10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
ფოტო: თიბისი
საცხოვრებელს, როგორც წესი, თავად არ ვირჩევთ და ჩვენი განათლების ხარისხს რაღატომ უნდა განაპირობებდეს? საერთოდაც, რომელია სწორი ადგილი განათლებისთვის?
საბედნიეროდ, ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად დღეს უკვე აღარ გვჭირდება, რომ სადმე ფიზიკურად ვიყოთ — ხშირად უბრალოდ ინტერნეტი და საბაზისო ფუნქციების მქონე კომპიუტერიც საკმარისია. არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ, რადგან განათლების მიღება ონლაინ უკვე ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი.
ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად ასეა თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების შემთხვევაში. თიბისი ტექსკოლა, IT აკადემია და კამპუსი ნებისმიერ ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, საცხოვრებელი ადგილის განურჩევლად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. თიბისიმ ამ პროგრამებით უკვე 11 ათასზე მეტი ახალგაზრდა გადაამზადა, აქედან ზოგი კი (მათ შორის, ამ სტატიის ერთ-ერთი გმირი) უკვე თიბისელიც გახდა.
თითოეული პროგრამა, ვინაიდან ფიზიკური ბარიერების მოხსნას ემსახურება, კურსის მონაწილეებს არაერთ საქმეს უმარტივებს, დროის მართვა იქნება ეს, პრაქტიკული გამოცდილების შეძენა თუ მრავალფეროვანი ცოდნის შეძენა. ამაზე დასაბუთებულად საუბარიც შეგვიძლია, კურსდამთავრებულებმა On.ge-ში თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს.
სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ჩვენი სტატიის 3 გმირს გაგაცნობთ:
ანანო აბულაძე 17 წლისაა და თერჯოლიდან არის. სკოლა წელს დაამთავრა. ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი დიდი ნაბიჯი 2024 წელს გადადგა, როცა თიბისი ტექსკოლაში პირველი კურსი გაიარა. ჯერ გრაფიკული დიზაინი ისწავლა, შემდეგ UI/UX დიზაინი, ბოლოს კი — მობილური აპლიკაციების შექმნა. თიბისი ტექსკოლა იდეების რეალიზებასა და საკუთარი ინტერესების აღმოჩენაში დაეხმარა.
გიორგი ბურდულაძე 21 წლისაა, რუსთავიდან არის და 2023 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვან პროგრამაზე. თიბისი IT აკადემიაში სწავლა 2025 წლის სექტემბერში დაიწყო Front-end დეველოპმენტის მიმართულებით. პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა და უკვე თიბისიშიც დასაქმდა.
ნუცა არაბული 21 წლისაა, ისიც რუსთავიდან არის. ESM-ზე სწავლობს და არ სჯერა, მაგრამ უკვე მეოთხე კურსის სტუდენტია. თიბისი კამპუსის კურსი, მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება, 2025 წლის გაზაფხულზე გაიარა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მისთვის საინტერესო მიმართულებით, სტარტაპების შექმნის კუთხით, ღირებული პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა.
ახლა კი, აი, 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით:
1-ელი და მარტივი: ვერ შევძლებდით კურსებზე დასწრებასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას
უნივერსიტეტებიც და სხვადასხვა საგანმანათლებლო აკადემიაც უმეტესად თბილისშია თავმოყრილი, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი დასასწრებად რამდენიმესაათიანი მგზავრობა მოუწევთ. ვაღიაროთ, კვირაში რამდენჯერმე ამის კეთება არცთუ რეალურია. კურსებიდან მიღებული შესაძლო სარგებელიც მხოლოდ გამოუყენებელი პოტენციალი იქნება.
ამაზე ანანოც მესაუბრა, რომელიც თიბისი ტექსკოლაში თერჯოლიდან მონაწილეობდა:
"ონლაინგანათლების გარეშე პირველ რიგში ვერ მივიღებდი იმ შესაძლებლობას, რომელიც ჩემ გარშემო ფიზიკურად ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ჩემს რეგიონში ტექნოლოგიების მიმართულებით კურსების არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია", — მითხრა მან.
"ტექსკოლის მაგალითზე რომ ვთქვა, ონლაინფორმატის გარეშე ალბათ ვერ შევძლებდი გრაფიკული დიზაინის, UI/UX დიზაინისა და მობილური აპლიკაციების შექმნის მიმართულებით კურსების იმავე პირობებში გავლას. სხვა ქალაქში რეგულარულად სიარული საკმაოდ რთული იქნებოდა დროისა და გადაადგილების გამო, ონლაინ სწავლის საშუალებით კი ეს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად შევძელი".
