ორშაბათს, 18 აგვისტოს, OpenAI-მ მოზარდებისთვის ChatGPT-ის დიდი ხნის ნანატრი ვერსია წარადგინა. ის მშობელთა კონტროლის ფუნქციას მოიცავს და რეალურ სამყაროში ურთიერთობების წახალისებას ცდილობს. პირდაპირი პასუხების ნაცვლად კი სწავლაზეა ფოკუსირებული.

ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, განაახლებს დისკუსიას, საერთოდ უნდა იყენებდნენ თუ არა მოზარდები ჩატბოტებს. ასევე ჩნდება კითხვა, რატომ არ იყო ეს დამცავი მექანიზმები პროდუქტში თავიდანვე ჩართული. ChatGPT-ის დებიუტი 2022 წლის ბოლოს შედგა. მისმა ყოველკვირეულმა მომხმარებელთა რაოდენობამ კი 900 მილიონს მიაღწია, სანამ სპეციალურად მოზარდებისთვის შექმნილი დაცვის მექანიზმები დაემატებოდა.

სურათის ატვირთვამდე გაფრთხილება: სისტემა მოსწავლეს სთხოვს, ატვირთვამდე გადაამოწმოს, ფოტო სენსიტიურ ინფორმაციას ხომ არ შეიცავს.

ფოტო: OpenAI

ChatGPT for Teens-ის ფუნქციები:

  • 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სპეციალური დაცვა;
  • სწავლის რეჟიმი: მზა პასუხების ნაცვლად, მასალის გაგებაში ნაბიჯ-ნაბიჯ ეხმარება;
  • მშობელთა კონტროლი: მშობლებს შეუძლიათ პარამეტრებისა და გამოყენების პირობების მართვა;
  • გაძლიერებული უსაფრთხოების ფილტრები: დამატებითი დაცვა თვითდაზიანების, კვებითი აშლილობების, ძალადობისა და შემაშფოთებელი შინაარსისგან;
  • საშინაო დავალების შეხსენებები: სისტემა ცნობს, როცა მოზარდი დავალებას უბრალოდ გადაიწერს, და მას სწავლის რეჟიმისკენ მიმართავს;
  • სწავლის საათები: ოჯახებს შეუძლიათ დაწესონ სასწავლო დრო, როცა სწავლის რეჟიმი ავტომატურად ირთვება;
  • გამაფრთხილებელი შეტყობინებები მშობლებს: მაღალი რისკის შემთხვევებში, მათ შორის კვებით აშლილობებთან დაკავშირებით, მშობლები გაფრთხილებას იღებენ;
  • შესვენების შეხსენებები: ხანგრძლივი გამოყენებისას მოზარდს ახსენებენ, რომ AI-სთან საუბრობს, და სენსიტიური სურათების ატვირთვამდე აფრთხილებენ;
  • ChatGPT მოზარდებთან რომანტიკულ ან ალერსიან ენას აღარ გამოიყენებს და აღარც გრძნობებზე ან ცნობიერებაზე მიანიშნებს.

OpenAI აცხადებს, რომ ცვლილებები მიზნად ანთროპომორფიზმის (ჩატბოტისთვის ადამიანური თვისებების მიწერას) და ემოციური დამოკიდებულების შემცირებას ისახავს. სისტემა მომხმარებელს მოზარდების ვერსიაზე ავტომატურად გადაიყვანს, თუ ის 13-დან 17 წლამდე ასაკს თავად მიუთითებს, ან OpenAI-ის ასაკის პროგნოზირების სისტემა მას 18 წელზე უმცროსად შეაფასებს.

სწავლის რეჟიმი: სისტემა მოსწავლეს ჯერ ეკითხება, პასუხი სურს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ახსნა, და მხოლოდ ამის შემდეგ პასუხობს.

ფოტო: OpenAI

"მოზარდებისთვის დაცულ სივრცეს თუ არ შევქმნით, ისინი მოდელის ნაკლებად უსაფრთხო ვერსიას მაინც გამოიყენებენ", — განაცხადა ლორენ ჯონასმა, OpenAI-ის ახალგაზრდობისა და ოჯახების მიმართულების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ეს ინსტრუმენტები თავიდანვე დაცული უნდა იყოს, მოზარდებს კი ახალ ტექნოლოგიებთან უსაფრთხოდ ურთიერთობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

გაურკვეველია, მოზარდები ამ სისტემას გვერდს რამდენად მარტივად აუვლიან. ისინი მშობელთა კონტროლს, ჩვეულებრივ, იოლად ერევიან. ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, სინამდვილეში ეს მექანიზმები რამდენად ეფექტიანი იქნება.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ბავშვები და უმცროსი ასაკის მოზარდები AI სისტემებთან ურთიერთობებს საერთოდ არ უნდა აყალიბებდნენ.

"სოციალური AI კომპანიონები ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის. ისინი ემოციური მიჯაჭვულობისა და დამოკიდებულებისთვისაა შექმნილი, რაც მოზარდის განვითარებად ტვინს განსაკუთრებით უქმნის საფრთხეს", — თქვა Common Sense Media-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ სტეიერმა, გასულ წელს გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდებთან ურთიერთობის გამო OpenAI არაერთი სასამართლო დავის წინაშე დგას. მათ შორისაა გახმაურებული სარჩელიც, რომელიც 16 წლის მოზარდის ოჯახმა შეიტანა მას შემდეგ, რაც მოზარდმა ChatGPT-სთან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ თავი მოიკლა. კომპანიამ გასულ წელს პირობა დადო, რომ ახალგაზრდებისა და კრიზისში მყოფი მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების ზომებს გაზრდიდა. სექტემბერში მან მშობელთა კონტროლის ფუნქციაც დაამატა.

სწავლის საათები: მშობლებს შეუძლიათ დააწესონ დრო, როცა ChatGPT პასუხის ნაცვლად მოსწავლეს კითხვებითა და მინიშნებებით დაეხმარება.

მოზარდები უკვე მასობრივად იყენებენ AI-ს. Common Sense Media-ს გასული წლის კვლევის თანახმად, აშშ-ის მოზარდების თითქმის სამ მეოთხედს AI კომპანიონად ჰყავს. მათი ნახევარზე მეტი მას თვეში რამდენჯერმე მაინც იყენებს. მალე ბავშვები სკოლის გავლითაც მიიღებენ AI-სთან წვდომას: გასულ კვირას Google-მა თავისი ჩატბოტი, Gemini, K-12 სკოლების Google Classroom-ში ჩართო.

თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის