იურული პერიოდი 145 მილიონი წლის წინ დასრულდა, ანუ მის შესახებ ინფორმაცია ნამარხების, ქანებისა და სხვა გეოლოგიური მტკიცებულებების მეშვეობით მოგვეპოვება. შედეგად შეგვიძლია, რომ იმ დროს მცხოვრები დინოზავრებისა და სხვა ცხოველების გარეგნობის შესახებ გარკვეული მონაცემები მივიღოთ, მაგრამ ძნელი დასადგენია, როგორი ხმები ისმოდა მაშინ ბუნებაში.

ამის მიზეზი ისაა, რომ მილიონობით წლის წინანდელი ცხოველების ბგერების გამომცემი ორგანოები დღემდე პირვანდელი მდგომარეობით იშვიათად თუა შემონახული. გამონაკლისი ზოგიერთი მწერია, რომელთა სხეულის ამ ნაწილებმაც ჩვენამდე შედარებით დაუზიანებლად მოაღწია. ახლა მეცნიერებმა სწორედ 20 ასეთი ნამარხიდან მიღებული ინფორმაცია გამოიყენეს, და ის ამ ადრეული მწერების თანამედროვე მონათესავე სახეობების მონაცემებთან შეაჯერეს. შედეგად, მათ შუა იურული პერიოდის ბუნების ხმები აღადგინეს.

"წარმოიდგინეთ, რომ 165 მილიონი წლის წინანდელ იურულ ტყეში გადაინაცვლეთ. ხშირად ასეთ ადრინდელ ლანდშაფტებზე ფიქრისას თვალწინ გიგანტური დინოზავრები წარმოგვიდგება, მაგრამ როგორი ხმა ისმოდა ამ ეკოსისტემებში? რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიძლება ამაზე პასუხი არა დინოზავრების, არამედ მწერების მეშვეობით მივიღოთ", — ამბობს ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი, ფერნანდო მონტელეგრი.

ამ ხმების რეკონსტრუქციის იდეა მეცნიერებს ჯერ კიდევ 2012 წელს გაუჩნდათ და Archaboilus musicus-ის სახეობის, კალიის მსგავსი მწერის ვოკალიზაცია აღადგინეს. შემდეგ იფიქრეს, ხომ არ ექციათ ეს "სოლო" ბგერები მრავალფეროვან "ქოროდ", თუმცა ამისთვის ერთი პერიოდისა და ადგილის მეტი ნამარხი იყო საჭირო. პალეონტოლოგიურ ნიმუშებს შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე მიაგნეს — 9 სახეობის მწერის 20 ნამარხს, რომლებიც საერთო ქანში იყო შემონახულო.

ყველა მათგანი კუტკალიების ჯგუფს მიეკუთვნება და ისინი ხმებს ფრთების ერთმანეთზე შეხებით გამოსცემდნენ. ბგერების წარმომქმნელი სპეციალური სტრუქტურები ყველა შემთხვევაში განსხვავებული იყო, ამიტომ თითოეული სახეობის მწერს ინდივიდუალური ხმიანობა ახასიათებდა. ამ ვოკალური ნაწილების შესწავლით მეცნიერებმა ვიბრაციების სიხშირე და ბგერების სიძლიერე დაადგინეს.

რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა, რადგან ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორი ქცევა ახასიათებს მწერს. მკვლევრებმა ამ ეტაპზე უკვე ხელოვნური ინტელექტი და კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს. სისტემა ჯერ თანამედროვე მწერებზე გაწვრთნეს, შემდეგ კი მასში იურული პერიოდის არსებების მონაცემები შეიტანეს. სწორედ ასე მიიღეს სათანადო შედეგი.

"პირველი რეკონსტრუირებული ხმის გაგონება გასაოცარი იყო. ამან გამოავლინა, რომ იურული პერიოდიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა ის, თუ როგორ გამოსცემენ მწერები ხმებს. ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ამ ვოკალიზაციების ერთად მოსმენა აღმოჩნდა. ეს სახეობები, დიდი ალბათობით, გვერდიგვერდ თანაარსებობდა და, ისტორიაში პირველად, იურული პერიოდის ხმოვანი ლანდშაფტის გაგონების შესაძლებლობა მოგვეცა",— განაცხადა მონტელეგრმა.

კვლევის მიხედვით, შესწავლილი სახეობების უმეტესობა დაბალი სიხშირის ბგერებს გამოსცემდა, ზოგის სიხშირე 10 კილოჰერცზე მეტი იყო, ერთისა კი 20 კილოჰერცს აღემატებოდა. თუ ეს დადასტურდება, ესე იგი ულტრაბგერითი კომუნიკაცია მწერებში ღამურებამდე ბევრად ადრე ჩამოყალიბდა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.