როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
ფოტო: Getty Images
ბევრი ადამიანი დილას ჩაით ან ყავით იწყებს და დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანსაც კი სვამს. იმაზე ხშირად მსჯელობენ, როგორ აისახება ეს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ტვინზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ სასმელებს ძვლების მდგომარეობასთანაც შეიძლება ჰქონდეს კავშირი.
მაგალითად, ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შარშან აღმოაჩინეს, რომ ჩაისა და ყავის სმა ხანდაზმული ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე განსხვავებულად მოქმედებს. ათწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჩაის მცირე დადებითი ეფექტი აქვს, დღეში 5 ფინჯანზე მეტი ყავა კი ძვლების სიმკვრივეს ამცირებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 65 წელს გადაცილებული თითქმის 10 000 ქალის მონაცემები გააანალიზეს. მიზანი იმის შესწავლა იყო, თუ რამდენად უკავშირდება ჩაისა და ყავის რეგულარულად მიღება ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) ცვლილებებს. ეს მაჩვენებელი ოსტეოპოროზის რისკის შესაფასებლად გამოიყენება — დაავადების, რომელიც ძვლების დასუსტებას იწვევს და 50 წელზე მეტი ასაკის ყოველ მესამე ქალს აწუხებს.
ათწლიან პერიოდში მონაწილეები რეგულარულად აღრიცხავდნენ, თუ რა რაოდენობის სასმელს იღებდნენ. მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაციის მეთოდებით სპეციალისტები ძვლის სიმკვრივის ცვლილებებს ამოწმებდნენ. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ჩაის მოყვარულებს მენჯ-ბარძაყის არეში ძვლის ოდნავ უფრო მაღალი სიმკვრივე ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ჩაის საერთოდ არ სვამდა. მართალია, ეს სხვაობა მცირეა, მაგრამ ფართო პოპულაციაზე განზოგადებისას მოტეხილობების რაოდენობის შემცირების კუთხით სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.
ყავის შემთხვევაში უფრო რთული სურათი მიიღეს. დაადგინეს, რომ მისი ზომიერად მიღება (დაახლოებით 2-3 ფინჯანი დღეში) ძვლებისთვის საზიანო არ არის. სამაგიეროდ, 5 ფინჯანზე მეტის დალევა ძვლის დაბალ სიმკვრივესთან ასოცირდება.
კვლევის თანაავტორ რაიან ლიუს განმარტებით, ჩაიში უხვად გვხვდება ნაერთები, სახელად კატექინები, რომლებიც ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას უწყობს ხელს და მის დაშლას ანელებს. მეორე მხრივ, ყავაში შემავალი კოფეინი კალციუმის ათვისებასა და ძვლის მეტაბოლიზმს აფერხებს. მართალია, რძის დამატებით ამ ეფექტის განეიტრალება შესაძლებელია, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყავის უარყოფითი გავლენა უფრო მეტად იმ ქალებში ვლინდება, რომლებიც ალკოჰოლს ხშირად მოიხმარენ. ჩაის დადებითი ეფექტი კი ჭარბწონიან პაციენტებში უფრო შესამჩნევია.
პროფესორ ენვუ ლიუს თქმით, მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ჩაის რეგულარულად სმა ხანდაზმულ ასაკში ძვლების ჯანმრთელობის ხელშეწყობის მარტივი გზაა.
"მართალია, ყავის ზომიერი რაოდენობით დალევა უსაფრთხოა, მაგრამ მისი ჭარბი მოხმარება, შესაძლოა, საზიანო იყოს. განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ", — განაცხადა მან.
მკვლევრებმა ხაზგასმით თქვეს, რომ აღმოჩენილი განსხვავებები მცირეა. მიღებული შედეგი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ყოველდღიური ჩვევები რადიკალურად შეცვალოს.
"ჩვენი შედეგები არ ნიშნავს, რომ ყავაზე უარი უნდა თქვათ ან ჩაის გადაჭარბებული მოხმარება დაიწყოთ", — აღნიშნა ლიუმ — "ეს მონაცემები უბრალოდ მიუთითებს, რომ ჩაის ზომიერად მიღება ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მარტივი გზაა. დიდი რაოდენობით ყავის სმა კი, განსაკუთრებით ალკოჰოლის მომხმარებელ ქალებში, სასურველი არ არის".
"ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მთავარი კვლავ კალციუმი და D ვიტამინია, მაგრამ თქვენს ფინჯანში არსებულ სასმელსაც შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს. ხანდაზმული ქალებისთვის ყოველდღიურად ერთი ფინჯანი ჩაის მიღება, შესაძლოა, მხოლოდ სასიამოვნო რიტუალი კი არა, ძვლების გასაძლიერებლად გადადგმული პატარა ნაბიჯიც იყოს", — დაასკვნა მეცნიერმა.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nutrients-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები