ზოგ ხელოვნურ დამატკბობელს შეიძლება ნული კალორია აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ორგანიზმზე არ ზემოქმედებს. მათ ნაწილს სისხლში გლუკოზისა და ინსულინის დონის ცვლილება მაინც შეუძლია, რაც დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის სერიოზული პრობლემაა.

სწორედ ამიტომ, ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amai Proteins Ltd-იმ ახალი, "სუპერტკბილი" ალტერნატივა შექმნა — Sweelin. ეს პროდუქტი საქაროზაზე 3500-ჯერ უფრო ტკბილია, თუმცა მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ორგანიზმში გლუკოზისა თუ ინსულინის მაჩვენებლებზე საერთოდ არ მოქმედებს.

იგი დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში გავრცელებული ტროპიკული მცენარე Dioscoreophyllum cumminsii-ს შთაგონებით შექმნეს. ის ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ ცილას შეიცავს. ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით მეცნიერებმა ამ ცილის ლაბორატორიულად დამუშავებული, გაუმჯობესებული ვერსია მიიღეს.

ახალი დამატკბობელი თეთრი ფხვნილის სტრუქტურისაა და სითხეში მარტივად იხსნება. ის იმდენად ტკბილია, რომ ერთი ჭიქა ცივი ჩაისთვის 3 მილიგრამზე ნაკლები ფხვნილიც კი საკმარისია. გარდა ამისა, პროდუქტი მაღალ ტემპერატურას უძლებს და ზოგიერთ რეცეპტში 70 პროცენტამდე შაქრის ჩანაცვლებაც შეუძლია.

ისრაელში, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ პერსპექტიული შედეგები აჩვენა. ექსპერიმენტში ჩართული 19 ადამიანის სისხლში გლუკოზის, ინსულინისა და GLP-1 ჰორმონის დონეს ამ დამატკბობლის შემცველი სასმლის მიღებიდან 120 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მონაწილეები წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით Sweelin-ით, სტევიათი (კალორიების არმქონე მცენარეული დამატკბობელი) და დექსტროზით (სტანდარტული შაქარი) დამტკბარ სასმელებს სხვადასხვა დღეს სვამდნენ. მათ არ იცოდნენ, კონკრეტულად რომელ პროდუქტს იღებდნენ.

ახალმა დამატკბობელმა ორგანიზმზე ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც სტევიამ. სტანდარტულ შაქართან შედარებით, Sweelin-ის მიღების შემდეგ გლუკოზის მატების მაჩვენებელი 31-ჯერ, ხოლო ინსულინის გამოყოფა 81-ჯერ უფრო დაბალი იყო. ამასთან, პროდუქტს არ გამოუწვევია GLP-1 ჰორმონის დონის ზრდაც. მკვლევართა შეფასებით, მეორე ტიპის დიაბეტის, პრედიაბეტისა თუ სიმსუქნის მქონე ადამიანებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპანიის დასკვნის ვალიდურობა დაადასტურა. Sweelin ამჟამად აშშ-ში, სინგაპურსა და ისრაელში უკვე იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი ეფექტების შესასწავლად უფრო ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ახალ დამატკბობელს შაქრის უსაფრთხოდ ჩანაცვლების უდიდესი პოტენციალი აქვს.

აღნიშნული კვლევა ჟურნალ Food Chemistry-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.