დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
ფოტო: Cassie Smith/Blue Dolphin Marine Tours
შუბებიდან და ბორბლის გამოგონებიდან დაწყებული, სმარტფონებითა და რობოტებით დამთავრებული, ადამიანები დასაბამიდანვე იარაღებს ქმნიდნენ და იყენებდნენ. იარაღების გამოყენება ახალი გარემოს ათვისებას, კომუნიკაციის გაუმჯობესებას და საბოლოოდ, ადამიანის ევოლუციის მიმართულების შეცვლას ემსახურებოდა.
მაგრამ, იარაღებს მხოლოდ ადამიანები არ იყენებენ. სანშაინ-კოასტის უნივერსიტეტის მკვლევარმა ალექსის ლევენგუდმა და მისმა გუნდმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელიც ჟურნალ Marine Mammal Science-ში გამოქვეყნდა და აჩვენებს, რომ დელფინებს თევზზე ნადირობისას ნიჟარების გამოყენება შეუძლიათ. შესაძლოა, ისინი იარაღის ამგვარ გონივრულ გამოყენებას დედებისგან სწავლობენ.
ადამიანის განსაკუთრებულობის ეჭვქვეშ დაყენება
ცხოველთა სამყაროში იარაღების გამოყენება იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ცხოველებში იარაღის გამოყენების ერთ-ერთი პირველი დოკუმენტირებული ჩანაწერი 1960-იანი წლებით თარიღდება, როდესაც ლეგენდარული პრიმატოლოგი ჯეინ გუდალი შიმპანზეებს აკვირდებოდა, რომლებიც ფუღუროებიდან ტერმიტების ამოსაყვანად ჯოხებს იყენებდნენ. ამან რწმენა, რომ იარაღის გამოყენება მხოლოდ ადამიანისთვის იყო დამახასიათებელი, ეჭვქვეშ დააყენა.
მას შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ პრიმატები თხილისა და ხილის გასატეხად ქვებს ჩაქუჩების მსგავსად იყენებენ.
დასავლეთ ავსტრალიაში დელფინების მკვლევრებმა აღმოაჩინეს დელფინები, რომლებიც კალათისებრ ღრუბლებს ცხვირზე იმაგრებენ, რათა ნამტვრევებით მოფენილ ზღვის ფსკერზე ნადირობა გაიმარტივონ. დელფინები ჯამის ფორმის ღრუბლებს — ზღვაში არსებულ ორგანიზმებს, ზღვის ღრუბლებს — თავიანთი ცხვირის დამცავ შალითად იყენებენ, რაც მათ იცავს, სანამ დამტვრეული მარჯნების, ნიჟარებისა და ქვების მიღმა დამალულ თევზებს აფრთხობენ და გამოდევნიან. მკვლევრები ამ ქცევას ღრუბლით ნადირობას (sponging) უწოდებენ.
ახალი კალედონიის ყვავები ხეების ვიწრო ნაპრალებიდან მატლების ამოსაყვანად ტოტებისგან კაუჭებს, ფოთლებისგან კი დაკბილულ "დანებს" ამზადებენ. დაფიქსირებულია, რომ რვაფეხებს პორტატიული თავშესაფრების ასაშენებლად ქოქოსის ნაჭუჭები მიაქვთ.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ცხოველების მიერ იარაღების გამოყენების მრავალი დაკვირვებიდან, რომლებიც მკვლევრებმა წლების განმავლობაში შეაგროვეს.
ველურ ბუნებაში იარაღის გამოყენების შემთხვევით აღმოჩენა
სამხრეთ-აღმოსავლეთ ქუინსლენდში, გრეით-სენდის საზღვაო პარკის (Great Sandy Marine Park) ადგილობრივი დელფინების პოპულაციების შესწავლისას, მკვლევართა გუნდი ველურ ბუნებაში დელფინების მიერ იარაღის გამოყენებას შემთხვევით გადააწყდა.
მკვლევრები კვლევითი ნავიდან ინდო-წყნაროკეანური აფალინების (Tursiops aduncus) ნადირობის ქცევას აკვირდებოდნენ, რომელსაც "ნიჟარით ნადირობას" (shelling) ეძახიან: დელფინი თევზს დიდ, ცარიელ ნიჟარაში ერეკება, შემდეგ ნიჟარას ზევით წევს და წყლის ზედაპირზე ისე ატრიალებს, რომ თევზი პირდაპირ პირში ჩაუცვივდეს.
აფალინების მიერ ნიჟარით ნადირობის ისტორიული დაკვირვებები გრეით-სენდის საზღვაო პარკში, ქუინსლენდი, ავსტრალია, დაფიქსირებული Blue Dolphin Marine Tour-ის ბორტიდან. (a) ნიჟარით ნადირობის ფოტო, გადაღებული 2013 წლის 12 ივნისს. (b) ნიჟარით ნადირობის ფოტო, გადაღებული 2019 წლის 1-ელ აპრილს.
