ჩინეთში მაგლევის ტიპის ექსპერიმენტულმა მატარებელმა ძველი რეკორდი გააუმჯობესა. მან 0-იდან 800 კილომეტრი საათის მიღწევა სულ რაღაც 5.3 წამში შეძლო. ეს კომერციული თვითმფრინავის კრეისერულ სისწრაფეს უახლოვდება.

მატარებელი 1-კილომეტრიან სატესტო გზაგზე გამოცადეს, რომელიც ხუბეის პროვინციაში მდებარე აღმოსავლეთის ტბის მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ლაბორატორიის ტერიტორიაზეა. რეკორდი 2025 წლის მიწურულს დამყარდა, მაგრამ ამ სიახლემ ჩინეთის ფარგლებს გარეთ ახლაღა გააღწია. იმავე წლის დასაწყისიდან დღემდე ეს ამ რკინიგზაზე დამყარებული მესამე რეკორდია. ერთი-ერთი ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ:

ლაბორატორიაში ადრე განაცხადეს, რომ ისეთი მაგლევის შექმნის იმედი აქვთ, რომელიც 1000 კმ/სთ სიჩქარის იქნება. ასეთი მატარებლები მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიის მეშვეობით მოძრაობს, ანუ მაგნიტური ველის დახმარებით რელსების გასწვრივ ჰაერში გადაადგილდება, ზედაპირთან ახლოს. ამით სისტემა ხახუნს იცილებს თავიდან, შედეგად კი უფრო მშვიდად და სწრაფად მოძრაობს.

რელსები ელექტრომაგნიტებს შეიცავს, რომლებიც პოლუსებს ელექტრული დენის მეშვეობით იცვლის. პოლუსები ისეა მომართული, რომ თავდაპირველად ვაგონის წინა მხარე მიიზიდოს, ხოლო მისი გავლისთანავე უკნიდან უბიძგოს.

ასეთი კომბინაცია მატარებელს წინ ამოძრავებს, როგორც მუდმივ "ტალღას". სიჩქარის კონტროლი სწორედ ელექტრომაგნიტური პოლუსების ცვლილებითაა შესაძლებელი. პროცესი პირდაპირპროპორციულია — რაც უფრო სწრაფად მონაცვლეობს პოლუსები, მით უფრო ჩქარა გადაადგილდება ვაგონი და პირიქით.

"მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ვაგონის წინსვლა 'უხილავმა ხელმა' განაპირობა — ელექტრომაგნიტურმა ამძრავმა. დენის მიმართულების ცვლილება მაგნიტური პოლუსების გადანაცვლებას იწვევს, რაც ძალის მიმართულებას განსაზღვრავს", — წერს ერთ-ერთი ჩინური მედია.

2026 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით სულ 6 მაგლევი მუშაობს: სამი ჩინეთშია, ორი სამხრეთ კორეაში, ერთი კი — იაპონიაში. ახალი ტექნოლოგია შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სულაც არ გამოიყენონ, არამედ სამხედრო ან აეროკოსმოსური დანიშნულება მოუძებნონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.