ალბათ შეგინიშნავთ, რომ განსაკუთრებით გემრიელი ან საკვები ნივთიერებებით მდიდარი კერძები უფრო კარგად გახსოვთ, ვიდრე უბრალო წასახემსებელი. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამის მიზეზი შეიძლება ნაწლავებში იმალებოდეს: ნაწლავები ტვინს სიგნალს უგზავნის და ეხმარება გადაწყვიტოს, რომელი საკვების დამახსოვრება ღირს.

კვლევა მიუთითებს, რომ ნაწლავები მეხსიერების ფორმირებას შეიძლება უწყობდეს ხელს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოცდილება საკვების პოვნასა და მოხმარებას გულისხმობს. Nature Communications-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ ცთომილი ნერვი შეისწავლა, რომელიც საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ტვინს შორის ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი საკომუნიკაციო გზაა. უკვე ცნობილია, რომ ამ ნერვს საჭმლის მონელებაზე, მადასა და სისავსის შეგრძნებაზე აქვს გავლენა. ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ მას ინფორმაციის გადატანაც შეუძლია, რომელიც ტვინს მოგონებების შენახვაში ეხმარება.

როგორ აღწევს ნაწლავური სიგნალები მეხსიერების ცენტრამდე

ვირთხებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ საკვები ნივთიერებებით მდიდარი საჭმლის მიღება ჰიპოკამპთან დაკავშირებულ ნეირონებში აცეტილქოლინის გამოყოფას ზრდის. ჰიპოკამპი სწავლასა და მეხსიერებაში ცენტრალური როლის მქონე ტვინის რეგიონია. აცეტილქოლინი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც ტვინს ახალი ინფორმაციის ჩაწერასა და მოგონებების ფორმირებაში ეხმარება. ეს ზრდა ნაწლავიდან ცთომილი ნერვის გავლით გამავალ შეტყობინებებზე იყო დამოკიდებული.

როდესაც მკვლევრებმა ცთომილი ნერვის გასწვრივ კომუნიკაცია დაარღვიეს, ცხოველებში ჭამის შემდეგ აცეტილქოლინის დონე აღარ იზრდებოდა. ვირთხებს ასევე გაუჭირდათ იმ ტესტების შესრულება, რომლებიც მოითხოვდა, გაეხსენებინათ, ცოტა ხნის წინ საკვები სად იპოვეს.

ვირთხის ორგანიზმში საკვები ნივთიერებები ნაწლავიდან ცთომილი ნერვის მეშვეობით სიგნალს ტვინში გზავნის — კონკრეტულად, ტვინის ღეროსა (mNTS) და მედიალურ სეპტუმში (MS), საიდანაც აცეტილქოლინის გამოყოფა ხდება ჰიპოკამპში (HPCd), რაც მეხსიერების ფორმირებას უწყობს ხელს

ფოტო: სკოტ კანოსკი / Nature

საკვები ნივთიერებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტკბო

ექსპერიმენტებმა ასევე აჩვენა, რომ ტვინის მეხსიერების სისტემა საჭმლის კვებით შემცველობაზე რეაგირებდა და არა მხოლოდ იმაზე, რამდენად სასიამოვნო ან ტკბილი იყო.

შაქრის ან ცხიმის მომხმარებელმა ვირთხებმა მეხსიერებასთან დაკავშირებულ ტვინის გზებში ძლიერი აქტივობა აჩვენეს. ამის საპირისპიროდ, ცხოველებში, რომლებსაც დაბალკალორიული ან არაკალორიული, ტკბილი გემოს მქონე სითხეები მისცეს, იგივე რეაქცია არ გამოწვეულა.

შედეგები მიუთითებს, რომ ტვინი გემოსა და რეალურ კვებით ღირებულებას განასხვავებს. მხოლოდ ტკბილი გემო მეხსიერებასთან დაკავშირებული გზის გასააქტიურებლად საკმარისი არ იყო.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მექანიზმი, სავარაუდოდ, განვითარდა იმისთვის, რომ ცხოველებს საკვების წყაროების შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში დახმარებოდა", — ამბობს კვლევის თანაავტორი, კანოსკის ლაბორატორიის დოქტორანტი, ლოგან ლაუერი. იმის გახსენება, სად აღმოცენდება გარკვეული მცენარეები პირველად გაზაფხულზე, მშიერ ცხოველებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების პოვნაში შეიძლება დაეხმაროს. ნაწლავებიდან მიღებული სიგნალები ტვინს ეუბნება: "ამ საკვებმა უზრუნველყო ღირებული საკვები ნივთიერებები, ამიტომ გახსოვდეთ, სად და როგორ მიიღე ის".