ანანოს ხატვა უყვარს და უნდოდა, ეს ინტერესი ტექნოლოგიებთან დაეკავშირებინა. გამოუვიდა კიდეც:
"აქამდე, როცა იდეები მომივიდოდა, ვცდილობდი ისინი საღებავებითა და ნახატებით გადმომეტანა, ხოლო შემდეგ გრაფიკული დიზაინის დახმარებით ამ იდეების ტექნოლოგიებით გადმოცემა შევძელი", — მითხრა მან — "ამ კურსებმა მომცა ცოდნა, რომლის საშუალებითაც შემეძლო, ჩემი აზრები, ფიქრები თუ იდეები ერთ სივრცეში შემეკრიბა და მათთვის კონკრეტული ფორმა მიმეცა".
ამ აღმოჩენამ საკუთარ ინტერესებსა და სამომავლო გეგმებშიც უკეთ გამოარკვია — ანანოსავე სიტყვებით, მისთვის ფაქტობრივად ახალი შესაძლებლობების კარი გახსნა.
"ონლაინგანათლებამ ჩემთვის სივრცე გააფართოვა — მან მაჩვენა, რომ ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად შემიძლია ვისწავლო, განვვითარდე და ისეთ შესაძლებლობებს მივწვდე, რომლებიც ჩემ გარშემო შეიძლება საერთოდ არ არსებობდეს", — თქვა მან.
2. არ გვექნებოდა განათლებაზე თანაბარი წვდომა
კურსებზე დასწრების სირთულე ან მათი ხელმისაწვდომობის ნაკლებობა თბილისში ნაკლებად აქტუალური პრობლემაა, თუმცა რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დიდ ბარიერს ქმნის ის ფაქტი, რომ საგანმანათლებლო — განსაკუთრებით ტექმიმართულებით — კურსების უმრავლესობა ადგილობრივად არ ტარდება. გადაადგილებაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ბევრ დროს მოითხოვს.
"ზოგადად თერჯოლაში ან თუნდაც იმერეთში ასეთი ხარისხიანი კურსების ნაკლებობაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კურსი კონკრეტულ ტექნოლოგიურ მიმართულებას ეხება და ხარისხიან სწავლებას გვთავაზობს", — მითხრა ანანომ — "სკოლის გარდა, განათლების მისაღებად ონლაინკურსები ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფიზიკური კურსის შემთხვევაში ზოგჯერ მდებარეობა ან გრაფიკი საერთოდ არ გვაძლევს მასში მონაწილეობის საშუალებას".
ანანოს აზრით, "ონლაინგანათლება გარკვეულწილად ამცირებს იმ განსხვავებას, რომელიც ქალაქებსა და რეგიონებს შორის საგანმანათლებლო შესაძლებლობების მხრივ არსებობს".
ნუცა არაბული, რომელიც რუსთავიდანაა, ანანოს ხედვას საკუთარი ქალაქის მაგალითზეც ადასტურებს:
"ისეთი მასშტაბური კურსები, რომლებიც მხოლოდ თბილისში და მხოლოდ ფიზიკური დასწრებით ტარდება, ადგილობრივად ხელმისაწვდომი არ არის. რუსთავი შედარებით ახლოსაა დედაქალაქთან და წასვლა კიდევ შესაძლებელია, მაგრამ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ეს საკმაოდ დიდ ბარიერს ქმნის", — მითხრა მან — "ბევრისგან მომისმენია გულის წყვეტა, როცა კონკრეტული კურსი აინტერესებთ, თუმცა მხოლოდ თბილისში ჩატარების გამო ვერ ახერხებენ დასწრებას. სწორედ ამიტომ არის ონლაინფორმატი ასეთი მნიშვნელოვანი. ის თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ყველას, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად".
3. ვერ ვისწავლიდით უნივერსიტეტის ან სამსახურის პარალელურად
უნივერსიტეტში ლექცია-სემინარები განსაზღვრულ დროს ტარდება და სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს ფიზიკურად ვერ მოერგება. სამსახურშიც ხშირად განსაზღვრულ დროებში უნდა ვიყოთ ხოლმე. ონლაინგანათლების შემთხვევაშიც მსგავსადაა, თუმცა ამ შემთხვევაში გადაადგილებისათვის საჭირო დრო მთლიანად შეგვიძლია დავივიწყოთ და, როგორც ნუცა იტყოდა, ერთდროულად რამდენიმე ადგილას გავჩნდეთ.
