მძიმე მეტალის ჯგუფების ფესტივალზე დასწრება და აგრესიული მუსიკის მოსმენა ადამიანებს ფიზიკური ტკივილის ატანაში მნიშვნელოვნად ეხმარება. ამ საინტერესო დასკვნამდე მაქს პლანკის ადამიანის კოგნიტიური და ტვინის მეცნიერებების ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ, რომლებმაც კვლევა გერმანიაში Wacken Open Air ფესტივალზე, ღონისძიების მიმდინარეობისას, ჩაატარეს.

ექსპერიმენტში 120-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მეცნიერებმა მათი ტკივილისადმი ამტანობა სპეციალური მეთოდით შეამოწმეს: მონაწილეებს ხელი და წინამხარი ყინულიანი წყლით სავსე მოწყობილობაში უნდა ჩაეყოთ. პარალელურად სპეციალისტები მათ გულისცემასა და ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს აკვირდებოდნენ.

სიზუსტისთვის მონაცემები მათ ფესტივალის დაწყებამდეც შეაგროვეს, როდესაც მონაწილეები ტერიტორიაზე ახალი მისულები იყვნენ. ამასთანავე, შედეგების სანდოობის შესანარჩუნებლად ანალიზისას მხოლოდ იმ პირების მაჩვენებლები გამოიყენეს, რომლებმაც ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავეს ან იგი მხოლოდ მინიმალური რაოდენობით მოიხმარეს, რადგან ალკოჰოლს ტკივილის აღქმაზე გარკვეული გავლენა აქვს.

შედეგებმა აჩვენა, რომ რამდენიმე დღით მუსიკის ინტენსიურად მოსმენის შემდეგ, კონცერტების მსვლელობისას, მსმენელებს სიცივით გამოწვეული ტკივილის ატანა გაცილებით მეტხანს შეეძლოთ. ხმაურიან და აგრესიულ მუსიკას მეტალჰედების ტკივილის აღქმაზე ნეგატიური ზემოქმედება არ ჰქონია.

მეცნიერების განმარტებით, მეტალ ჯგუფების მოსმენა უშუალოდ ტკივილის შეგრძნებას არ ამცირებს და არც მონაწილეებს აქცევს მის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეს. სინამდვილეში იგი ადამიანის ფსიქოლოგიურ გამძლეობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც უსიამოვნო ფიზიკურ შეგრძნებებთან გამკლავებას აადვილებს.

მეცნიერები ამ ფენომენს იმით ხსნიან, რომ მძიმე მეტალის მოსმენისას ადამიანი დაგროვილ ბრაზსა და უსიამოვნო ემოციებს მუსიკის საშუალებით უსაფრთხოდ გამოხატავს. თავად რთული ემოციური მდგომარეობის მიღება და გადამუშავება ტკივილის ამტანობისა და ზოგადი გამძლეობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

სპეციალისტების შეფასებით, ეს აღმოჩენა ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტების სამკურნალოდ საკმაოდ პერსპექტიულია. კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტის მოსადუნებლად ძირითადად მშვიდ მუსიკას იყენებენ, თუმცა დაგროვილი ბრაზის აგრესიული მელოდიებით გამოთავისუფლებას შეიძლება უფრო ძლიერი პრევენციული ეფექტი ჰქონდეს, რომ ტკივილით გამოწვეული სტრესი ქრონიკულ პრობლემაში არ გადაიზარდოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.