რატომ არის საკვების მდებარეობის მოგონებები მნიშვნელოვანი

ველური ბუნებაში მცხოვრები არსებებისთვის საიმედო საკვების წყაროს ადგილმდებარეობის დამახსოვრება გადარჩენისთვის აუცილებელი შეიძლება იყოს. როცა საკვები სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია, ნაწლავები ტვინს სიგნალს უგზავნის და ტვინი იმახსოვრებს, სად და როგორ იშოვეს ეს საკვები.

ამან შეიძლება ახსნას, რატომ ხდება საკვებთან დაკავშირებული ზოგიერთი გამოცდილება განსაკუთრებით დასამახსოვრებელი. სხეული, შესაძლოა, ისეა შექმნილი, რომ უფრო მეტ მნიშვნელობას იმ საკვებს ანიჭებდეს, რომელიც ენერგიას ან ძვირფას ნივთიერებებს აწვდის.

არაჯანსაღი დიეტა შეიძლება ამ გზას ასუსტებდეს

მიუხედავად იმისა, რომ შაქრითა და ცხიმით მდიდარი საკვები ძლიერ ხანმოკლევადიან მეხსიერების რეაქციებს წარმოქმნიდა, ამ საკვების ხშირმა ზემოქმედებამ დროთა განმავლობაში საპირისპირო ეფექტი გამოიღო.

ვირთხებმა, რომლებიც ადრეულ ასაკში ცხიმიან და შაქრიან საკვებს მიირთმევდნენ, მოგვიანებით ნაწლავებსა და ჰიპოკამპს შორის უფრო სუსტი კომუნიკაცია აჩვენეს. მათი მეხსიერებასთან დაკავშირებული ტვინის რეაქციები შემცირებული დარჩა მაშინაც კი, როცა ისინი ჯანსაღ დიეტას დაუბრუნდნენ.

ამ ცხოველებმა ასევე უარესად შეასრულეს დავალებები, რომლებიც მათში საკვების ადგილმდებარეობის დამახსოვრების უნარს ამოწმებდა. შედეგები მიუთითებს, რომ არაჯანსაღი საკვების ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ზუსტად იმავე ნაწლავი-ტვინის სისტემას, რომელიც თავდაპირველად საკვებთან დაკავშირებული მოგონებების ჩაწერას უწყობს ხელს.

კოგნიტიური დაქვეითების შესაძლო კავშირები

აღნიშნულ დასკვნებს, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უფრო ფართო გავლენა ჰქონდეს. ჭარბი წონა, არასწორი კვება და მეტაბოლური მდგომარეობები, როგორიცაა დიაბეტი, უკვე დაკავშირებულია კოგნიტიური დაქვეითების მაღალ რისკთან.

ეს კვლევა ერთ შესაძლო ბიოლოგიურ ახსნას მიუთითებს. არაჯანსაღი საკვების განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება თანდათან დააზიანოს ან შეაფერხოს ნაწლავებსა და ტვინს შორის კომუნიკაცია, რაც მეხსიერების სისტემას ნორმალურად ფუნქციონირებას აძნელებს. შედეგებმა ნეიროდეგენერაციული დაავადებების შესახებაც შეიძლება მოგვცეს მინიშნებები.

"აცეტილქოლინის სიგნალიზაციის დარღვევა ჰიპოკამპში ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნეიროქიმიური ცვლილებაა", — ამბობს კვლევის თანაავტორი, USC Dornsife-ის ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი სკოტ კანოსკი. "ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს სისტემა ცთომილი ნერვიდან მომავალი ნაწლავური სიგნალებით ძლიერდება. ეს ინფორმაცია ახალ თერაპიულ მიდგომებს, მაგალითად, ცთომილი ნერვის სტიმულაციას, გზას გაუხსნის".

მეხსიერების მკურნალობის ახალი შესაძლებლობები

ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, გზა გაუხსნას ახალი მკურნალობის მეთოდებს, რომლებიც ნაწლავებსა და ტვინს შორის კავშირის გააძლიერებენ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ თუ ცთომილი ნერვის სტიმულირებას ან ნაწლავის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეძლებენ, ეს მეხსიერების შენარჩუნებასა და კოგნიტიური ფუნქციის დაცვას შეიძლება დაეხმაროს. ცთომილი ნერვის სტიმულაცია უკვე გამოიყენება რამდენიმე ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადების სამკურნალოდ — ახლა მკვლევრები ფიქრობენ, რომ იგივე მეთოდი მეხსიერების პრობლემებზეც შეიძლება გამოდგეს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ იმის დასადგენად, მუშაობს თუ არა იგივე მექანიზმი ადამიანებშიც, საჭიროა დამატებითი კვლევა. ამჟამად ცდები მხოლოდ ადასტურებს, რომ ნაწლავები და ტვინი ერთმანეთთან იმაზე მჭიდროდ თანამშრომლობს, ვიდრე გვგონია.

კვლევას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.