აშშ-მა ორბიტაზე იარაღი განათავსა — "კოსმოსური რბოლა" და მასთან დაკავშირებული საფრთხეები
ფოტო: Getty Images
დედამიწის ორბიტაზე აშშ-ის სამხედროებს იარაღი აქვთ განთავსებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად უკვე მზადაა. ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მეინკმა, 14 სექტემბერს, 2026 წლის საჰაერო-კოსმოსურ კიბერკონფერენციაზე განაცხადა.
"არსებული საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნას ვზრდით. აშშ-ს ორბიტაზე კოსმოსური კონტროლის იარაღი აქვს, რომელსაც გაერთიანებული ძალების მოწინააღმდეგის მტრული მოქმედებებისგან დაცვა შეუძლია", — თქვა მეინკმა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კოსმოსში იარაღი აქვს განთავსებული, თუმცა მეინკს არ დაუკონკრეტებია, რა ტიპის ან რაოდენობის ტექნიკაზეა საუბარი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამით აშშ ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან კოსმოსური შეიარაღების ერთგვარ რბოლას უწყობს ხელს. ისინი შეერთებულ შტატებს "კოსმოსში ომისთვის მზადების" შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
დადასტურებულად არსად გაჟღერებულა, რომ აშშ-ის მიერ კოსმოსში განთავსებული იარაღი ბირთვულია. ამის მიუხედავად, განცხადებამ ორბიტაზე ბირთვული შეიარაღების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებული საფრთხეები კვლავ აქტუალური გახადა.
აშშ და საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ 1967 წელს შეთანხმდა, რომ ასეთი შეჯიბრება ზედმეტად სახიფათო იქნებოდა. ამის დასტურად ხელშეკრულებაც დადეს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებს დედამიწის ორბიტაზე ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის განთავსება აეკრძალათ.
ასევე, იხილეთ: ჩინელ სამხედრო მეცნიერებს მასკის Starlink-ის სატელიტების განადგურება სურთ
პრობლემა ისაა, რომ მაშინაც (სსრკ) და ახლაც (რუსეთი) არცერთი არ იყო და არის დარწმუნებული, რომ მეორე მხარე ამ შეთანხმების პირობებს ნამდვილად ასრულებს. ახლა კი უფრო აქტუალური გახდა კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ, რა სახიფათო ტექნოლოგიებს მალავენ ქვეყნების სამხედროები ორბიტაზე?
რას გამოიწვევს კოსმოსში ბირთვული აფეთქება
დედამიწაზე ბირთვული იარაღის გამოცდა ისეთ კვალს ტოვებს, როგორიც სეისმური ტალღები, რადიოაქტიური ნარჩენები, ასევე სინათლისა და სითბოს ძლიერი გამოსხივებაა. მეცნიერებმა მათი დაფიქსირების მეთოდები ათწლეულების განმავლობაში შეიმუშავეს.
ამის მიუხედავად, კოსმოსში ბირთვული ქობინი შეიძლება ჩვეულებრივ თანამგზავრში იყოს დამალული. მისმა ერთმა აფეთქებამ, შესაძლოა, ათასობით კომერციული, სამეცნიერო და სამხედრო თანამგზავრი დააზიანოს ან გაანადგუროს, ხოლო ორბიტა საშიში ფრაგმენტებით დააბინძუროს.
ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი აშშ-ის 1962 წლის პროექტი Starfish Prime-ია — მაღალ სიმაღლეზე ჩატარებული ბირთვული ტესტირებები. იმ წლის 9 ივლისს აშშ-მა წყნარი ოკეანის თავზე, დაახლოებით 400 კილომეტრ სიმაღლეზე, 1.45 მეგატონი ენერგიის ბირთვული ქობინი ააფეთქა. ამან რამდენიმე საათის განმავლობაში რადიოკავშირი შეაფერხა და ხელოვნურად წარმოქმნა ციალი, რომელიც ჰავაიდან ჩანდა. ასევე, იმ დროისთვის ორბიტაზე არსებული 24 თანამგზავრიდან 8 დაზიანდა ან განადგურდა, მათ შორის NASA-ს Telstar 1 და ბრიტანული Ariel 1.
აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაცია ორბიტაზე დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში შენარჩუნდა, რის გამოც დედამიწის ახლო კოსმოსური სივრცე ზონდებისთვის სახიფათო გახდა. თვითმხილველების ცნობით, ქალაქ ჰონოლულუში მოვლენამ ქუჩის 300-ამდე განათებაც მწყობრიდან გამოიყვანა
1961-62 წლებში დიდ სიმაღლეზე ბირთვული ტესტირებები — ოპერაცია K — საბჭოთა კავშირმაც განახორციელა. ამ აფეთქებების დამაზიანებელი შედეგი ხმელეთზეც გამოვლინდა. მათ შორის იყო ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების შეფერხება დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორიაზე.
ასტრონომ ჯონ ბარენტაინის თქმით, ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა მეცნიერებმა გააცნობიერეს, რამდენად მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული კოსმოსური და დედამიწური გარემო. მან ეს საკითხი ცივი ომის კონტექსტში გამოიკვლია.
დიპლომატიური და სტრატეგიული პრობლემები
უკვე ვახსენეთ, რომ მსგავსი იარაღი სატელიტის შიგნით შეიძლება ისე იყოს დამალული, რომ გარეგნულად მისი კვალი არ ჩანდეს. მაშ, როგორ უნდა გამოვიყენოთ მათ აღმოსაჩენად შექმნილი სისტემები?
თუკი ხელოვნურ თანამგზავრს ახლოდან უნდა დავაკვირდეთ, მასთან ახლოს მისვლა და ამ დისტანციაზე დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩენა იქნება საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ზონდები ერთმანეთთან ჩვეულებრივზე ბევრად ახლოს იქნება, რაც თვალთვალის ან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ეჭვებს გააჩენს.
ფოტო: Shutterstock
შესაბამისად, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთი სისტემის რეალურად ამუშავება იმ ქვეყანასთან თანამშრომლობასაც მოითხოვს, რომლის თანამგზავრის შემოწმებაც იგეგმება. ეს კი ახალ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ როდის, რა პირობებში და რამდენჯერ უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე დაშვებული მსგავსი ოპერაციები. გამოდის, რომ მოქმედების პოლიტიკასთან დაკავშირებული მსგავსი საკითხები ხშირად უფრო რთული გადასაწყვეტია. ვიდრე — ტექნიკური.
ან, საერთოდ, მოაგვარებს კი პრობლემას მსგავსი სისტემები?!
აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საფრთხისგან თავად თავდამსხმელიც არაა დაზღვეული. შესაძლოა, მან კონკრეტული სატელიტი ამოიღოს მიზანში, თუმცა ბირთვული აფეთქების გაკონტროლება რთულია და სხვა, მათ შორის საკუთარი, თანამგზავრების დაზიანების რისკიცაა. ეს სტრატეგიულ პრობლემას უქმნის ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც კოსმოსში ოპერირებს.
დღეს საფრთხე გაცილებით დიდია
1960-იანი წლების შემდეგ ორბიტაზე ბირთვული იარაღი არც ერთ სახელმწიფოს არ აუფეთქებია. ამასთან, უცნობია, რამდენი ბირთვული იარაღი შეიძლება იყოს ამჟამად კოსმოსში განთავსებული — თუკი, საერთოდ, არის.
ამ ეჭვის უგულებელყოფა 2024 წელს უფრო რთული გახდა. მაშინ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული ანტისატელიტური იარაღის შექმნის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. მოსკოვმა ეს ბრალდება უარყო.
იხილეთ: პენტაგონი ეჭვობს, რომ რუსეთმა დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური იარაღი გაუშვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მალორი სტიუარტის, თქმით, სავარაუდო აპარატი რუსული სამხედრო რადიოლოკაციური თანამგზავრი Kosmos-2553 იყო. ის 2022 წელს ისეთ ორბიტაზე გაუშვეს, სადაც რადიაციის დონე მაღალია და რომელსაც სხვა საკომუნიკაციო თანამგზავრების ოპერატორები, როგორც წესი, თავს არიდებენ.
