ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისი ბევრს წარმოუდგენია, როგორც მშვიდი, გაწონასწორებული და მზრუნველი. სინამდვილეში, ეს მდგომარეობა წამლების მეშვეობით მიიღწეოდა: ბრომიდის, ქლორალჰიდრატის, ქაფურისა და მორფინის ნარევის, ასევე ლიდია პინკჰემის ბოსტნეულის ნაერთის. ამ უკანასკნელს დიასახლისებს "ქალური ჩივილებისთვის" უნიშნავდნენ. მაშასადამე, მათ სიმშვიდეს გარკვეულწილად მედიკამენტები განაპირობებდა.

ვიქტორიანული ეპოქის ექიმები საშუალო ფენის წარმომადგენელ ქალებს ოპიატებს (ნარკოტიკული საშუალებები) რუტინულადაც კი უნიშნავდნენ. მაგალითად, მსგავს პრეპარატებს იღებდნენ მენსტრუალური ტკივილისას, ნერვების დასამშვიდებლად და მდგომარეობებისთვის, რომლებიც შფოთვას ან, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილებას გულისხმობდა.

1859 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, მენსტრუალური ტკივილის სტანდარტული სამკურნალო საშუალება ოპიუმი უნდა ყოფილიყო. ეს ნაშრომი დიდი ხნის განმავლობაში ამერიკულ მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნეოდა. 1851 წელს სამედიცინო გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ექიმები დიასახლისებს დამამშვიდებლებს "ზედმეტად ფრთხილადაც" კი უნიშნავდნენ. სტატიის თანახმად, მენოპაუზის დროს ქალებისთვის ოპიუმი უფრო ხშირად უნდა დაენიშნათ.

ისტორიკოს დევიდ კორტრაიტის კვლევის მიხედვით, 1900 წლისთვის ამერიკაში ოპიუმზე დამოკიდებული ადამიანების თითქმის 2/3 ქალი იყო. მათში უმეტესწილად საშუალო და მაღალი ფენის თეთრკანიანი მოსახლეობის წარმომადგენლები მოიაზრებოდნენ. ამ ყველაფერში განსაკუთრებით დიდი როლი თავად სამედიცინო ინდუსტრიამ შეასრულა. კერძოდ, აფთიაქებში თაროებზე ისეთი დასახელების პროდუქტებს შეხვდებოდით, როგორიცაა "ქალების მეგობარი". ცხადია, ისინი საზიანო ან არაეფექტიანი იყო, თუმცა მარკეტინგი ამართლებდა.

მკვლევარი ჯოზეფ კროუფორდი აღნიშნავს, რომ კაცები ოპიატებს შემოქმედებითი სტიმულისთვის იღებდნენ. მეორე მხრივ, ქალები ასეთ პრეპარატებს "გადასარჩენად" მოიხმარდნენ, ე.ი. შფოთვასთან და ინსომნიასთან საბრძოლველად, ყოველდღიურ საზრუნავთან გასამკლავებლად და სახლის საქმეებში პროდუქტიულობისთვის.

მაშასადამე, ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისების დიდი ნაწილი მშვიდი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილების გამო კი არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ამ სიმშვიდის შენარჩუნებაში მთელი ფარმაცევტული ინდუსტრია "ეხმარებოდა".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.