ეგვიპტეში, მეფეთა ველზე მდებარე ტუტანხამონის სამარხი არქეოლოგებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოცანად რჩებოდა. ახლა კი მეცნიერები აცხადებენ, რომ აკლდამის კედლებს მიღმა დამალული ოთახების არსებობის ახალი შესაძლო მტკიცებულებები მოიპოვეს. გაჩნდა საფუძვლიანი, თუმცა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ვარაუდი, რომ ამ ფარულ სივრცეში ძველი ეგვიპტის დედოფალი — ნეფერტიტია — დასვენებული.

კაიროს აინ შამსის უნივერსიტეტის არქეოლოგისა და ეგვიპტის სიძველეთა ყოფილ მინისტრ მამდუჰ ელდამატის ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფმა ტერიტორია გეოფიზიკური მეთოდებით შეისწავლა. ისტორიაში პირველად, მათ იქ მიკროგრავიტაციული კვლევა ჩაატარეს, რომელიც გრავიტაციულ ველში არსებული უმცირესი ცვლილებების მიხედვით არეალის სიმკვრივის დადგენის საშუალებას იძლევა. ამას დაემატა გეორადარული (GPR) სკანირებაც თავად აკლდამის შიგნიდან.

ელდამატის თქმით, მიღებული მონაცემები, სამარხის სტრუქტურისა და კედლის მხატვრობის ანალიზთან ერთად, დერეფნებისა და ოთახების ფარული კომპლექსის არსებობაზე მიუთითებს. ის ტუტანხამონის დაკრძალვამდე პერიოდის უნდა იყოს. მეცნიერი აღნიშნავს, რომ დადასტურების შემთხვევაში ეს "თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენად იქცევა".

ტუტანხამონის ე.წ. KV62 აკლდამა, რომელიც 1922 წელს აღმოაჩინეს, სამეფო სამარხისთვის უჩვეულოდ პატარაა. 2015 წელს ბრიტანელმა ეგვიპტოლოგმა, ნიკოლას რივზმა, ივარაუდა, რომ ეს თავდაპირველად გაცილებით დიდი სამარხი იყო. ამის მიუხედავად, როცა ახალგაზრდა ტუტანხამონი მოულოდნელად გარდაიცვალა, შესასვლელი გააფართოვეს და ის იქ დაკრძალეს, უფრო ღრმა სექციები კი ე.წ. ცრუ კედლით დაბლოკეს.

ნაცრისფრად სამარხში დადასტურებულად არსებული ოთახებია ნაჩვენები; იისფრად ის სივრცეებია, რომელთა შესაძლო კვალიც დააფიქსირეს, ყვითლად მონიშნული ოთახების არსებობა კი შედარებით უფრო სარწმუნოა.

ფოტო: Nature

კალიფორნიის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგი, კარა კუნი, ამბობს, რომ მისთვის მხოლოდ არქეოლოგიური ნიშნებიც კი აბსოლუტურად დამარწმუნებელია, რომ იქ დამატებითი ოთახები ნამდვილად არსებობს; გეოფიზიკოს ჯორჯ ბალარდსაც ეჭვი არ ეპარება, რომ მთავარი სამარხიდან 2 მეტრი სიგანის დერეფანი გადის, რომელიც ნანგრევებითაა ამოვსებული. მიკროგრავიტაციული მონაცემები კი მის მეორე ბოლოში სპეციალურად აშენებულ ოთახებზე მიანიშნებს.

"ვხედავთ დაბალი სიმკვრივის მქონე მართკუთხა სტრუქტურებს, რომლებიც ღერძული განლაგებით ზუსტად ჩრდილოეთ კედლის პარალელურია", — ხსნის ბალარდი და ამბობს, რომ რიგი სივრცეები, შესაძლოა, არტეფაქტებით იყოს სავსე.

გადაწყვეტილება ახლა ეგვიპტის სიძველეთა უზენაესი საბჭოს ხელშია. თუ ისინი ნებართვას გასცემენ, მეცნიერები ზედაპირიდან სიღრმეში 7-8 სანტიმეტრი სიგანის ხვრელების გაბურღვასა და შიგნით კამერებით აღჭურვილი დისტანციური მინი-ტრაქტორების ჩაშვებას გეგმავენ. ეს სამუშაოები, შესაძლოა, ნოემბერში დაიწყოს.

ბალარდი ერთ რისკზეც საუბრობს — წვიმების გამო, შესაძლოა, მიწისქვეშა სივრცეები წყლით იყოს დაზიანებული:

"საბოლოოდ, შეიძლება უბრალოდ ბევრი ჩამონგრეული, საკმაოდ ნესტიანი ოთახი აღმოვაჩინოთ".

ეგვიპტოლოგები თანხმდებიან, რომ თუნდაც ეს მხოლოდ სამეფო საცავები აღმოჩნდეს და არა თავად ნეფერტიტის სამარხი, აღმოჩენა მეცნიერებისთვის მაინც უდიდესი მნიშვნელობის იქნება.

კვლევის შედეგები გამოცემა Occasional Papers of the Amarna Royal Tombs Project-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.