ინკების მუმიებიდან შეგროვებულმა დნმ-ის შერჩევებმა ყვავილის იმ შტამის არსებობა დაადასტურა, რომელიც პირველად ევროპაში გამოჩნდა.

"ჩვენ ეს ამერიკაში ევროპული კოლონიზაციის გზით ყვავილის შეტანის პირველ პირდაპირ მოლეკულურ მტკიცებულებად მივიჩნიეთ", — თქვა შიგეკი ნაკაგომემ, დუბლინის ტრინიტის კოლეჯიდან.

ყვავილი საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის უბედურება იყო, სანამ 1980-იან წლებში, ყველგან, რამდენიმე მაღალი უსაფრთხოების მქონე სამედიცინო ლაბორატორიის გარდა, ვაქცინაციის გზით არ აღმოიფხვრა. ვირუსის მძიმე შტამებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ მესამედამდე ჰქონდათ, ხოლო გადარჩენილებს, კანზე გავრცელებული ჩირქიანი ბუშტუკებისა და ფუფხების გამო, ნაწიბურები რჩებოდა.

დაავადება განსაკუთრებით სასტიკი იყო ევროპელების მიერ კოლონიზებულ მსოფლიოს ისეთ ნაწილებში, როგორიცაა ავსტრალია და ამერიკა, სადაც მკვიდრ მოსახლეობას ბუნებრივი იმუნიტეტი არ ჰქონდა. ამან მილიონობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამერიკაში ისტორიული ჩანაწერები მოწმობს, რომ ევროპელი კოლონიზატორების ჩასვლის შემდეგ, მე-16 საუკუნის დასაწყისში, ყვავილმა მკვიდრი თემების განადგურება დაიწყო.

სამხრეთ ამერიკაში ადრეული ყვავილის გენომური იდენტობის კვლევის ფარგლებში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მკვლევრებმა, ბრუნო რომერო გონსალესმა, შიგეკი ნაკაგომემ და მათმა კოლეგებმა, 1957 წელს ჩრდილოეთ ჩილეში აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლიდან, კამარონესი 9-იდან, მოპოვებული მუმიების ძვლის შერჩევები შეისწავლეს. მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ამ ადგილიდან საბნებში გახვეული და სამარხის ინვენტართან ერთად დამარხული 41 მუმიფიცირებული ცხედარი ამოიღეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავდაპირველი მიზანი ადამიანის დნმ-ის შესწავლა იყო, უძველესი პათოგენების დნმ-საც ვეძებდით. სწორედ მაშინ ორ ინდივიდში ყვავილის ვირუსის შესაბამისი ფრაგმენტები აღმოვაჩინეთ", — თქვა ნაკაგომემ.

პირველი 30-დან 35 წლამდე ასაკის ქალი იყო, ხოლო მეორე, რომელზეც ნახშირბადოვანი დათარიღებით დადგინდა, რომ 1492-დან 1631 წლამდე პერიოდში გარდაიცვალა, 18-დან 20 წლამდე ასაკის კაცი იყო.

ვირუსის გენომების აღდგენითა და მათი სხვა უძველეს თუ თანამედროვე ყვავილის ვირუსებთან შედარებით, გუნდმა აღმოაჩინა, რომ ისინი ადრეული შუა საუკუნეებისა და ადრეული თანამედროვე პერიოდის ევროპული შტამების შტოს მიეკუთვნებოდნენ.

აღმოჩენა აძლიერებს იმის ალბათობას, რომ მუმიების ტანზე არსებული კანის მცირე დაზიანებები, რომლებიც მანამდე დარიშხანის ქრონიკულ ზემოქმედებას მიეწერებოდა, სინამდვილეში, შესაძლოა, ყვავილის მსხვერპლთა კანზე დატოვებული ნაწიბურები ყოფილიყო.

"ამ აღმოჩენამ საშუალება მოგვცა, ვირუსით დაზარალებულ ადამიანთა მცირე ჯგუფი გამოგვევლინა, რომლის შესახებაც არანაირი ისტორიული ჩანაწერი არ არსებობს", — თქვა გუნდის წევრმა, კონსტანსა დე ლა ფუენტე კასტრომ, ჩილეს უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, ახალ კვლევამდე პათოგენის შესახებ მხოლოდ ფართომასშტაბიანი ეპიდემიების ისტორიული ჩანაწერებიდან იყო ცნობილი.

სამუშაო, თავად ნეშტების შეწუხებისა და ანალიზის დროს მასალის დაკარგვის გამო, განსაკუთრებით სენსიტიური იყო, რაც მკვიდრი მოსახლეობისა და სამეცნიერო საზოგადოებისთვის უკიდურესად საკამათო საკითხებად ითვლება. "ჩვენ არასდროს გვავიწყდება, რომ დნმ-ის ყოველი ექსტრაქციის უკან მონაცემთა წერტილი კი არ დგას, არამედ ადამიანი", — თქვა დე ლა ფუენტე კასტრომ.

ამერიკული ისტორიის მასწავლებელი დანდის უნივერსიტეტში და მკვიდრი ხალხების საკითხებზე მომუშავე ისტორიკოსი, მეთიუ უორდი, კვლევას მიესალმება და ამბობს, რომ ამერიკაში გავრცელებული ეპიდემიების, მათ შორის ყვავილის, ტალღები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. "ამ დაავადებებმა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის, შესაძლოა, 95 პროცენტი იმსხვერპლა და ევროპული კოლონიზაცია შესაძლებელი გახადა. ზუსტად იმის გაგება, თუ რა კლავდა მკვიდრ ხალხებს და რატომ იყვნენ ისინი ასე მოწყვლადნი ეპიდემიური დაავადებების მიმართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია" — თქვა მან.

მისი თქმით, ისტორიკოსები ახლა ცდილობენ გაიგონ, განზრახ თუ უნებლიეთ როგორ დაეხმარნენ ევროპელები ისეთი ეპიდემიების გავრცელებას, როგორიცაა ყვავილი. "ამ ეპიდემიების გარეშე ამერიკის კოლონიზაცია სულ სხვაგვარი იქნებოდა", — თქვა მან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.