"ჰერმიონს რომ ჯადოსნური დროის მოწყობილობა აქვს აზკაბანის ტყვეში, ერთდროულად რომ რამდენიმე ადგილას გაჩენა შეუძლია, დაახლოებით ეგეთი შესაძლებლობები გამიჩინა ონლაინპლატფორმების აღმოჩენამ", — მითხრა ნუცამ და გაიხსენა: "უნივერსიტეტის ლექცია სრულდება 5 საათზე, ძალიან საინტერესო ლექცია ონლაინ იწყება 6-ის 15 წუთზე. 15 წუთში როგორ მივიდოდი სადმე? ონლაინფორმატის გამო ეგეთი პრობლემები აღარ არსებობდა, იქვე, ცარიელ აუდიტორიაში დავჯდებოდი და მშვიდად გავიღრმავებდი ჩემს ცოდნას. ასე გავატარე 3 წელი სტუდენტობის და კიდევ ვაპირებ უდიდესი მონდომებით".
4. ვერ დავზოგავდით დროს
და ვერც სხვა, ხშირად არცთუ ცოტა, საქმეს მოვახმარდით ამ დროს, როგორც ანანოს შემთხვევაში მოხდა:
"[ონლაინ სწავლის] ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ჩემთვის დროის მენეჯმენტი იყო. რადგან კურსი ონლაინ ტარდებოდა, სახლიდან ჩართვა შემეძლო და არ მჭირდებოდა სხვა ქალაქში ან რომელიმე კონკრეტულ ადგილას წასვლა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ასე კურსის პარალელურად სხვა საქმეებისა და სწავლისთვისაც უფრო მარტივად ვანაწილებდი დროს".
დროის მართვა ონლაინ სწავლამ გიორგისაც ძალიან გაუმარტივა, დაზოგილ რესურსს ისევ სწავლაში დებდა.
"რადგან რუსთავში ვცხოვრობ, თბილისში ინტენსიურად სიარული დიდ დროს წაიღებდა. კურსი ფიზიკურ ფორმატში რომ ყოფილიყო, დასწრებას კი შევძლებდი, მაგრამ გზაში დახარჯული დრო უნივერსიტეტსა და სხვა საქმეებს მოაკლდებოდა", — თქვა მან — "ონლაინ რეჟიმმა საშუალება მომცა, რომ ეგ დაზოგილი დრო პირდაპირ დავალებების კეთებასა და მეცადინეობაში ჩამედო".
5. ვერ გავიღრმავებდით ცოდნას
როგორც უკვე აღვნიშნე, გიორგი რუსთავიდან არის. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ბოლო წლებში აქ ნამდვილად გამოჩნდა სხვადასხვა შესაძლებლობა ტექნოლოგიური მიმართულებების შესასწავლად. მეორე მხრივ, გიორგის შეფასებით, ისინი მხოლოდ საბაზისო ცოდნას იძლევა.
"თუ უკვე კონკრეტული ტექნოლოგიის უფრო სერიოზულად სწავლა გინდა და გჭირდება ადამიანთან მუშაობა, რომელიც ამ სფეროში ყოველდღიურად მუშაობს, ასეთი შესაძლებლობები ბევრად ნაკლებია", — მითხრა მან.
გიორგი თავის განათლებას უმეტესად ონლაინრესურსებსა და დამოუკიდებლად სწავლას მიაწერს. მათგან განსხვავებით, თიბისის ონლაინგანათლების კურსები რეალურ დროში ტარდება, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოლექციების გამოყენების ნაცვლად. ამის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ კითხვების დასმა და საკითხში სიღრმისეულად გამორკვევა უფრო მარტივია. ეს გიორგიმაც გამოარჩია:
"სანამ IT აკადემიაში მოვხვდებოდი, მეგონა, გარკვეული ბაზა უკვე მქონდა და ბევრი რამ ვიცოდი. სწავლის პროცესში მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა ბევრ საკითხში ზედაპირული იყო და ბევრი რამის თავიდან, უფრო კარგად სწავლა მომიწია", — მითხრა გიორგიმ.
ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გამრავალფეროვნებაში ონლაინგანათლება ნუცასაც დაეხმარა.
