20 წელზე მეტია, რაც კოსმოსური ობსერვატორია Swift სამყაროში ყველაზე მძლავრ აფეთქებებს — გამა-ანთებებს — აკვირდება. NASA-მ ის 2004 წელს გაუშვა, რათა ენერგიული კოსმოსური მოვლენები სწრაფად დაეფიქსირებინა და აღმოჩენების შესახებ სხვა ტელესკოპებისთვის ეცნობებინა. მაგალითად, როცა ვარსკვლავი კოლაფსს განიცდის ან გამა-ანთება ხდება, Swift მოვლენას მცირე დროში აფიქსირებს და სხვა ობსერვატორიებს შესაბამისი წერტილისკენ მიმართავს.

ბოლო წლებში ობსერვატორიის მუშაობას მისი ორბიტის თანდათანობითი ცვლილება ართულებს. დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი სხვა აპარატების მსგავსად, Swift ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების გამო სიმაღლეს კარგავს. ეს პროცესი მზის აქტიურობის ზრდამ კიდევ უფრო დააჩქარა, რადგან ამ დროს ატმოსფეროს ზედა ფენები ფართოვდება და თანამგზავრზე მოქმედი წინააღმდეგობაც იზრდება. შედეგად, ობსერვატორიის სიმაღლე დაახლოებით 600-დან 400 კილომეტრამდე შემცირდა.

NASA-მ Swift-ის გადასარჩენად ამერიკულ სტარტაპ Katalyst Space Technologies-ს სპეციალური რობოტული აპარატის, LINK-ის, შექმნა დაუკვეთა. მისი მიზანი ობსერვატორიასთან მიახლოება, მასთან მიერთება და უფრო მაღალ, სტაბილურ ორბიტაზე გადატანა იყო. NASA-მ პროექტისთვის კომპანიას 30 მილიონი დოლარი გამოუყო, ხოლო LINK-ის შექმნას მხოლოდ 7 თვე დასჭირდა.

ამის მიუხედავად, მისია გეგმის მიხედვით არ დასრულებულა.

აპარატი 3 ივლისს Northrop Grumman-ის რაკეტა Pegasus XL-ით გაგზავნეს (თვითმფრინავზე მიერთებული გამშვები სისტემა). ის Swift-ს უნდა მიახლოებოდა და სპეციალური მექანიზმით "ჩაეჭირა", თუმცა გაშვებიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ LINK-მა უკონტროლოდ ბრუნვა დაიწყო, რის გამოც საფრთხის ქვეშ თავად სამაშველო მისია აღმოჩნდა.

19 აგვისტოს NASA-მ განაცხადა, რომ LINK-ის მეშვეობით ტელესკოპის გადარჩენის გეგმა ძალაში აღარაა. ეს არ ნიშნავს, რომ მისია დასრულდა, რადგან აპარატი ობსერვატორიას მაინც მიუახლოვდება და სხვადასხვა მანევრს გამოცდის. მიზანი შესაძლებლობების დემონსტრირებაა, რათა განსაზღვრონ, რამდენად გამოიყენებენ მას სამომავლოდ, სხვა ზონდების გადასარჩენად.

NASA-ს ხელმძღვანელ ჯარედ აიზეკმენის თქმით, მათი გეგმა სწრაფ მოქმედებასა და რისკებს გულისხმობდა, ამიტომ მისია საცდელად ღირდა. იგი აღნიშნავს, რომ გუნდმა გასაოცარი სისწრაფით იმუშავა, რათა Swift-ისთვის დრო გაეხანგრძლივებინა და სატელიტების ოპერირების მხრივ წინსვლის შესაძლებლობა ეჩვენებინა.

ვინაიდან ობსერვატორიის ორბიტის შეცვლა ვერ მოხერხდა, ის დაღმასვლას განაგრძობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ Swift დედამიწის ატმოსფეროში უკონტროლოდ ამ წლის ბოლოს შემოვა. დიდი ალბათობით, ის მეტწილად იქვე დაიწვება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.