გლობალური ტემპერატურის მატებასთან ერთად, დედამიწაზე მშრალი არეალების საზღვრები სწრაფად ფართოვდება. გამოცემა Environmental Research Letters-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პლანეტის ლანდშაფტი რადიკალურად იცვლება.

ტერმინი "მშრალი ტერიტორია", იგივე არიდული ზონა, სწორედ იმ რეგიონებს გულისხმობს, სადაც ატმოსფერული ნალექი აორთქლებულ წყალთან შედარებით გაცილებით მცირეა. მეცნიერთა პროგნოზით, მიმდინარე საუკუნის ბოლოსთვის ასეთი არეალები დედამიწაზე არსებული ხმელეთის 40%-ზე მეტს დაიკავებს.

ასევე, იხილეთ: გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში

საინტერესოა, რომ კლიმატის ცვლილების მთავარი გამომწვევი მიზეზი, ნახშირორჟანგის (CO2) მზარდი დონე, შესაძლოა, ამ პროცესს გარკვეულწილად ანელებდეს. ატმოსფეროში CO2-ის მაღალი კონცენტრაციის ფონზე მცენარეების ბაგეები ნაწილობრივ იხურება, რის გამოც ტრანსპირაციის დროს ისინი ბევრად ნაკლებ წყალს კარგავს.

წინა პროგნოზების თანახმად, საუკუნის ბოლოსთვის არიდული ზონების 56%-ამდე ზრდაა მოსალოდნელი. მათგან განსხვავებით, ახალმა კვლევამ უფრო დაბალი მაჩვენებელი გამოავლინა.

გლობალური არიდული ზონებისა და შესაბამისი კლიმატური სარტყლების სივრცითი განაწილება 1994-2023 წლებში.

ფოტო: Environmental Research Letters

ჩინეთის სატყეო აკადემიის მკვლევართა გუნდმა მოდელი სპეციალურ "არიდულობის ინდექსზე" დაყრდნობით შეიმუშავა. 1994-2023 წლების საბაზისო მონაცემებით, მშრალ ტერიტორიებს ხმელეთის 38.58% უკავია. მათგან ყველაზე დიდი წილი ნახევრად არიდულ (14.72%) და არიდულ (11.24%) ზონებზე მოდის, რომლებიც ძირითადად ავსტრალიასა და ჩინეთში გვხვდება.

ამასთან, მშრალი სუბჰუმიდური ზონები (6.35%), ანუ ნახევრად ნოტიო არეალები, რუსეთსა და ჩინეთში დიდ ტერიტორიაზეა. ყველაზე მკაცრი, ჰიპერარიდული რეგიონები (6.27%) კი უმეტესად ალჟირს, ლიბიასა და საუდის არაბეთს მოიცავს.

განახლებული ანალიზი აჩვენებს, რომ, სავარაუდოდ, 2071-2100 წლებში მსოფლიოში არიდული ზონების წილი 39.31%-იდან 40.28%-ამდე გაიზრდება. ყველაზე მკვეთრი ცვლილება სწორედ ჰიპერარიდულ ტერიტორიებზე დაფიქსირდება.

პროცენტული მატების შედარებით დაბალი ტემპის მიუხედავად, უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალზეა საუბარი — ამჟამინდელ მშრალ ზონებს შეიძლება 2.37 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის არეალიც შეემატოს. ეს, რეალურად, ალჟირის სრულ ტერიტორიას ან ავსტრალიის კონტინენტის 30%-ს უტოლდება.

ამ პროგნოზის თანახმად, კლიმატის ცვლილება ყველაზე მძიმე დარტყმას სწორედ ავსტრალიას მიაყენებს. პლანეტის ყველაზე მშრალ კონტინენტზე მიმდინარე საუკუნეში კიდევ უფრო თვალსაჩინო ცვლილებებია მოსალოდნელი. რისკის ქვეშ, ასევე, ბრაზილია და აფრიკის კონტინენტის დიდი ნაწილია.

მეცნიერების თქმით, ტენიან რეგიონებში არიდული კლიმატური პირობების გავრცელება წყლის დეფიციტს, ეკოსისტემების დეგრადაციასა და გაუდაბნოებას კიდევ უფრო ამწვავებს. ეს გლობალურ მდგრად განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.