Meta-ს ჭკვიანი სათვალე არცთუ სახარბიელო რეპუტაციით სარგებლობს. კამერით აღჭურვილი ამ მოწყობილობით ზოგი მომხმარებელი უცნობებს მათი თანხმობის გარეშე იღებდა. ჭკვიან სათვალეს ხალხმა ამის გამო "გარყვნილი სათვალეც" კი შეარქვა.

ივნისში გამოცემა Wired-ისგან შევიტყვეთ, რომ Meta-მ ჭკვიან სათვალეს სახის ამოცნობის კოდი დაუმატა. ეს პოტენციურად შესაძლებელს გახდიდა, რომ მომხმარებელს სათვალეებით ქუჩაში გამვლელები ამოეცნო ბიომეტრიული მონაცემებით. Meta, ცხადია, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

მას შემდეგ კომპანია კატეგორიულად უარყოფს, რომ ამ ფუნქციის, NameTag-ის, გამოშვებას გეგმავდეს. სხვათა შორის, Meta-ს ტექნიკურმა დირექტორმა ენდრიუ ბოსუორთმა ეს გეგმები საჯაროდ ენთუზიაზმით აღწერა და NameTag-ს "შესანიშნავი ფუნქცია" უწოდა. ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე ენდრიუმ Wired-ის სკანდალურ რეპორტაჟს "აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერი" უწოდა.

სიახლე ისაა, რომ, Wired-ის უწყებით, ადამიანებმა კომპანიის წინააღმდეგ ჯგუფური სარჩელი შეიტანეს. ილინოისსა და კალიფორნიაში მცხოვრები ოჯახები კომპანიას Facebook და Instagram ფოტოების უკანონოდ შეგროვებაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, Meta-ს NameTag სერვისისთვის სახის ამოცნობის მასშტაბური სისტემის შექმნა სურს.

ეს ამბავი იქიდან მალევე გავრცელდა, რაც იუტას შტატში მცხოვრებმა დედამ Meta თავისი AI სისტემის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, კომპანიამ Instagram და Facebook პოსტებიდან მისი მცირეწლოვანი შვილების შესახებ პირადი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა.

Meta-მ გამოცემა Wired-ს განცხადებით უპასუხა, რომ უახლესი სარჩელი "უსაფუძვლოა" მათ სამუშაოს "არასწორად წარმოაჩენს".

"ჩვენ გამჭვირვალობას ვინარჩუნებთ იმ საკითხში, თუ როგორ ვიყენებთ ხალხის ინფორმაციას ჩვენი AI პროდუქტების შესაქმნელად და გასაუმჯობესებლად", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა Wired-თან საუბრისას — "რაც შეეხება NameTag-ებს, მომხმარებლებისთვის არაფერი მიგვიწოდებია და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, საერთოდ გავაკეთებთ თუ არა რამეს ამ მიმართულებით."

ჯგუფური სარჩელის ავტორები Meta-ს ბიომეტრიული მონაცემების მოპოვებაში ადანაშაულებენ. მოსარჩლეების თქმით, კომპანიამ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის საჯარო პროფილებიდან შეაგროვა. Wired-მა პირველად ივნისში დაწერა, რომ "სახის ანაბეჭდები" ჭკვიანი სათვალის AI აპლიკაციის კოდში გამოჩნდა.

ერთ-ერთ პატენტში ეს პროგრამული უზრუნველყოფა იყო აღწერილი, რომელიც ამ მონაცემებს პროფილის ფოტოებს ადარებდა. Meta-მ AI გამოსახულების გენერატორიც გამოუშვა, სახელად Emu. დეველოპერებმა ეს მოდელი მომხმარებლების მიერ ატვირთული ფოტოებისა და ტექსტების დიდ ბაზაზე გაწვრთნეს. მომჩივანი მხარე Meta-ს ბრალს სდებს, რომ კომპანიამ ეს AI სისტემა ბიომეტრიული მონაცემების შესაგროვებლად გამოიყენა.

სხვათა შორის, საზოგადოებამ Meta უკვე გამოიჭირა მას შემდეგ, რაც კომპანიამ მომხმარებლებს საშუალება მისცა, საჯარო Instagram ანგარიშებით შთაგონებული სურათები დაეგენერირებინათ. კომპანიამ შეცდომა აღიარა და განაცხადა, რომ ამ ფუნქციით "მიზანს ასცდნენ".

მომხმარებელთა სენსიტიურ მონაცემებთან არასწორი მოპყრობის კუთხით კომპანიას დიდი ისტორია აქვს. 2020 წელს მათ 650 მილიონი დოლარის გადახდა მოუწიათ მას შემდეგ, რაც სახის ამოცნობის სხვა სისტემის გამო უჩივლეს. 2024 წელს კომპანია ტეხასში კიდევ ერთი დავის მოგვარებას დათანხმდა სახის ამოცნობის მონაცემებზე და 1,4 მილიარდი დოლარი გადაიხადა.