დამღლელი დღის შემდეგ ზოგჯერ რთულია, რომ მაცივარში დარჩენილ საჭმელს დასჯერდე და პირდაპირ მიტანის სერვისით არ ისარგებლო. ამის მიუხედავად, როცა მაინც ახერხებ და წინა დღის კერძის გაცხელებას ამჯობინებ, ამას იმპულსების შეკავების უნარს უნდა უმადლოდე.

მსგავსი რამ მხოლოდ ადამიანებში არ გვხვდება. იმპულსების კონტროლი გადარჩენისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და სხვადასხვა ცხოველს ეს გარკვეულ დონეზე შეუძლია. ახლა, ისტორიაში პირველად, მკვლევართა ჯგუფმა მსგავსი რამ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის საშუალებით აზიურ სპილოებშიც (Elephas maximus) გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ საკვების მოპოვებისას ისინი საკუთარი იმპულსების წინააღმდეგ მოქმედებენ. ნაშრომი გამოცემა PLOS One-ში გამოქვეყნდა.

ექსპერიმენტში 4-იდან 60 წლამდე ასაკის 16 აზიური სპილო მონაწილეობდა. მათ ე.წ. შემოვლითი გზის ტესტი (detour paradigm) ჩაუტარეს — ამ დროს ცხოველს სასურველ მიზანს აჩვენებენ, თუმცა მასთან მისასვლელ ყველაზე პირდაპირ გზაზე ბარიერს უქმნიან. შესაბამისად, ცხოველს სხვა გზის არჩევა უწევს, ანუ იმპულსს ეწინააღმდეგება.

ამ შემთხვევაში, მკვლევრებმა ხილი გამჭვირვალე ყუთში მოათავსეს. ტესტამდე სპილოები საკვების ამოღებას შავი ყუთიდან იყვნენ მიჩვეულნი, რაც მათი წინასწარი მომზადების ნაწილი იყო. ამის მიუხედავად, მეცნიერთა ინფორმაციით, ცხოველებს გამჭვირვალე მასალებთან მანამდე შეხება არ ჰქონიათ.

სპილოები ყუთში არსებულ ხილს ხედავდნენ, პატარა ხვრელებიდან კი სუნსაც გრძნობდნენ, თუმცა საკვებს პირდაპირ ვერ სწვდებოდნენ. ღიობი სხვა მხარეს იყო და იქიდან ხორთუმით ხილის აღება შეეძლოთ. მაშასადამე, სპილოებს სასუსნავის პირდაპირი გზით მოპოვების იმპულსი უნდა შეეკავებინათ, მიუხედავად იმისა, რომ საკვები თვალწინ ჰქონდათ და მისი სუნიც სცემდათ. ექსპერიმენტის განმავლობაში მეცნიერებმა ცხოველთა ყველა მცდელობა გადაიღეს და დეტალურად შეისწავლეს: რამდენი დრო დასჭირდა თითოეული სპილოს ყუთთან მისვლას, ღიობის პოვნასა და საკვების აღებას.

აღმოჩნდა, რომ მათ ამ ყუთის ღიობში შეღწევამდე იმდენივე დრო დასჭირდათ, რამდენიც გაუმჭვირვალე ყუთის შემთხვევაში. მკვლევრების თქმით, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ სპილოებს იმპულსების შეკავების განსაკუთრებით ძლიერი უნარი აქვთ. სხვა ახსნა ისაა, რომ, შესაძლოა, ყუთის გამჭვირვალობამ მათში პირდაპირი რეაქციის ძლიერი სურვილი არ გამოიწვია, ანუ ისინი მსგავსი ბარიერით არ "მოტყუვდნენ".

ამის მიუხედავად, ისინი ხორთუმით ყუთს შიგნით უფრო დიდხანს იკვლევდნენ. ეს, სავარაუდოდ, მათთვის უჩვეულო, გამჭვირვალე მასალის მიმართ ცნობისმოყვარეობას უკავშირდება.

მკვლევრებმა ერთი ცვლილებაც შეიტანეს: ყუთი ისე შეაბრუნეს, რომ ღიობი იმ მხარეს აღარ ყოფილიყო, რომელსაც სპილოები შეეჩვივნენ. ამან ცხოველებს საკვების პოვნაში ხელი ოდნავ შეუშალა, თუმცა, საბოლოოდ, მათ მიზანს მაინც მიაღწიეს. მეცნიერების თქმით, ცვლილების გამო შეყოვნება მიუთითებს, რომ ამან მათში ძლიერი ავტომატური რეაქცია გამოიწვია. შესაბამისად, ეს შედეგი, შესაძლოა, იმპულსების კონტროლის უნარის უფრო პირდაპირ საზომად გამოდგეს.

მკვლევრებმა ისიც შენიშნეს, რომ ასაკოვან სპილოებს ცვლილებებთან ადაპტაცია უფრო უჭირდათ. ეს შეიძლება კოგნიტიური ფუნქციების შესუსტებას უკავშირდებოდეს, თუმცა ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ახალი ნაშრომი სპილოების გონებრივი შესაძლებლობების შესახებ საბოლოო დასკვნების გამოტანის საშუალებას არ იძლევა. სამაგიეროდ, ვიცით, რომ იმპულსების კონტროლის ასეთი ძლიერი უნარის მქონე ცხოველებს, როგორც წესი, უფრო რთული სტრუქტურის სოციალური ცხოვრება აქვთ. მათ შორის არიან სპილოებიც.

მკვლევრების დასკვნით, აზიური სპილოების შედეგი სხვადასხვა ცხოველში გამოვლენილ ზოგად ტენდენციას ესადაგება: ტვინის ზომასა და იმპულსების კონტროლის უნარს შორის დადებითი კავშირი არსებობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.