ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
ფოტო: GettyImages
ავსტრალიელმა მკვლევრებმა თეთრი პურის რეცეპტში ისპანახის დამატების გზას მიაგნეს. როგორც აღმოჩნდა, ამ მარტივ ცვლილებას ადამიანის ორგანიზმში ინსულინის გამოყოფაზე უშუალო და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
მონაშის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებულ კვლევაში 15 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი ჩაერთო. ექსპერიმენტის მონაწილეები ორად გაყვეს: ერთ ნაწილს საუზმეზე ჩვეულებრივი თეთრი პური მისცეს, მეორეს კი — ისპანახით გამდიდრებული. მომდევნო კვირას ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს.
ორივე ტიპის პურს თითქმის იდენტური გემო და სუნი ჰქონდა. მონაწილეებმა არ იცოდნენ, კონკრეტულ დღეს რომელ მათგანს იღებდნენ, თუმცა ისპანახიან პურს მომწვანო შეფერილობა დაჰკრავდა. აღსანიშნავია, რომ თეთრ პურთან შედარებით, ისპანახიანში 28%-ით მეტი უჯრედისი, 58%-ით მეტი ფოლიუმის მჟავა, 78%-ით მეტი კალციუმი, 90%-ით მეტი რკინა და ორჯერ მეტი კალიუმი იყო.
საუზმის შემდეგ მონაწილეების სისხლში გლუკოზის დონე თითქმის თანაბრად გაიზარდა, თუმცა მათ ორგანიზმში ინსულინის გამომუშავებამ საინტერესო ცვლილება განიცადა. მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ ისპანახიანი პურის ჭამის შემდეგ ინსულინის დონის პიკური ზრდა 30 წუთით გვიან დაფიქსირდა, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. გარდა ამისა, ამ პურის მიღებიდან 3 საათში მონაწილეები ძლიერ შიმშილს არ შეუწუხებია, განსხვავებით მათგან, ვინც ჩვეულებრივი თეთრი პური შეჭამა.
ფოტო: FutureFoods
მეცნიერების ვარაუდით, ინსულინის პიკის გადავადებასთან ერთად, ისპანახი, შესაძლოა, ნაწლავებსა და ტვინს შორის არსებულ სიგნალებზე მოქმედებდეს. ეს კავშირი დანაყრების შეგრძნებას აკონტროლებს, რაც, საბოლოოდ, საკვების მიღებასა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმზე ახდენს გავლენას, ანუ ადამიანს უფრო გვიან შივდება.
ეს ექსპერიმენტი იმ კვლევების გაგრძელებაა, რომელთა მიზანიც ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულის შეუმჩნევლად დამატებაა. ჯერ კიდევ 2024 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პურის ცომში 20%-ამდე ისპანახის დამატება პროდუქტის კვებით ღირებულებას საგრძნობლად ზრდის, ხოლო გემო, ტექსტურა და არომატი უცვლელი რჩება.
ჯერჯერობით ისპანახის ზემოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, თუმცა მკვლევრებს რამდენიმე ვერსია აქვთ. გლუკოზის შეთვისებისას ინსულინი შიმშილთან ასოცირებულ ჰორმონებს ნაწილობრივ თრგუნავს, რის შემდეგაც გამოყოფილი GLP-1 ჰორმონი ტვინს დანაყრების სიგნალს უგზავნის. სწორედ ამ პროცესზე მოქმედებს ისპანახში არსებული ნივთიერებებიც.
მსგავს ექსპერიმენტებს სხვა ბოსტნეულზეც ატარებენ. მაგალითად, მწვანე ბარდის ფხვნილით გამდიდრებულმა პურმაც აჩვენა, რომ იგი შიმშილის შეგრძნებას ხანგრძლივად ამცირებს.
რა თქმა უნდა, ბოსტნეულიანი პური ახალ, ჯანსაღ ბოსტნეულს ვერ ჩაანაცვლებს. ამის მიუხედავად, თუ ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტები მსგავსად გამდიდრდება, ეს მოსახლეობას ნივთიერებათა ცვლისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
მკვლევართა თქმით, უჯრედისითა და პოლიფენოლებით მდიდარი მცენარეული საკვების რაციონში ჩართვა ჯანსაღი დაბერებისა და სწორი კვებისკენ გადადგმული უმარტივესი ნაბიჯია.
კომენტარები