რუსეთის განცხადებით, მისიის მიზანი რადიაციის პირობებში თანამგზავრის ელექტროსისტემების დაჩქარებული გამოცდა იყო. ამის მიუხედავად, აშშ-ში ამბობდნენ, რომ იმ სიმაღლეზე გამოსხივების დონე ასეთი ტესტირებისთვის საკმარისი არაა.
მოგვიანებით შენიშნეს, რომ თანამგზავრი არასტაბილურად მოძრაობდა. აქედან ივარაუდეს, რომ ის, შესაძლოა, სამიზნე ზონდისკენ გადაადგილდებოდა, რათა ბირთვული იარაღი აეფეთქებინა. აშშ-ის კოსმოსური სარდლობის წარმომადგენლებმა ეს ეჭვი რუსეთის მიერ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სატელიტების წინააღმდეგ მოქმედების დემონსტრირებულ მზაობას დაუკავშირეს.
დღეს კოსმოსში ბირთვული აფეთქების შედეგები გაცილებით მასშტაბური შეიძლება იყოს, ვიდრე ათწლეულების წინ. ამის ერთ-ერთი მიზეზი დედამიწის ორბიტაზე არსებული აპარატების დიდი რაოდენობაა: 190-ზე მეტი ქვეყნის მიერ გაშვებული 48 000-ზე მეტი ობიექტი.
დედამიწის გარშემო არსებული ობიექტების ვიზუალიზაცია.
ფოტო: LeoLabs
ისინი იმ სისტემების მუშაობას უზრუნველყოფს, რომლებზეც თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, მათ შორის: კომუნიკაციების, ნავიგაციის, ამინდის პროგნოზირების, დედამიწაზე დაკვირვებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის.
ბირთვულმა აფეთქებამ, შესაძლოა, ის თანამგზავრებიც დააზიანოს, რომლებიც უშუალოდ აფეთქების არეალში არაა. თანამედროვე სატელიტებში ხშირად კომერციულად ხელმისაწვდომ და შედარებით იაფ ელექტრონიკას იყენებენ, რომელიც კოსმოსში ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციისგან სათანადოდ დაცული ვერ იქნება.
ამას აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი კვლევაც ცხადყოფს. მისი მიხედვით, დიდ სიმაღლეზე ერთმა ბირთვულმა აფეთქებამ შეიძლება დედამიწის დაბალ ორბიტაზე რადიაციის დონე იმდენად გაზარდოს, რომ არასათანადოდ დაცული თითქმის ყველა თანამგზავრი რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში მწყობრიდან გამოვიდეს.
კვლევის თანახმად, პირდაპირი ფინანსური ზარალი შეიძლება 500 მილიარდ დოლარს მიუახლოვდეს, ხოლო საერთო ეკონომიკურმა ზარალმა 3 ტრილიონ დოლარსაც გადააჭარბოს. ასეთი რისკები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობამ სწრაფად მოიმატა და მათ სერვისებზე მსოფლიოს დამოკიდებულებაც გაძლიერდა.
ამასთან, სატელიტების გაშვების ხარჯების შემცირებამ კოსმოსში მოხვედრა ხელმისაწვდომი გახადა ისეთი დამოუკიდებელი აქტორებისთვის, რომლებსაც საკუთარი დიდი თანამგზავრული ფლოტი არ აქვთ. ამან შეიძლება მათთვის კოსმოსზე დამოკიდებული დიდი სახელმწიფოების ეკონომიკური და სამხედრო სისტემების წინააღმდეგ მოქმედება უფრო გაამარტივოს.
ასეა თუ ისე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ორბიტაზე ბირთვული იარაღის აფეთქების საფრთხეებს ყველა აცნობიერებს. ამას ისიც ცხადყოფს, რომ მსგავსი პრეცედენტები ათწლეულებია, არ ყოფილა.
კომენტარები