ტექსტის შინაარსი შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის მგრძნობიარე საკითხს ეხებოდეს.

მსოფლიოში ყოველწლიურად სუიციდით სიცოცხლეს 720 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს. მკვლევრების განმარტებით, სწორედ ამან უბიძგა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, შეემუშავებინა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013-2030 წლების პერიოდში ამ გლობალური მაჩვენებლის მინიმუმ მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად.

ახალი კვლევის თანახმად, ჰაერის დამაბინძურებლების, განსაკუთრებით კი მცირე ზომის მყარი ნაწილაკებისა (PM2.5, PM10) და აზოტის დიოქსიდის (NO2), ზემოქმედება შეიძლება სუიციდური აზრების გაჩენასა და სუიციდით სიკვდილის გაზრდილ რისკს უკავშირდებოდეს. უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებს პირდაპირი მიზეზ-შედეგობრიობა არ გამოუვლენიათ, არამედ — სტატისტიკური კორელაცია.

სამეცნიერო ნაშრომი Journal of Epidemiology & Community Health-ში გამოქვეყნდა. კვლევას ბელფასტის კუინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გუნდი ხელმძღვანელობდა.

ასევე იხილეთ: ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პარალელურად სუიციდის შემთხვევები იმატებს და პირიქით

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები სუიციდის პრევენციის სტრატეგიებში სხვა მიზეზებთან ერთად, გარემოფაქტორების გათვალისწინების მნიშვნელობაზეც მიუთითებს. ასეთ გავლენას დეპრესიასა თუ შფოთვაზე აქამდეც აქტიურად იკვლევდნენ, თუმცა გარემოს როლი უშუალოდ სუიციდის რისკების მხრივ ნაკლებად იყო შესწავლილი. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა 2010-2024 წლებში გამოქვეყნებული, კვლევისთვის რელევანტური 287 სამეცნიერო ნაშრომი გადაარჩიეს, რომლებიდანაც მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმები 45-მა დააკმაყოფილა.

45 შერჩეული კვლევიდან 33-ში სუიციდით სიკვდილის შემთხვევები იყო შესწავლილი, 7-ში სუიციდური აზრები, ხოლო 5-ში — თვითმკვლელობის მცდელობები. დაკვირვებათა უმრავლესობა (38 კვლევა) ჰაერის დაბინძურებას ეხებოდა, დანარჩენში კი მეცნიერები წყლის, ხმაურითა და სინათლით დაბინძურების ეფექტებს აფასებდნენ.

მონაცემთა საერთო ანალიზმა აჩვენა, რომ PM2.5-ისა და PM10-ის მოკლევადიანი, ხოლო PM2.5-ისა და NO2-ის ხანგრძლივი ზემოქმედება სუიციდური ქცევისა და აზრების გამძაფრებას უკავშირდება. მიმოხილვამ ასევე გამოავლინა გოგირდის დიოქსიდის (SO2), ოზონისა (O3) და ხმაურით დაბინძურების უარყოფითი ეფექტიც.

წყლისა და სინათლით დაბინძურების გავლენაზე მონაცემთა გაერთიანებული ანალიზი ვერ მოხერხდა. მიზეზი კვლევების მცირე რაოდენობა და შედეგების განსხვავებული საზომებია. ამ ფაქტორებთან დაკავშირებით აღწერილობითი მიმოხილვის შედეგებიც არაერთგვაროვანი აღმოჩნდა.

სოციო-დემოგრაფიულ ფაქტორებსა და სუიციდით სიკვდილის ან სუიციდური ქცევის რისკს შორის მკაფიო ასოციაცია არ გამოვლენილა.

როგორ მოქმედებს დაბინძურებული გარემო ტვინზე?

ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკები და ლითონებითა თუ ქიმიკატებით (დარიშხანი, ტყვია, ლითიუმი, ნიტრატები) დაბინძურებული წყალი ორგანიზმში ქრონიკულ ანთებით პროცესებსა და ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს. ეს ყოველივე ტვინის ფუნქციონირებას აფერხებს, თრგუნავს გუნება-განწყობილებას და სტრესთან გამკლავების უნარს ამცირებს.

რაც შეეხება ტრანსპორტის ხმაურსა და ხელოვნურ განათებას, ეს ფაქტორები ადამიანის ბიოლოგიურ საათს ურევს, ძილის რეჟიმს არღვევს და სტრესის დონეს კიდევ უფრო ზრდის.

მკვლევრები თავიანთი მიგნებების რამდენიმე შეზღუდვაზეც საუბრობენ. მათ შორის ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ თითოეულ კონკრეტულ გარემოებაზე ხელმისაწვდომი კვლევების რაოდენობა მცირე იყო. ამასთან ერთად, მიმოხილვაში გამოყენებული ნაშრომები მეთოდოლოგიითა და მიდგომებითაც საგრძნობლად განსხვავდებოდა.

"სუიციდის რისკზე გარემო ფაქტორების გავლენა ჯერ კიდევ ნაკლებადაა შესწავლილი. ეს ნაშრომი არსებულ მტკიცებულებებს ერთად უყრის თავს და ნათლად აჩვენებს, რომ საცხოვრებელ გარემოს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უდიდესი გავლენა აქვს. ეს ამ რთული კავშირების გასაგებად მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში დაგვეხმარება", — აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი რუთ ჰანტერი.

მკვლევართა თქმით, სუიციდის პრევენცია მხოლოდ ინდივიდუალური პრობლემა არ არის — ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. შესაბამისად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკაში გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და ჰაერის დაბინძურების აღმოფხვრა რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და მოსახლეობის საერთო კეთილდღეობას გააუმჯობესებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.