25 ივლისს დასავლეთ გრენლანდიაში, ილულისატის სანაპიროსთან უზარმაზარი აისბერგი გადატრიალდა. ამან ძლიერი ტალღები წარმოშვა. საქმე ისაა, რომ აისბერგის გადაბრუნებისას დიდი რაოდენობის ენერგია გამოიყოფა. ეს ტურბულენტობასა და დიდ ტალღებს წარმოქმნის. უეცარი გადატრიალების შედეგად აისბერგის ის მხარეც გამოჩნდა, რომელსაც აქამდე წყალი ფარავდა.

ეს დრამატული მომენტი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა გადაიღო. მოვლენა ისლანდიიდანაც გამოჩნდა, კადრები ამ ქვეყნიდანაც ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ აისბერგი ნაპირს მნიშვნელოვნად არ მიახლოებია. შემთხვევის შედეგად არავინ და არაფერი დაზიანებულა.

გადატრიალება წყალქვეშ ყინულის არათანაბარმა დნობამ გამოიწვია. მას შემდეგ, რაც აისბერგის ჩაძირული ნაწილი ეტაპობრივად დადნა, სიმძიმემაც გადაინაცვლა. შედეგად აისბერგმა წონასწორობა დაკარგა და გადატრიალდა. ექსპერტების თქმით, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, რომელიც გრენლანდიაში ხშირად ხდება.

ინციდენტი ილულისატის ყინულოვან ფიორდთან მოხდა. 2004 წლიდან მოყოლებული ამ ადგილს UNESCO იცავს. ქალაქ ილულისატს ხშირად "აისბერგების დედაქალაქად" მოიხსენიებენ. აქაურობა სავსეა აისბერგებით, რომლებიც Sermeq Kujalleq-ის მყინვარს წყდება. სხვათა შორის, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მყინვარია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გრენლანდიაში აღნიშნული ინციდენტის მსგავსი მოვლენები გასაკვირი სულაც არაა.

იმის მიუხედავად, რომ აისბერგების გადატრიალება გრენლანდიაში ხშირია, ეს მოვლენა ძირითადად მოულოდნელად ხდება. პროცესის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი ტალღები ახლომდებარე ნავებსა თუ ადამიანებს საფრთხეს უქმნის. სწორედ ამიტომ, ექსპერტები და ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდეს, რომ არასტაბილური აისბერგებისგან მაქსიმალურად შორს იარონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.