სატურნის სამხრეთ პოლუსის გარშემო ათკუთხა ფორმის გიგანტური ღრუბლის სტრუქტურა აღმოაჩინეს.

აქამდე სატურნი თავისი კოლოსალური ექვსკუთხა შტორმით იყო ცნობილი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე მდებარეობს. ეს დაახლოებით 32 000 კილომეტრი სიგანის სტრუქტურა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1988 წელს აღმოაჩინეს, როცა ზონდ Voyager-ის მიერ 1980-1981 წლებში მოპოვებულ მონაცემებს ამუშავებდნენ. ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სატურნის ატმოსფეროს მასშტაბით ეს უნიკალური ფენომენი იყო, თუმცა ახლახან დაფიქსირებული "დეკაგონი" მას ზომაშიც აღემატება.

ამ ათკუთხა ატმოსფერული წარმონაქმნის სიგანე დაახლოებით 167 820 კილომეტრს შეადგენს, ხოლო მისი თითოეული გვერდის სიგრძე 16 782 კილომეტრია.

"ეს ძალიან უჩვეულო ატმოსფერული ფენომენია, რომელიც, ზოგადად, მეტეოროლოგიის უკეთ გაგებაში გვეხმარება", — აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი, ბასკეთის ქვეყნის უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერი, აგუსტინ სანჩეს ლავეგა. მისი თქმით, ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული ექვსკუთხა სტრუქტურა უნიკალური სულაც არაა.

ფერადი ფოტო NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა, Cassini-მ, გადაიღო. მასზე სატურნის ჩრდილოეთ პოლუსის ექვსკუთხა შტორმია აღბეჭდილი — ეს მისი ყველაზე მაღალი გარჩევადობის გამოსახულებაა.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/SSI/Hampton

ასტრონომებმა სატურნის "დეკაგონს" NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი ფოტოების ანალიზისას მიაგნეს. სატურნის სპეციფიკური ღერძული დახრილობის გამო დედამიწიდან პლანეტის სამხრეთ ნახევარსფერო 2012-იდან 2023 წლამდე არ ჩანდა. ჰაბლის მიერ 2023 წელს გადაღებულმა კადრებმა კი მკვლევრებს ეს მოულოდნელი სტრუქტურა პირველად დაანახა.

მეცნიერთა დაკვირვებით, ეს ათკუთხედი საკმაოდ ნელა მოძრაობს. ის ერთი სრული ბრუნის შესრულებას დაახლოებით 800 დღეს ანდომებს.

ადრინდელი კვლევების მიხედვით ივარაუდეს, რომ სატურნის ექვსკუთხა შტორმს აღმოსავლეთისკენ მიმართული ატმოსფერული ჭავლური ნაკადი წარმოქმნის, რომელიც პოლუსის მახლობლად ტალღისებურად მოძრაობს. ახალმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ სამხრეთის ათკუთხა სტრუქტურის ფორმირებაც მსგავს მექანიზმს უკავშირდება.

მეორე მხრივ, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს. კერძოდ, ექვსკუთხედის გვერდები თანაბარ სიმუქეს ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს, ათკუთხედი კი ასეთი ერთგვაროვანი არაა. სავარაუდოდ, ეს ნიშნავს, რომ იგი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.

მეცნიერები გეგმავენ დააკვირდნენ, თუ როგორ ევოლუციას განიცდის ახალაღმოჩენილი სტრუქტურა მომავალ წლებში: დაიშლება, თუ უფრო სტაბილური გახდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მზის რადიაცია "დეკაგონის" მიმდებარედ (60° სამხრეთ განედზე) პიკს 2032 წელს მიაღწევს. ასტრონომები ათკუთხედის შემადგენელი ღრუბლების სამგანზომილებიანი სტრუქტურის შესწავლას, ასევე ქარებისა და ტემპერატურის გამოკვლევასაც აპირებენ, რათა მისი წარმოქმნის კიდევ უფრო ზუსტი მოდელები შექმნან.

აღნიშნული კვლევა მეცნიერებმა გამოცემა Science Advances-ში გამოაქვეყნეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.