ფოტო: The Conversation
2025 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე მკვლევრები ორ ზრდასრულ მდედრ დელფინს დააკვირდნენ, რომლებიც ნიჟარით ნადირობდნენ. ვიდეოკამერებითა და დრონებით, მკვლევართა გუნდმა ორივე შემთხვევის კადრები გადაიღო.
ეს დაკვირვებები უკვე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მანამდე ნიჟარით ნადირობა დაფიქსირებული იყო მხოლოდ შარკის ყურეში (Shark Bay), დასავლეთ ავსტრალიაში.
ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან საუბრისას მკვლევრებმა გაიგეს, რომ ნიჟარით ნადირობა 2013 და 2019 წლებში გრეით-სენდის საზღვაო პარკშიც შეუნიშნავთ და გადაუღიათ. ეს ძველი სურათები აჩვენებს, რომ ამ პოპულაციაში მსგავსი ქცევა მოსალოდნელზე დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მაგრამ რეგიონში შეზღუდული კვლევების გამო შეუმჩნეველი რჩებოდა.
დედები ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლები არიან
ქუინსლენდში ნიჟარით ნადირობის ჩანაწერები აჩვენებს, რომ ავსტრალიის საპირისპირო (ერთმანეთისგან 6000-ზე მეტი კილომეტრით დაშორებულ) მხარეებზე მყოფმა დელფინებმა იარაღების ზუსტად ერთნაირად გამოყენება, სავარაუდოდ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ისწავლეს.
ადგილები, სადაც დელფინები ნიჟარით ნადირობენ
დელფინები, რომლებიც ნიჟარებს სანადირო იარაღად იყენებენ, ერთმანეთისგან 6000-ზე მეტი კილომეტრით არიან დაშორებული
ფოტო: The Conversation
ეს ხაზს უსვამს, რა ჭკვიანი, გონიერი და ინოვაციური არსებები არიან დელფინები. და რადგან აქ ეს ქცევა ათზე მეტი წლის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო, ჩნდება კითხვა: ხომ არ გამოგვრჩა იგი ავსტრალიის სხვა ნაწილებსა და მთელ მსოფლიოში? მკვლევრები კიდევ უფრო საინტერესო რამის მოწმენი გახდნენ.
2025 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული მეორე მდედრის ნაშიერმა ნიჟარა დედის მიერ მისი დაგდებიდან რამდენიმე წუთში აიღო. მკვლევართა გუნდმა კადრები გადაიღო, სადაც ნაშიერს დედის მსგავსად ნიჟარა წყლის ზედაპირზე უჭირავს, საიდანაც, როგორც ჩანს, ხვლიკთევზაა გადმოკიდებული.
ეს კადრები დედისგან სოციალური გადაცემის პირველ პოტენციურ მტკიცებულებას იძლევა, როდესაც ნაშიერი ნიჟარით ნადირობას დედაზე დაკვირვებით სწავლობს.
2025 წლის 6 ივლისს გრეით-სენდის საზღვაო პარკში (ქუინსლენდი, ავსტრალია) დაფიქსირებული ნიჟარით ნადირობის ამსახველი ფოტომიმდევრობა
ფოტო: The Conversation
ეს თეორია საკვების მოპოვების სხვა დახვეწილ ტექნიკებსაც შეესაბამება, როგორიცაა ღრუბლით ნადირობა (sponging). იმის გამო, რომ ნაშიერები დედებზე დიდი ხნის განმავლობაში არიან დამოკიდებულნი, მათ სასწავლად საკმარისი დრო აქვთ.
ასე რომ, ისევე, როგორც ადამიანების შემთხვევაში, ნაშიერის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებლები, დედები, სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ჭკვიანური ხრიკი სადილისთვის?
მაშ, რატომ მიმართავს ზოგიერთი დელფინი ნიჟარით ნადირობას? იმისთვის, რომ ამ ხერხით ნადირობა გაიმარტივონ? შესაძლოა, ეს ნასწავლი უნარი დელფინებს შორის საკვების მოპოვებაში კონკურენციის შემცირებაშიც ეხმარება? თუ ეს უბრალოდ სადილის მოპოვების ჭკვიანური ხრიკია?
ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია და ბევრი კითხვაა, რომელთა დასმასა და გარკვევასაც მკვლევრები დროთა განმავლობაში იმედოვნებენ.
ამ ეტაპზე მკვლევრებს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ ავსტრალიაში ზოგიერთი დელფინი ნიჟარით ნადირობას მიმართავს და იარაღის ეს ინოვაციური გამოყენება სწავლის გზით, ინდივიდიდან ინდივიდზე ვრცელდება.
კომენტარები