იაპონელმა მკვლევრებმა ქვაში, სადაც მოზაზავრის ცნობილი ნაშთები ინახებოდა, დამატებით ოთხი ძვალი იპოვეს, რომლებიც თითქმის 30 წლის განმავლობაში ვერავინ შენიშნა.

ერთ-ერთი ახლად იდენტიფიცირებული ნამარხი არის პრემაქსილა (premaxilla) — ზედა ყბის წინა ძვალი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იაპონიაში აღმოჩენილი მოზაზავრის ნამარხში პრემაქსილა დადასტურდა. ნაშთებში არსებული სხვა უჩვეულო ანატომიური მახასიათებლები მანამდე აღწერილ მოზაზავრებში დაფიქსირებულ ნიშნებს არ ემთხვევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოველი, შესაძლოა, მეცნიერებისთვის ახალ სახეობას წარმოადგენდეს.

უძველესი ზღვის რეპტილიების ნამარხების ხელახალი შესწავლა

მოზაზავრები დიდი ზომის ზღვის რეპტილიები იყვნენ, რომლებიც მსოფლიო ოკეანეებში გვიან ცარცულ პერიოდში, დაახლოებით 98-დან 66 მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ.

მოზაზავრის ილუსტრაცია

ფოტო: სატოში კავასაკი / Okayama University of Science

ამ კვლევაში განხილული ნამარხები პირველად 1990-დან 1992 წლამდე პერიოდში, ოსაკას პრეფექტურის ქალაქ კაიზუკაში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ისინი ქალაქ კიშივადას ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახებოდა. მკვლევრები ქვის ჯერ ბოლომდე დაუმუშავებელ ნაწილებს ახლახან დაუბრუნდნენ და აღმოაჩინეს, რომ მასში კიდევ ოთხი ნამარხი ძვალი იყო ჩარჩენილი.

აღმოჩენებს შორის პრემაქსილა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის იაპონიაში აღმოჩენილი მოზაზავრის ეგზემპლარში თავის ქალის ამ ნაწილის პირველი დადასტურებული მაგალითია.

როდესაც ნამარხები აღმოაჩინეს, მეცნიერებს შესადარებლად მოზაზავრის გაცილებით ნაკლები ეგზემპლარი ჰქონდათ ხელმისაწვდომი, რის გამოც რთული იყო ზუსტად განესაზღვრათ, რა სახის მოზაზავრს ეკუთვნოდა ეს ძვლები. მას შემდეგ ათწლეულების განმავლობაში, მკვლევრებმა მთელ მსოფლიოში გაცილებით მეტი ანატომიური ინფორმაცია და შესადარებელი ნამარხების უფრო დიდი კოლექცია დააგროვეს. ამ მიღწევებმა გუნდს საშუალება მისცა, ძვალი პრემაქსილად ამოეცნო.

თავის ქალის უჩვეულო მახასიათებლები — ახალი სახეობა?

მკვლევრებმა ასევე ნეიროკრანიუმთან მდებარე ძვალი, basisphenoid, შეისწავლეს და რამდენიმე გამორჩეული მახასიათებელი აღმოაჩინეს.

ძვალს გარეთ მიმართული მოკლე შვერილები აქვს, რომლებიც რქებს ჰგავს, და ვენტრალური მედიანური ღარი არ გააჩნია. ეს მახასიათებლები მანამდე ცნობილ მოზაზავრებში დაფიქსირებული ნიშნებისგან განსხვავდება. თვისებების ასეთი უჩვეულო კომბინაცია აჩენს შესაძლებლობას, რომ ნამარხი ისეთ სახეობას ეკუთვნის, რომელიც ჯერ არ აღწერილა.

მიღებული შედეგები ცხადყოფს, რამდენად ღირებული შეიძლება იყოს მუზეუმებსა და საკვლევ კოლექციებში დაცული დაუმუშავებელი ეგზემპლარების ხელახლა შესწავლა. ათწლეულების განმავლობაში შენახული ნამარხები შეიძლება ჯერ კიდევ შეიცავდეს მნიშვნელოვან ძვლებს ან სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მათი პირველადი შეგროვებისას ვერ შენიშნეს.

აღმოჩენა, შესაძლოა, მეცნიერებს დაეხმაროს, ცარცული პერიოდის განმავლობაში წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არსებულ საზღვაო ეკოსისტემებზე უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნან. ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ეს ეგზემპლარი მოზაზავრის ახალ სახეობას, ამის დასადგენად, დამატებითი კვლევა იქნება საჭირო.

კვლევის შედეგები იაპონიის პალეონტოლოგიური საზოგადოების 177-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს, რომელიც ივნისში ოსაკას მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში გაიმართა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.