ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიგონებდით, რომ ზაფხულში ცხელი სასმლის მიღება გვაგრილებს. თურქეთში ცხელი ჩაის მიღების ტრადიციას ზოგი ამასაც კი მიაწერს. სიცხეში დამატებით ცხელი სითხის მიღება ალოგიკურად ჟღერს, თუმცა რეალურად როგორ არის?

ამ მტკიცებას სიცრუეს ვერ ვუწოდებთ, თუმცა იგი უმეტესად გარემო პირობებზეა დამოკიდებული და ყველაფერი არც ისე მარტივადაა. მოდით, უფრო დეტალურად ავხსნათ:

რა პრინციპით შეიძლება გაგვაგრილოს ცხელმა სითხემ?

ცხელი სასმლის მიღებამ სხეული შეიძლება მართლაც გააგრილოს, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ პირობებში.

ერთ-ერთი საკვანძო კვლევა ამ მიმართულებით დოქტორმა ოლი ჯეიმ და მისმა გუნდმა ჩაატარეს 2012 წელს ოტავას უნივერსიტეტში. შენიშნეს, რომ ვარჯიშისას სხეულის სითბური მარაგი რეალურად მცირდებოდა, როცა მონაწილეები თბილ სითხეს იღებდნენ; ეს იმ შემთხვევებთან შედარებით, როცა მონაწილეები ცივ წყალს სვამდნენ.

ეს მოვლენა სხეულის თერმორეგულაციური მექანიზმებით აიხსნება. როცა საყლაპავსა და კუჭში სითბოს სენსორები სითხის მაღალ ტემპერატურას აფიქსირებს, ისინი ცენტრალური ნერვული სისტემისკენ მაშინვე სიგნალებს გზავნის. ამ სიგნალებს ტვინი იმის ინდიკატორად აღიქვამს, რომ სხეული გადახურების საფრთხეშია, ამიტომ ნაადრევად ააქტიურებს ყველაზე ეფექტიან მექანიზმს გაგრილებისთვის — ოფლდენას.

ცხელი სითხის დალევისას სხეული ოფლს იმაზე სწრაფად და ინტენსიურად გამოყოფს, ვიდრე მხოლოდ თავად სითხისაგან შემოტანილი ტემპერატურის გასანეიტრალებლად არის საჭირო. მაგრილებელ ეფექტს არა თავად ოფლდენის პროცესი, არამედ ოფლის აორთქლება იწვევს. როცა ოფლი თხევადიდან აირად მდგომარეობაში გადადის — და ეს კანზე ხდება — სხეულიდან იგი სითბურ ენერგიას შთანთქავს, ეს კი შედეგად სხეულის საერთო ტემპერატურას ამცირებს. აორთქლებისაგან გამოწვეული სითბური დანაკარგი იმაზე მეტი გამოდის, ვიდრე ცხელი სითხისაგან მიღებული სითბური ენერგია.

როდის ვერ გვაგრილებს ცხელი სითხეები?

ზემოთ მოყვანილი პრინციპი, ცხადია, უნივერსალური არ არის. აორთქლებისაგან გამოწვეული გაგრილება უმეტესად ატმოსფერულ პირობებზეა დამოკიდებული, კერძოდ: თუ გარშემო ჰაერი ძალიან ნესტიანია ან ადამიანს სქელი სამოსი აცვია, რომელიც ჰაერს ცუდად ატარებს, ოფლი ეფექტიანად ვერ აორთქლდება. იგი უბრალოდ კანზე დარჩება და გაგრილების ნაცვლად უბრალოდ დისკომფორტს შექმნის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2012 წლის ზემოხსენებული კვლევის ფარგლებში ოფლს სრულად აორთქლებდნენ ვენტილატორით, რეალურ ცხოვრებაში კი მსგავსი იდეალური პირობები ნაკლებად გვაქვს. შესაბამისად, შესაძლოა, მიგნებები რეალურ სიტუაციებზე ვერ განზოგადდეს.

შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ცხელმა სასმელმა მართლა გაგვაგრილოს, ოღონდ ამისათვის გარემო პირობები უნდა გვიწყობდეს ხელს. და მაინც, ცივი სითხის მიღება ნებისმიერ შემთხვევაში უფრო გონივრული გამოსავალია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.