2024 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ COVID ვაქცინების გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გარდაცვლილიყო, დეზინფორმაციისა და სხვა ხარვეზების გამო სამეცნიერო ჟურნალმა უკან გაიხმო. ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა ეს კვლევა არაერთხელ გამოიყენეს ვაქცინისადმი სკეპტიციზმის გასაღვივებლად.

სტატია სამეცნიერო ჟურნალში, BMJ Public Health-ში, 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა. ავტორებმა 47 დასავლური ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს. მათი დასკვნით, 2020-დან 2022 წლამდე ამ ქვეყნებში 3 მილიონი ადამიანი დამატებით გარდაიცვალა, ვიდრე ჩვეულებრივ მოსალოდნელი იყო. ამ მოვლენას "ჭარბი სიკვდილიანობა" ჰქვია.

სამეცნიერო ჟურნალებში სტატიის "უკან გახმობა" ჟურნალის ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილებაა — ეს ხდება მაშინ, როცა გამოქვეყნების შემდეგ სერიოზული პრობლემა აღმოჩნდება: მონაცემები არასწორია, მეთოდოლოგია ხარვეზიანია, ან დასკვნებს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. სტატია ფორმალურად კვლავ ხელმისაწვდომია, მაგრამ აშკარა ნიშნით აღინიშნება, რომ მასზე დაყრდნობა აღარ შეიძლება.

ჟურნალმა გაწვევის შესახებ განცხადებაში დაწერა, რომ კვლევის ავტორები სიკვდილიანობის მიზეზებზე არასწორად საუბრობდნენ და სიმართლეს ამახინჯებდნენ.

"მთლიანობაში, ჟურნალი ასკვნის, რომ სიკვდილიანობის მიზეზების განხილვა დაუბალანსებელია, სიზუსტე აკლია და დეზინფორმაციას შეიცავს", — აღნიშნულია BMJ-ის უკან გაწვევის შესახებ განცხადებაში.

კვლევაში პირდაპირ არ ეწერა, რომ ვაქცინები ან კარანტინის წესები სიკვდილის მიზეზი იყო. მაგრამ ავტორები აღნიშნავდნენ, რომ COVID ვაქცინებმა, რომლებმაც სიცოცხლე გადაარჩინა, ბევრ ადამიანში, შესაძლოა, საზიანო გვერდითი მოვლენებიც გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ეს კვლევა არაერთხელ დაიმოწმეს, თითქოს COVID-თან დაკავშირებული მეცნიერება და გადაწყვეტილებები არასწორი, ან თუნდაც განზრახ საზიანო იყო.

სტატიის გამოქვეყნებისთანავე, მისი სანდოობა სხვა მეცნიერებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. ერთი თვის შემდეგ თავად ჟურნალმა გამოძიება დაიწყო. იგივე გააკეთა ნიდერლანდების საბავშვო საავადმყოფომაც, პრინცესა მაქსიმას ცენტრმა, სადაც კვლევის ოთხი ავტორიდან სამი მუშაობდა.

კვლევის ავტორმა, სასკია მოსტერტმა, 2026 წლის ივნისში აშშ-ის სენატის ერთ-ერთი კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცა. მან განაცხადა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თავად და მისი კოლეგები "ბრმა და ირაციონალურ სიბრაზეს" შეეჩეხნენ. მოსტერტმა ასევე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც კლინიკამ მისი კვლევის შემოწმება დაიწყო, საავადმყოფო დატოვა. მისი თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ "უხერხული სამეცნიერო კითხვების დამსმელი" ადამიანები დაეშინებინათ და გაეჩუმებინათ.

გამოკვლევის დროს ერთმა ეკონომისტმა, არიელ კარლინსკიმ, ჟურნალს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, რომ სტატია გაეხმოთ. მისი განცხადებით, კვლევის ავტორებმა მისი მონაცემები არასწორად გამოიყენეს და მისივე ნაშრომიდან დიდი ნაწილები პირდაპირ გადმოწერეს.

პრინცესა მაქსიმას ცენტრის შემოწმებამ თაღლითობის მტკიცებულება ვერ დაადასტურა. თუმცა ცენტრმა დაასკვნა, რომ სტატია არაპროპორციულად დიდ ყურადღებას უთმობდა იმას, რომ ვაქცინებმა და კარანტინის წესებმა, შესაძლოა, ეს ჭარბი სიკვდილიანობა გამოიწვია, ხოლო სხვა შესაძლო ახსნები თითქმის მთლიანად უგულებელყოფილი იყო.

"ის ფაქტი, რომ ჭარბი სიკვდილიანობა მოხდა, ცნობილი იყო და სიახლეს არ წარმოადგენდა", — წერდა ცენტრი თავის ანგარიშში — "მიუხედავად იმისა, რომ ავტორები ამ სიკვდილიანობის ნამდვილ მიზეზებს არ იკვლევენ, სტატიის დიდი ნაწილი სწორედ იმაზეა ფოკუსირებული, როგორ შეიძლება ის აიხსნას".

მას შემდეგ, რაც ჟურნალმა სტატია საბოლოოდ გახმო, სამმა ჰოლანდიელმა მეცნიერმა ჟურნალს წერილით მიმართა და გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა. მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, პოლიტიკურმა ზეწოლამ განაპირობა და სხვა მეცნიერებისთვის საშიში მაგალითია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.