ხილის AI-ვიდეოებით ბავშვებამდე ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსი აღწევს
ფოტო: TikTok
ექსტრემიზმისა და ტექნოლოგიის გლობალური ქსელის (GNET) მკვლევრებმა ახალი ანალიზი გამოაქვეყნეს. მისი მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებული "გაადამიანურებული" ხილის ვიდეოები ძალადობრივი და ექსტრემისტული შიგთავსის გავრცელების გზაა.
ამ სტილის ვიდეოებს სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით. მათი პერსონაჟები ძირითადად სხვადასხვა ხილია, რომლებსაც ადამიანის ტანი აქვს. სიუჟეტი დრამატულია ხოლმე: სასიყვარულო სამკუთხედები, სამსახურის დაკარგვა და ა.შ. ამ ყველაფერთან ერთად, GNET-ის ანალიტიკოსებმა შენიშნეს, რომ ეს ერთგვარი ანიმაციები ხშირად "ხილისა და ბოსტნეულის სისხლიან ძალადობას" ასახავს, მაგალითად, წამებას, დასახიჩრებასა და მსგავს ქმედებებს.
ასევე იხილეთ: AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
მკვლევრები ამბობენ, რომ ამ ვიდეოებში ხშირად სისასტიკე ზოგად ჭრილში არაა განხილული. პირიქით, პერსონაჟები კონკრეტულ ჯგუფებს ან იდეოლოგიებს განასახიერებენ/მიეკუთვნებიან, მაგალითად, კრიმინალურ კარტელებს, ულტრამემარჯვენეებს ან უკიდურეს ნიჰილისტებს.
ანალიტიკოსების აზრით, ეს ყველაფერი ძალადობის "განდიდებას" შეიძლება ემსახურებოდეს, განსაკუთრებით მცირეწლოვან მაყურებლებში. ყურადსაღებია ისიც, თუ როგორ მუშაობს სოციალური ქსელების ალგორითმი: მსგავსი შინაარსის რამდენიმე ვიდეოს ნახვის შემდეგ სისტემა კიდევ უფრო მეტ ასეთ შიგთავსს გვთავაზობს. საბოლოოდ, ბავშვებმა შეიძლება რადიკალიზმთან დაკავშირებული და ძალადობის წამხალისებელ ბევრ ვიდეოს უყურონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ GNET-ის ანალიზი უმეტესწილად ზედაპირულია. თუ AI-ს ბავშვებში ძალადობის წასახალისებლად მართლაც იყენებენ, ნაკლებად ცნობილია, ამაში კონკრეტულად ხილის ვიდეოებს რამდენად დიდი როლი აქვს. ბევრი ექსპერტი GNET-ის ორგანიზაციას ხშირად ციფრული ცენზურისკენ მოწოდების გამო აკრიტიკებს კიდეც.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მიმოხილვაში გამოთქმული შეშფოთება არახალია და ამ ყველაფერს გარკვეული საფუძველი ნამდვილად აქვს. AI-შიგთავსი უკვე ყველგანაა. შესაძლოა, ეს ვიდეოები ბავშვებს კიდევ უფრო ხიბლავს, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ზოგმა ადამიანმა ეს ძალადობის ან დისკრიმინაციული იდეოლოგიების გასავრცელებლადაც გამოიყენოს.
ისიც ცნობილია, რომ მსგავსი ვიდეოები დროის არაპროდუქტიულად გაყვანის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მეორე მხრივ, ეს ბევრი ადამიანისთვის გართობის კარგი საშუალებაა, უკიდურესი ძალადობის ამსახველი კადრები კი ხილის ვიდეოების მხოლოდ მცირე ნაწილშია.

კომენტარები