9 სექტემბერს Apple-ის ყოველწლიური შემოდგომის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა საზოგადოებას ახალი ფლაგმანური iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max მოდელები წარუდგინა. ახალი მოდელები წინა თაობის ნაცნობ და დახვეწილ იერსახეს ინარჩუნებს, თუმცა ინჟინრებმა მოწყობილობის შიდა არქიტექტურა და უკანა პანელის დიზაინი მნიშვნელოვნად განაახლეს.

წინამორბედმა iPhone 17 Pro-მ თავი იმით დაამახსოვრა საზოგადოებას, რომ NASA-ს ასტრონავტებმა Artemis-ის მისიის კადრები სწორედ ამ მოდელით გადაიღეს. კომპანია ამ წარმატებაზე შეჩერებას არ აპირებს და მომხმარებელს კიდევ უფრო შთამბეჭდავ სიახლეებს სთავაზობს.

მთავარი სიახლეები — როგორია iPhone 18 Pro და Pro Max

ახალი ფლაგმანების მთავარი ღირსება შიდა ტექნოლოგიური ნახტომია. ინჟინრებმა მოწყობილობებში დამატებითი, მეორე, ნეირონული პროცესორი ჩააშენეს, რაც ხელოვნური ინტელექტის ამოცანების შესრულებას გაცილებით სწრაფსა და ეფექტიანს ხდის. ამასთანავე, Apple-მა ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა, რისი წყალობითაც iPhone 18 Pro და Pro Max ამ კუთხით საუკეთესო iPhone-ები გახდა.

ახალი Pro სერია ოთხ განსხვავებულ ფერში — შავი, ღია ცისფერი, ვერცხლისფერი და შინდისფერი — იქნება ხელმისაწვდომი.

ფოტო: Apple

ეკრანის მხრივ, მაყურებლის ყურადღება ზომაში შემცირებულმა დინამიკურმა კუნძულმა მიიპყრო, რომელიც ეკრანის ზედა ნაწილში კიდევ უფრო ნაკლებ სივრცეს იკავებს. ინჟინრებმა სახის ამომცნობი სისტემის ნაწილი ეკრანის შუშის ქვეშ გადაიტანეს, რისი წყალობითაც დინამიკური კუნძული თითქმის მესამედით დაპატარავდა. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო კომფორტულად ისარგებლოს მოწყობილობით. ამასთანავე, 120-ჰერციანი LTPO OLED ეკრანი უფრო ინტენსიური სიკაშკაშით გამოირჩევა, ხოლო Always-On ეკრანის რეჟიმი ენერგიას კიდევ უფრო ეფექტიანად ზოგავს.

ეკრანის ენერგოეფექტიანობასთან ერთად, Apple-მა მობილურებში განახლებული ელემენტები გამოიყენა, რითაც რეკორდული შედეგები აჩვენა. ახალ iPhone 18 Pro-სა და Pro Max-ში მოთავსებული გაზრდილი ტევადობის ელემენტი iPhone-ების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ გამძლეობას უზრუნველყოფს: ერთი დამუხტვით მომხმარებლს შეუძლია Pro მოდელი 24 საათის განმავლობაში, ხოლო Pro Max — 30 საათის განმავლობაში გამოიყენოს. ახალ A20 Pro ჩიპსეტთან დახვეწილ ინტეგრაციას მოწყობილობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაბრკოლების გარეშე უმკლავდება, თუნდაც ინტენსიური დატვირთვის პირობებში.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური წინსვლა Apple Intelligence-ის განახლება აღმოჩნდა, რომლის სწრაფ მუშაობასაც დამატებული მეორე ნეირონული პროცესორი უზრუნველყოფს. ის უკვე 16 ენაზე იქნება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი, მათ შორის, ინგლისურ, ჩინურ, დანიურ, გერმანულ, თურქულ, იაპონურ და კორეულ ენებზე. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეტყობინებების შეჯამება, ტექსტების რედაქტირება და Siri-სთან ურთიერთობა გაცილებით მოქნილია.

Apple-ის მთავარი პრიორიტეტი ისევ მომხმარებლის მონაცემების დაცვაა. Apple Intelligence-ის გამოყენება მომხმარებელს უფრო ინტენსიურად შეუძლია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელისგან პასუხი ამომწურავი არ იქნება, შეუძლია გაძლიერებულ Private cloud მოდელს მიმართოს. ეს ახალი მოდელები უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლის მიერ შეყვანილი პირადი მონაცემები მესამე მხარის კომპანიებს არ ჩაუვარდეს ხელში და მონაცემები არ გადაიყიდოს.

iPhone-ის ახალი მოდელი დამწყებ კინემატოგრაფებსაც უხსნის გზას. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები სარეკლამო ვიდეო სწორედ ამ ახალი მოდელით გადაიღეს. მთავარი სიახლე 48-მეგაპიქსელიანი ცვლადი დიაფრაგმის მქონე კამერაა. ობიექტივი სინათლის ნაკადს f/1.4-დან f/4.0-მდე არეგულირებს, რაც დაბალი განათებისას სენსორს მეტ სინათლეს აწვდის, ხოლო კაშკაშა განათების პირობებში სიღრმის ეფექტს მკვეთრად ინარჩუნებს. ამას ემატება 24-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, გაუმჯობესებული ოპტიკური სტაბილიზაცია და შორ მანძილზე გადაღების დახვეწილი შესაძლებლობები.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ე. წ. ფოტოების გასუფთავების განახლებული ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც კადრიდან არასასურველი ობიექტების ან ჩრდილების წაშლა უბრალო შეხებით არის შესაძლებელი; გენერაციული ალგორითმები გამოთავისუფლებულ ფონს მეტად ბუნებრივად აღადგენს.

ახალი Pro სერია ოთხ განსხვავებულ ფერში — შავი, ღია ცისფერი, ვერცხლისფერი და შინდისფერი — გვხვდება. ეს ფლაგმანები 256GB, 512GB, 1TB და 2TB მეხსიერებით იქნება ხელმისაწვდომი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.