"მის გარეშე უბრალოდ ვერ შევძლებდი, აკადემიური განათლების პარალელურად შემეძინა ის პრაქტიკული ტექნიკები თუ ინფორმაცია, რაც ჩემს სპეციალობასა და მის მიღმა ინტერესებს ასე ძალიან ამდიდრებს", — მითხრა მან — "პირადად მე, მის გარეშე ვერ შევძლებდი, რომ ახლა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარდა, სხვა საინტერესო ინფორმაციები, ფაქტები, ტექნიკები მცოდნოდა თუნდაც იმ სფეროში, რომელსაც ვსწავლობ, და მაგის გარეთაც".
6. ვერ მივიღებდით პრაქტიკულ გამოცდილებას, ანუ ვერ ვაქცევდით იდეებს რეალობად
გიორგი Angular-ს დამოუკიდებლადაც სწავლობდა, შესაბამისი საგანი უნივერსიტეტშიც გაიარა, თუმცა ატყობდა, რომ პრაქტიკული გამოცდილება აკლდა. თიბისი IT აკადემიის კურსითაც ამიტომ დაინტერესდა და გაუმართლდა კიდეც მოლოდინი, თეორიული ცოდნა პრაქტიკითაც შეავსო:
"კურსს თიბისის მოქმედი დეველოპერები უძღვებოდნენ და სწავლა ძირითადად პრაქტიკაზე იყო ორიენტირებული", — მითხრა მან — "როცა იცი, რომ შენი მენტორი თვითონ მუშაობს დეველოპერად და კურსის ბოლოს რეალური პროექტიც უნდა გააკეთო, ხვდები, რომ მიღებული ცოდნა რეალურად გამოგადგება".
პრაქტიკული ელემენტი ანანოსაც განსაკუთრებით დაამახსოვრდა, სკოლის სტრუქტურირებულ გარემოსთან პარალელებიც გაავლო:
"მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებდით. მხოლოდ თეორიის მოსმენით არ შემოვიფარგლებოდით, პროექტებს ვქმნიდით და ახალ იდეებს ვახორციელებდით", — მითხრა მან — "[სასკოლო განათლებასთან შედარებით] აქ მეტი თავისუფლება და პრაქტიკული გამოცდილება მქონდა. სკოლაში ძირითადად პროგრამით გათვალისწინებულ მასალას ვსწავლობთ, ტექსკოლაში კი შესაძლებლობა მქონდა, თავად მომეფიქრებინა იდეები, სხვადასხვა მიმართულება გამომეცადა და საკუთარი ინტერესების მიხედვით მემუშავა".
7. ვერ ვისწავლიდით დამოუკიდებლად მუშაობას
სწავლის პროცესს რომ არავინ გვიკონტროლებს — ზრდასრულ ცხოვრებაში ასეა — გვიწევს ხოლმე, პასუხისმგებლობა თავადვე ავიღოთ. სკოლის გარემოსგან შორს, თიბისი ტექსკოლაში, ანანომ ეს უნარიც გამოიმუშავა:
"ონლაინ სწავლამ დამოუკიდებლად მუშაობა მასწავლა. როცა ფიზიკურად საკლასო ოთახში არ ხარ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. თავად უნდა გაანაწილო დრო, შეასრულო დავალებები და ყურადღება არ მოადუნო", — მითხრა მან — "ვფიქრობ, ეს გამოცდილება მომავალშიც ძალიან გამომადგება, რადგან ტექნოლოგიურ სფეროში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი საკმაოდ მნიშვნელოვანია.
8. ვერ გავიცნობდით მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე ადამიანებს
ფიზიკურ სამყაროში ფუნქციონირებისას ჩვენი თვალსაწიერი მეტწილად იმ ადამიანებით შემოიფარგლება ხოლმე, რომლებთანაც ინტერაქციაში შევდივართ. აი, ონლაინგანათლება ამ ფიზიკურ საზღვარს მთლიანად აქრობს — შეგიძლია ისეთ ადამიანებს მისწვდე, რომლებსაც ვერსად გადაეყრებოდი. თიბისის ონლაინგანათლების კურსებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაფანტული მონაწილეები არაერთ წამყვან პროფესიონალს შეახვედრა ერთდროულად.
