ნენსი გრეის რომანის ტელესკოპი უკვე კოსმოსშია! — NASA-ს ახალი "ფლაგმანი"
ფოტო: Space.com / Josh Dinner
ასტრონომიაში ახალი ერა იწყება — 30 აგვისტოს NASA-მ ორბიტაზე კოსმოსური ობსერვატორია გაუშვა, რომელიც სამყაროს უკეთ შესწავლის შესაძლებლობას მოგვცემს. ნენსი გრეის რომანის სახელობის ტელესკოპი კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy-მ გაიტანა. ის კენედის კოსმოსური ცენტრიდან ადგილობრივი დროით 07:26-ზე აფრინდა.
დაახლოებით 2.5. წუთში აპარატის გვერდითა ამაჩქარებლებმა ძრავები გამორთო, რათა განცალკევებულიყო და უკან დაბრუნებულიყო. ამის შემდეგ რაკეტამ გზა მათ გარეშე განაგრძო. აფრენიდან 4.15 წუთში Falcon Heavy-ს მეორე საფეხური გამოეყო, რომელშიც ტელესკოპი იყო მოთავსებული. გაშვებიდან 31 წუთში ობსერვატორიამ ორბიტაზე უკვე დამოუკიდებლად დაიწყო მოძრაობა.
ასევე, იხილეთ: NASA-მ შემდეგი თაობის ტელესკოპის აწყობა დაასრულა — მას არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა შეუძლია
იგი კოსმოსს ლაგრანჟის მეორე წერილიდან დააკვირდება. ესაა ორბიტალური მდებარეობა, რომელიც მუდმივად დედამიწის "ბნელ მხარესაა", ანუ მზესა და ამ რეგიონს შორის ყოველთვის ჩვენი პლანეტაა მოქცეული. იქ განთავსებულ ტელესკოპს არც დედამიწისა და მთვარის სინათლე უშლის ხელს. ამ არეალამდე მისაღწევად მას დაახლოებით 90 დღე დასჭირდება.
აქედან 40-ამდე დღის განმავლობაში ტელესკოპის ინსტრუმენტებს ეტაპობრივად გაააქტიურებენ და სისტემებს შეამოწმებენ. ეს იმისთვისაა აუცილებელი, რომ ობსერვატორია ოპერირებისთვის მოამზადონ. მის პირველ სურათებს, სავარაუდოდ, 2027 წლის დასაწყისში მივიღებთ.
თუ ჰაბლისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპები შორეული ფენომენებისა და ობიექტების შესწავლაში გვეხმარება, ახალი ობსერვატორია კოსმოსის 100-ჯერ უფრო ფართო სურათს დაგვანახებს. მისი ფართოკუთხოვანი ინსტრუმენტი (WFI) სამყაროს განიერ სურათებს გადაიღებს, რომლებიც ულტრამაღალი გარჩევადობის იქნება. ის კორონოგრაფითაცაა აღჭურვილი, რაც ვარსკვლავთა სინათლის დაბლოკვას და ამის მეშვეობით ეგზოპლანეტების დაფიქსირებას ხდის შესაძლებელს.
მნიშვნელოვანია ტელესკოპის სახელიც, რადგან ნენსი გრეის რომანი NASA-ში ასტრონომიის მიმართულებით პირველი ხელმძღვანელი ქალი იყო. იგი კოსმოსში ტელესკოპების გაშვების იდეას არათუ მხარს უჭერდა, არამედ ჰაბლის მისიის დაგეგმვაშიც მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამიტომ, მას "ჰაბლის დედადაც" მოიხსენიებენ.
ამ მისიისთვის დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ, ტელესკოპის შექმნას კი 4 მილიარდო დოლარი დასჭირდა. საინტერესოა, რომ ამისთვის იმ სადაზვერვო სატელიტის ელემენტებიც გამოიყენეს, რომელიც ექსპლუატაციაში არ შესულა.
WFI-ისა და კორონოგრაფის მეშვეობით ნენსი გრეის რომანის ტელესკოპით ბნელ ენერგიასა და ბნელ მატერიას გამოიკვლევენ. პირველი სამყაროს აჩქარებულ გაფართოებასთანაა დაკავშირებული, მეორე კი უხილავია და გალაქტიკებს მთლიანობას უნარჩუნებს. მისიაზე მომუშავე მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი ობსერვატორიის მიერ გადაღებული უმცირესი ფოტოები მილიარდი პიქსელისგან იქნება შედგენილი. მეტი სიცხადისთვის, საუბარია იმდენად მასშტაბურ გამოსახულებებზე, რომ მათ სრულად საჩვენებლად დედამიწაზე საკმარისად დიდი ეკრანი უბრალოდ არ გვაქვს.
WFI ყოველდღიურად ტერაბაიტზე მეტ ინფორმაციას მოიპოვებს. მისი ყველაზე ხანგრძლივი კვლევა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, უდიდესი სურათი კი შეიძლება ტრილიონ პიქსელს აერთიანებდეს.

კომენტარები