OpenAI ტექსტურ ჩატებზე დაწესებულ შეზღუდვებს ChatGPT-ის ყველა მომხმარებლისთვის აუქმებს. კომპანიის განცხადებით, სერვისმა ცოტა ხნის წინ ყოველკვირეული მომხმარებლების 1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა.

ამ ფუნქციას ახალი მოდელი, GPT-5.6 Luna, უზრუნველყოფს, ის Free და Go მომხმარებლებისთვის სტანდარტული მოდელი გახდება და GPT-5.5-ს ჩაანაცვლებს.

ორივე ტიპის მომხმარებელი ასევე მიიღებს ახალ ღილაკს "Think", რომელიც მათ რთული კითხვებისთვის მსჯელობის უფრო მაღალი სიმძლავრის არჩევის საშუალებას მისცემს. OpenAI-მ განაცხადა, რომ ფაილების, სურათების, ხმისა და გამოსახულების გენერირებისთვის ცალკეული შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს.

"ფიქრის" ღილაკი

ფოტო: OpenAI

განახლებას ცვლილებები Plus და Pro მომხმარებლებისთვისაც მოაქვს. ისინი განახლებულ GPT-5.6 Sol მოდელზე წვდომას მიიღებენ, რომელიც ისეთ სწრაფ ამოცანებს, როგორიცაა კითხვებზე პასუხის გაცემა, ძიება, რჩევების გაცემა, დაგეგმვა, წერა და გადაწყვეტილებების მიღება, უკეთესად უმკლავდება. კომპანიამ აღნიშნა, რომ ახალი მოდელი უფრო კომპაქტურ და საფუძვლიან პასუხებს გასცემს.

ChatGPT Plus და Pro მომხმარებლები აზროვნების სლაიდერსაც მიიღებენ, რომლის საშუალებითაც დაარეგულირებენ, მოდელმა პასუხის გაცემას "რამდენი ფიქრი" დაუთმოს. მომხმარებლებს შეეძლებათ სლაიდერი მოთხოვნის სირთულისა და გადაწყვეტისთვის საჭირო ნაბიჯებს მოარგონ.

"ფიქრის" სიმძლავრის სლაიდერი

ფოტო: OpenAI

OpenAI-ს თქმით, შიდა შეფასებამ აჩვენა, რომ GPT-5.5-Instant-თან შედარებით, GPT-5.6 Luna-ს შემთხვევაში ფაქტობრივი შეცდომები 62%-ით ნაკლები, ხოლო GPT-5.6 Sol-ის შემთხვევაში 68%-ით ნაკლები იყო.

GPT-5.6 Sol-ის განახლებული ვერსია Plus და Pro მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო Free და Go მომხმარებლებისთვის სხვა ცვლილებები ამ კვირაში ამოქმედდება. შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებსა და რთული კითხვებისთვის განკუთვნილ ახალ Think ღილაკზე წვდომას მომხმარებლები მომავალ კვირას მიიღებენ.

თუ ხელოვნური ინტელექტი და ამ სფეროში მიმდინარე სიახლეები შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჩვენს ჯგუფში — AI ყველასთვის