Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი, სახელად iPhone Duo, წარადგინა. ახალი მოდელი 9 სექტემბერს კუპერტინოში გამართულ პრეზენტაციაზე გვიჩვენეს. აიფონ დუო დეტალურად თავად Apple-ის ბლოგპოსტშია აღწერილი.

დასაკეცი სმარტფონები ზოგჯერ გაწელილ მართკუთხედებს წააგავს, თუმცა Apple-მა სმარტფონისთვის უფრო განიერი ფორმა აირჩია. კომპანიის განმარტებით, დაკეცილ მდგომარეობაში iPhone Duo დაახლოებით პასპორტის ზომისაა, გაშლისას კი ყველაზე დიდ ეკრანს ვხედავთ, რაც კი ოდესმე აიფონს ჰქონია.

ფოტო: Apple

გაშლილ მდგომარეობაში iPhone Duo-ს 7.6-დუიმიანი Retina ეკრანი აქვს, ხოლო გარე ეკრანი კი — 5.4-დუიმიანია. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ ფორმატში. შიდა ეკრანს, ცნობისთვის, "ეკრანქვეშა" კამერა აქვს, რომელიც შესამჩნევი არ არის. შეუმჩნეველია დაკეცვის ადგილიც. Apple-მა განაცხადა, რომ ნაკეცის დასაფარად და ბზინვარების შესამცირებლად ნანოტექსტურის მქონე სპეციალური ზედაპირი გამოიყენეს.

საგულისხმოა, რომ ავთენტიფიკაციისთვის მოწყობილობას მხოლოდ Touch ID აქვს, ხოლო სახის ამოცნობის Face ID ფუნქციას იგი არ გვთავაზობს. აიფონში შესვლა Apple-ის ჭკვიანი საათით მაინც იქნება შესაძლებელი.

iPhone Duo-ს ახალი A20 Pro ჩიპი და C2 მოდემი აქვს, რომელიც ფაილების უფრო სწრაფად ატვირთვის საშუალებას იძლევა. გასულ წელს გამოშვებული iPhone Air-ის მსგავსად, ამ მოდელსაც მხოლოდ eSIM ექნება.

ბატარეას რაც შეეხება, კომპანიის განცხადებით, შიდა ეკრანის შემთხვევაში ვიდეოების ყურება 31 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, გარე ეკრანის შემთხვევაში კი — 44 საათით.

სმარტფონს ორი ლინზა აქვს: 48-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 48-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხოვანი კამერა 2x გადიდების შესაძლებლობით. ახალ მოდელს ტელეფოტოკამერა არ აქვს. როგორც სხვა დასაკეც სმარტფონებში, შეგვიძლია სელფები უკანა კამერით გადავიღოთ და მათ გადაღებამდე დავაკვირდეთ გარე კამერაზე. კამერას ჭკვიანი გადაღების ფუნქციაც აქვს, რომელიც ფოტოს მაშინ იღებს, როცა ყველა სუბიექტი პოზირებს.

ფოტო: Apple

საგულისხმოა, რომ ახალი ოპერაციული სისტემა iOS 27 ახალ დასაკეც აიფონზეც იქნება მორგებული. მართვის მნიშვნელოვანი ღილაკები, თუნდაც Wi-Fi, სმარტფონის ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოყენებისას შესაბამისად შეიცვლის პოზიციას ეკრანზე. შესაძლებელი იქნება ისიც, რომ გაშლილ ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე აპლიკაცია გამოვიყენოთ. მაგალითად, აიფონის ვერტიკალური გამოყენებისას შესაძლებელია, ვიდეო ზედა ნაწილში დამაგრდეს და ქვედა ეკრანზე სხვა აპლიკაციებით ვისარგებლოთ.

ერთ-ერთი გამორჩეული ფუნქციაა ისიც, რომ აიფონ დუოს გამოყენება ნახევრად დაკეცილ მდგომარეობაშიც იქნება შესაძლებელი ისევე, როგორც მისი მაგიდაზე მოთავსება. აიფონს სპეციალური კალამი Apple Pencil-იც ექნება.

ფოტო: Apple

ფოტო: Appl

iPhone Duo 256GB მეხსიერებით $1999 ღირს და ორ ფერშია — შავი და თეთრი — ხელმისაწვდომი. წინასწარი შეკვეთები 16 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, მოწყობილობა კი 23 ოქტომბერს გახდება ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.