ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
ფოტო: Canva
ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქაში უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ იმის გამოთვლა, თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს ერთი მარტივი ჩატბოტი. თანამედროვე AI მოდელი, რომლებიც რთული დავალებების ავტონომიურად შესასრულებლადაა შექმნილი, სხვადასხვა ხელსაწყოსა და აპლიკაციას აერთიანებს. ამის გამო მათი მუშაობა ბევრად მეტ ელექტროენერგიას მოითხოვს.
იმის ფონზე, რომ წამყვანი კერძო AI ლაბორატორიები ენერგომოხმარების შესახებ ინფორმაციას ასაიდუმლოებენ, კლიმატოლოგმა ზიკ ჰაუსფაზერმა გადაწყვიტა, დამოუკიდებლად გამოეთვალა კომპანია Anthropic-ის მიერ შექმნილი კოდირების ასისტენტის, Claude Code-ის, ენერგოდანახარჯი.
ტოკენების მოხმარებაზე დაკვირვებით მან დაადგინა, რომ მისი ყოველდღიური ენერგომოხმარება 1.2-იდან 5.9 კვტ/სთ-ამდე მერყეობდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მთელი დღის განმავლობაში ჩართული ორი მაცივრის მიერ დახარჯული ენერგია.
მკვლევრის მონაცემებით, რვა კვირის განმავლობაში მისმა AI ასისტენტმა 3.2 მილიარდი ტოკენი დაამუშავა. ენერგიის ამხელა დანახარჯი მეტწილად იმან განაპირობა, რომ აგენტი ყოველი ახალი დავალების შესრულებისას (მაგალითად: ბრძანების გაშვებისას, ფაილის წაკითხვისას ან ხელსაწყოს გამოძახებისას) "საკუთარ სამუშაო მეხსიერებას ხელახლა კითხულობს".
ჰაუსფაზერის განმარტებით, ტექსტი, რომელსაც მომხმარებელი საბოლოოდ ეკრანზე ხედავს, დამუშავებული ტოკენების მხოლოდ 0.4%-ია, ხოლო ტოკენების 96% სწორედ კონტექსტის ხელახალ წაკითხვაზე (ე. წ. cache reads) იხარჯება.
ამ მონაცემების ერთ წელზე გაანგარიშებით მეცნიერი ასკვნის, რომ მხოლოდ ერთი მომხმარებლის მიერ AI აგენტის გამოყენება წლიურად იმდენივე ემისიას წარმოქმნის, რამდენსაც ტანსაცმლის ელექტროსაშრობი ან კალიფორნიაში ელექტრომობილით დაახლოებით 18 500 კილომეტრის გავლა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი ადამიანისთვის ეს ციფრი შეიძლება არც ისე დრამატულად ჟღერდეს, მილიონობით მომხმარებლის პირობებში ის ემისიების სრულიად ახალ და მასშტაბურ წყაროს ქმნის. ეს იმ დროს, როდესაც გლობალური ტემპერატურა რეკორდულად იზრდება.
ზუსტი ეკოლოგიური ზიანის შეფასება კვლავ რთული ამოცანაა. მდგრადი ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი ბორის გამაზაიჩიკოვი ჰაუსფაზერის გამოთვლებს "კარგ მცდელობად" მიიჩნევს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის ძველ მონაცემებს ეყრდნობა. თავად გამაზაიჩიკოვი სექტემბრის ბოლოს საკუთარი კვლევის გამოქვეყნებას გეგმავს, რამაც, შესაძლოა, ავტონომიური აგენტების ენერგომოხმარების რეალურ ფასზე ჩვენი წარმოდგენა კიდევ ერთხელ შეცვალოს.
კომენტარები