"ონლაინ სივრცის დიდი უპირატესობა ისიც იყო, რომ ბევრი საინტერესო და გამოცდილი ადამიანის გაცნობის შესაძლებლობაც მომცა. სწავლის პროცესში დავუკავშირდი ადამიანებს, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე", — თქვა გიორგიმ — "მხოლოდ ფიზიკურ გარემოზე რომ ვყოფილიყავი დამოკიდებული, ასეთი ადამიანების გაცნობა და მათგან სწავლა ბევრად უფრო რთული იქნებოდა".
9. ვერ ვისწავლიდით სწავლას
ყოველ შემთხვევაში, კომფორტულ გარემოში ვერა. თიბისი IT აკადემიის მიდგომამ მინიმუმ ერთ ადამიანს, კონკრეტული ტექნოლოგიების გარდა, სწავლაც ასწავლა — უნარი შესძინა, რომ ახალი ცოდნა ეფექტიანად აითვისოს.
"ამ სფეროში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და მხოლოდ დაზეპირებული კოდით შორს ვერ წახვალ", — თქვა გიორგიმ — "იქ სწავლისას ისეთი მიდგომა ჩამომიყალიბდა, რომ ახალი ტექნოლოგიის ან ინსტრუმენტის სწავლა დღეს ბევრად მარტივად შემიძლია".
მხოლოდ ეს არ ყოფილა, კურსიდან უკუკავშირის მიღება და კოოპერაციაც ისწავლა:
"სხვისი კრიტიკის კონსტრუქციულად მიღება და საკუთარ შეცდომებზე სწავლა ფასდაუდებელი გამოცდილება აღმოჩნდა", — თქვა მან — "ახლა, როცა უკვე თიბისიში გუნდთან ერთად ვმუშაობ, ამას ყოველდღე ვხედავ. კარგი კომუნიკაცია და ერთმანეთისთვის უკუკავშირის მიცემა და მიღება სამუშაოს ჩვეულებრივი ნაწილია".
10. ვერ ვიმოძრავებდით დროსთან ერთად
თანამედროვე სამყაროში ყველაფერი მართლაც ძალიან სწრაფად ხდება. ტექნოლოგიური მიმართულებები განსაკუთრებით სწრაფად იზრდება და ვითარდება, ამის კვალდაკვალ მიყოლა კი არც ისე მარტივია — განსაკუთრებით მაშინ, თუ დღეში 2 საათი საცობში უნდა გაატარო...
"დრო ძალიან ძვირფასი და მოსაფრთხილებელია, ონლაინფორმატები კი თითქოს ჩვენი დამხმარეა ამ აურზაურში", — თქვა ნუცამ — "ჩემი მეგობრები და მე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ თემაზე და იმაზე, რომ ბედნიერებაა დღეს ასეთი საშუალებების არსებობა — რომ შეგვიძლია, რაც გვინდა, და, როცა გვინდა, მაშინ ვისწავლოთ".
ახალგაზრდაა, თითქოს ყველაფერი წინ აქვს და არ ეჩქარებაო, მაგრამ ნუცას მცირე დროის გაფლანგვაც კი არასწორი ჰგონია.
"ეგეთი პატარა ნაბიჯებით, სხვა თუ არაფერი, საბოლოოდ გზის გაკვლევას მაინც შევძლებთ ამ უსწრაფესად მოძრავ სამყაროში და სადღაც უკან არ ჩამოვრჩებით", — დასძინა ნუცამ.
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების მონაწილეები დისტანციურ, ინტერაქციულ ფორმატში სწავლობენ და მარტივად ეკონტაქტებიან ლექტორებსა თუ მენტორებს, რომლებიც ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები არიან. შეუძლიათ ისწავლონ სახლიდან, არ მოსწყდნენ სამსახურს, ოჯახსა და ყოველდღიურ ცხოვრებას; ამასთანავე, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიცნონ საერთო ინტერესების მქონე თანატოლები და მათთან ერთად რეალურ პროექტებზე იმუშაონ.
ონლაინგანათლება, მათ შორის თიბისის ინიციატივების დამსახურებითაც, დღეს იმაზე ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე — მთავარია, მოვინდომოთ და პირველი ნაბიჯი გადავდგათ. როცა სწავლის ფორმატი ასეთ მოქნილობას გვთავაზობს, წარმატება უკვე ნაკლებად არის დამოკიდებული იმაზე, აღმოვჩნდებით თუ არა სწორ დროსა და სწორ ადგილას — სწორი დრო და ადგილი შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს.
ზუსტად ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ თიბისის ონლაინ განათლების პროგრამებია სწორი ადგილი განათლებისთვის!




კომენტარები