ტექნოლოგიური გიგანტი Apple მიმდინარე კვირაში დაგეგმილ ღონისძიებაზე მომხმარებელს სამ ახალ სმარტფონს წარუდგენს. შემოდგომის პრეზენტაციაზე iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max მოდელებთან ერთად საზოგადოება კომპანიის ისტორიაში პირველ დასაკეც მოწყობილობას, iPhone Ultra-ს, იხილავს. შესაბამისად, წლევანდელი განახლებული ხაზი სრულად პრემიუმ სეგმენტზე ფოკუსირდება.

Pro სერიის მოდელებს მძლავრი A20 Pro ჩიპი აქვს და ენერგოეფექტიანობის რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩევა. ტექნიკური სიახლეები ისაა, რომ აიფონებს 35%-ით პატარა დინამიკური კუნძული და ცვლადი დიაფრაგმის მქონე მთავარი კამერა ექნება. სმარტფონები კომპანიის მიერ შექმნილ C2 ფიჭურ მოდემზე იმუშავებს. სერიას მუქი ბორდოსფერი დიზაინი დაემატება, iPhone 18 Pro-ს საწყისი ფასი კი, სავარაუდოდ, 1 199-იდან 1 399 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

განსაკუთრებულ მოლოდინს დასაკეცი iPhone Ultra აჩენს, რომლის ფასიც $2 000-ს გადააჭარბებს და ბაზარზე სრულიად ახალ საფასო კატეგორიას შექმნის. სმარტფონს ტიტანის ჩარჩო ექნება და წიგნის მსგავსად დაიკეცება. ამ მოდელს 5.4-დუიმიანი გარე და 7.8-დუიმიანი შიდა ეკრანები ექნება. მნიშვნელოვანია, რომ ავთენტიფიკაციისთვის მოდელი სტანდარტული Face ID-ს ნაცვლად თითის ანაბეჭდის სკანერს ("Touch ID") გამოიყენებს.

Iphone Ultra

დასაკეც მოდელში ოპერაციული სისტემა iOS 27 უზრუნველყოფს, რომ ეკრანზე რამდენიმე აპლიკაციამ პარალელურ რეჟიმში იმუშაოს და ინტერფეისი ჰორიზონტალურ რეჟიმს მოერგოს. წარმადობაზე აქაც A20 Pro ჩიპი და ორთქლის კამერაზე მომუშავე გაგრილების სისტემა იზრუნებს. ფოტო- და ვიდეოგადაღებას რაც შეეხება, სმარტფონი მხოლოდ ორი მთავარი ლინზითა და ეკრანებზე გადანაწილებული ორი სელფი-კამერით დაკომპლექტდება.

ფოტო: 9to5mac.com

ტრადიციული განრიგის მიუხედავად, საბაზო iPhone 18 და iPhone Air 2 სექტემბრის პრეზენტაციას გამოტოვებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ამ მოდელების ბაზარზე გაშვება 2027 წლის დასაწყისისთვის გადადო. უცნობია, გადაწყვეტილება ბრენდის ახალ სტრატეგიას უკავშირდება თუ მსოფლიოში მიმდინარე ჩიპების კრიზისს. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, Apple ამჯერად მთელს რესურსს ექსკლუზიურ სმარტფონებზე მიმართავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.