმენტული პრეპარატი მიიღეს. მისი მეშვეობით მათ 67%-ში დაავადების პროგრესირება შეფერხდა და ზოგ შემთხვევაში სიმსივნე დაპატარავდა. მედიკამენტს რაიმე მძიმე გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია, ხოლო ამ პაციენტებმა იმათზე დიდხანს იცოცხლეს, ვინც სტანდარტული თერაპია გაიარა.

კვლევაში მონაწილე ადამიანებისთვის მისაღებ უსაფრთხო დოზად 90 მილიგრამი განისაზღვრა. მედიკამენტის ზემოქმედებასთან არცერთი პაციენტის სიკვდილი არ დაუკავშირებიათ. მეცნიერებმა მათი ბიოლოგიური ქსოვილის ნიმუშებიც შეისწავლეს და დაადგინეს, რომ RSO-021 სამიზნეს წარმატებით აღწევს, ანუ ეს მექანიზმი ადამიანებშიც მუშაობს.

კერძოდ, დაავადების პროგრესირებისგან თავისუფალი გადარჩენის პერიოდი 4.2 თვე იყო, რაც ამჟამად ხელმისაწვდომი თერაპიების შედეგს უახლოვდება. 15 პაციენტის შედეგი კი ამაზე უკეთესი აღმოჩნდა.

პრეპარატი უშუალოდ გულმკერდის ღრუში, სპეციალური კათეტერის მეშვეობით შეჰყავთ, რაც სიმსივნის მიმდებარედ მედიკამენტის მაქსიმალურ კონცენტრირებას უზრუნველყოფს. მკვლევრებმა კლინიკური ტესტირების მეორე ფაზა უკვე დაასრულეს და ამჟამად მედიკამენტის აბის (პერორალური) ფორმის შექმნაზე მუშაობენ, რათა სამომავლოდ მსგავსი პრეპარატი კუჭ-ნაწლავის კიბოსა და სხვა ტიპის სიმსივნეების სამკურნალოდაც გამოიყენონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.