ჩრდილოეთ დაკოტაში (აშშ) პალეონტოლოგებმა ზრდასრული ტირანოზავრ რექსის (T. Rex) პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი უწყვეტი ნაკვალევი აღმოაჩინეს. თითოეული ნაფეხური თითქმის ადამიანის ზომისაა. კვლევა გამოცემა Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.

"ძვლები ამ ცხოველების შესახებ უზარმაზარ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ ნაფეხურები მათი ქცევის კონკრეტულ მომენტს ასახავს. ამ ნაკვალევის მეშვეობით, ფაქტობრივად, შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, როგორ გადაადგილდებოდა ცხოველი ლანდშაფტზე. T. rex-ის შემთხვევაში კი ეს უიშვიათესი შესაძლებლობაა", — ამბობს კვლევის თანაავტორი, დენვერის ბუნებისა და მეცნიერების მუზეუმის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის უფროსი კურატორი, ტაილერ ლაისონი.

ფოტო: J. Vertebr. Paleontol

აღმოჩენილი უწყვეტი ნაკვალევი დაახლოებით 7 მეტრი სიგრძისაა და 4 გიგანტურ ნაფეხურს მოიცავს. თითოეული მათგანი 1 მეტრი სიგრძისა და 0.8 მეტრი სიგანისაა. მკვლევართა თქმით, დინოზავრის ნაბიჯის საშუალო სიგრძე დაახლოებით 4 მეტრს შეადგენდა, ხოლო გადაადგილების სიჩქარე წამში 1.5-იდან 2 მეტრამდე იყო. ეს ადამიანის სიარულის ჩვეულებრივ ტემპს ოდნავ აღემატება. აღნიშნული კვალი 66.5 მილიონი წლის უნდა იყოს.

ასაკის, ადგილმდებარეობისა და ნაფეხურების ფიზიკური მახასიათებლების გათვალისწინებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ ნაკვალევი სწორედ ზრდასრულ ტირანოზავრ რექსს ეკუთვნის. მეცნიერები განმარტავენ, რომ ერთსა და იმავე ადგილას ნაფეხურებისა და ძვლების ნამარხების პოვნა უკიდურესად იშვიათია, ვინაიდან მათი შენარჩუნებისთვის განსხვავებული პირობებია საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ნაფეხურებს 2025 წელს სკოლის მეცნიერების მასწავლებელმა და მოყვარულმა პალეონტოლოგმა, კენტ ჰაპსმა, მიაგნო. როგორც თავად აღნიშნავს, იგი მოსწავლეებს ხშირად ეუბნება, რომ მეცნიერება ცნობისმოყვარეობით, საქმისადმი განსაკუთრებული ინტერესითა და დაკვირვებით იწყება, მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერი მას მსგავს აღმოჩენამდე მიიყვანდა.

ტერიტორიის რთული გეოლოგიური პირობების გამო პალეონტოლოგები სამუშაოების გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. მიკვლეული 4 ნაფეხურიდან 3-ს სპეციალისტები დენვერის ბუნებისა და მეცნიერების მუზეუმში უსაფრთხოდ გადაიტანენ, სადაც ეს უნიკალური ნიმუშები შეინახება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.