ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
ფოტო: NASA/JPL-Caltech/R. Hurt
ასტრონომებმა უჩვეულოდ მასიური და მკვრივი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მყარი პლანეტების ფორმირების შესახებ გავრცელებულ თეორიებს გამოწვევის წინაშე აყენებს. მას GJ 523b ეწოდება, დედამიწაზე განიერია და მასითაც აღემატება.
ასეთი მახასიათებლების მქონე ობიექტებს მეცნიერები "მეგა-დედამიწებად" მოიხსენიებენ ხოლმე. ამ კატეგორიაში მასიური და ძირითადად კლდოვანი ეგზოპლანეტები შედის. GJ 523b-ის მაღალი სიმკვრივე მიანიშნებს, რომ მას მხოლოდ თხელი ატმოსფერო უნდა ჰქონდეს, არადა მსგავსი მოზრდილი სხეულების გარშემო, ჩვეულებრივ, სქელი აირადი გარსის ჩამოყალიბებაა მოსალოდნელი.
GJ 523b პირველად კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ით დააფიქსირეს და კანდიდატი ეგზოპლანეტის სტატუსი მიანიჭეს. შემდეგ მას არიზონაში მდებარე კიტ-პიკის ობსერვატორიიდან დააკვირდნენ და სპექტროგრაფით გაზომეს, როგორი გრავიტაციული გავლენა აქვს ეგზოპლანეტას თავის ვარსკვლავზე.
მონაცემთა შეჯერების შედეგად დაადგინეს, რომ GJ 523b-ის რადიუსი დედამიწისას 1.55-ჯერ აჭარბებს, მასა კი — 23.5-ჯერ. მისი სიმკვრივე კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 7.74 გრამია. ეგზოპლანეტა ვარსკვლავის გარშემო შემოვლას 17.75 დღეს ანდომებს, ხოლო სისტემის ასაკი 170 მილიონ წლამდეა, ანუ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.
ამგვარი მახასიათებლებისა და ასაკის ერთობლიობა კლდოვანი პლანეტების ფორმირებაზე მსჯელობის მხრივ თავსატეხს აჩენს. მათი ჩამოყალიბება ქვებისა და ლითონების შემცველი ბირთვიდან იწყება, შემდეგ კი ვარსკვლავის დისკოდან წყალბადისა და ჰელიუმის მიზიდვით გრძელდება. ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში არსებული გიგანტური პლანეტები (იუპიტერი, სატურნი) განვითარების ამ მეორე ეტაპზე მას მერე გადავიდა, რაც მათმა ბირთვმა დედამიწის მასას 20-ჯერ გადააჭარბა.
ვინაიდან GJ 523b ჩვენს პლანეტაზე 23-ჯერ მასიურია, ეს სცენარი მის ევოლუციას ვერ ესადაგება. ის აირებით მდიდარ სხეულად არ ჩამოყალიბებულა, არამედ სულ სხვანაირად განვითარდა: კლდოვანი შედგენილობა ჭარბად შეინარჩუნა, აირები კი — ნაკლებად.
მეცნიერთა ერთი ვარაუდის თანახმად, GJ 523b-ის თავდაპირველად სქელი ატმოსფერო ჰქონდა, თუმცა ის დაკარგა. სხვა მოსაზრებით, იგი ორი ობიექტის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა — მყარი მასა გაერთიანდა, აირების დიდი ნაწილი კი კოსმოსში გაიფანტა.
აღსანიშნავია, რომ "მეგა-დედამიწა" ეგზოპლანეტების ოფიციალური კატეგორია არაა. ამის მიუხედავად, შესაძლოა, მსგავსი სხეულების მთელი პოპულაცია არსებობდეს და საქმე იშვიათ გამონაკლისებთან სულაც არ გვქონდეს.
ნაშრომი გამოცემა The Astronomical Journal-ში გამოსაქვეყნებლად წარადგინეს. მას ჯერ რეცენზირება არ გაუვლია.
კომენტარები