კოლორექტული (ნაწლავის) კიბოს მკურნალობაში მეცნიერებმა სრულიად ახალი მიდგომა შეიმუშავეს, რომელიც ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის მთავარ პრობლემას, ჯანსაღი უჯრედების დაზიანებას, აგვარებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული პრობიოტიკი პირდაპირ სიმსივნის შიგნით მოქმედ მინიატიურულ "ფარმაცევტულ ქარხნად" აქციეს. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტისას ინოვაციურმა მეთოდმა სიმსივნეების თითქმის ნახევარი სრულად გააქრო.

ტრადიციული ქიმიოთერაპიული ნივთიერებები სისხლთან ერთად მიმოქცევისას კიბოსა და ჯანსაღ ქსოვილს ერთმანეთისგან ძნელად არჩევს, რაც მძიმე დაზიანებებს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა ნაწლავის ჯანმრთელობისთვის საჭირო ცნობილი ბაქტერიული შტამი, Escherichia coli Nissle 1917, გამოიყენეს.

ასევე, წაიკითხეთ: ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს

სისხლში მოხვედრისას ეს მიკრობები ზუსტად სიმსივნეში გროვდებიან, რადგან კიბოს უჟანგბადო და საკვები ნივთიერებებით მდიდარი გარემო მათ გამრავლებისთვის იდეალურ პირობებს უქმნის. ექსპერიმენტისას ინიექციიდან სულ რაღაც ხუთ დღეში სიმსივნის თითოეულ გრამში მილიარდზე მეტმა ბაქტერიულმა უჯრედმა მოიყარა თავი.

მიზანში ზუსტად მოსახვედრად მკვლევრებმა ბაქტერია სამი მიმართულებით დააპროგრამეს. პირველ რიგში, მიკრობი გამოიმუშავებს ფერმენტს, რომელიც ორგანიზმში დამატებით შეყვანილ არატოქსიკურ ნივთიერებას (5-FC) უშუალოდ კიბოს უჯრედებში ძლიერ ქიმიოთერაპიულ პრეპარატად (5-FU) აქცევს. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ბაქტერია ამ წამალს ბუნებრივად თავადვე ანეიტრალებდა, მეცნიერებმა მისი გენომიდან შესაბამისი გენი "ამოჭრეს".

კიბოს თავდაცვითი მექანიზმების დასაძლევად მიკრობს კიდევ ორი ფუნქცია დაუმატეს. ის სიმსივნესთან მებრძოლ იმუნურ უჯრედებს ასტიმულირებს და ბლოკავს სპეციფიკურ ცილას (PD-L1), რომელსაც კიბო იმუნური შეტევის შესაჩერებლად იყენებს.

პრობიოტიკით კიბოს მკურნალობის სისტემის სქემატური დიაგრამა.

ფოტო: Yang et al., Sci. Transl. Med., 2026

მიღებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. კოლორექტული კიბოს მქონე თაგვებში ბაქტერიის პირდაპირ სიმსივნეში შეყვანამ შვიდიდან სამი კერა (43 პროცენტი) სრულად გააქრო. ამასთან, გამოვლინდა უნიკალური სისტემური ეფექტიც: თაგვებში, რომლებსაც სიმსივნე სხეულის ორივე მხარეს ჰქონდათ, მკურნალობამ სამიზნე კერა გაანადგურა და, პარალელურად, სხეულის სხვა ნაწილში არსებული სიმსივნის ზრდაც საგრძნობლად შეანელა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოდიფიცირებულმა ბაქტერიამ ორგანიზმში კიბოს წინააღმდეგ იმუნური რეაქცია გამოიწვია.

"სიმსივნური იმუნოლოგიის უფრო სიღრმისეულად გააზრებასთან ერთად, ამ სისტემამ კიბოს ქიმიოიმუნოთერაპიის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ის სხვადასხვა ტიპის კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებული ტოქსიკურობისა და რეზისტენტობის დასაძლევად უაღრესად ადაპტირებად, მიზნობრივ და სინერგიულ მიდგომას გვთავაზობს", — წერენ კვლევის ავტორები.

მართალია, ადამიანებზე კლინიკური ცდების დაწყებამდე წინ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მიგნება კიბოს მიზნობრივი თერაპიის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ის ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის საუკეთესო შესაძლებლობებს აერთიანებს, თანაც ტოქსიკური გვერდითი ეფექტების გარეშე.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Science Translational Medicine-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.