რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
ფოტო: Tero Vesalainen/Shutterstock
ადამიანის ცხოვრება ყოფიერების ორი ფუნდამენტური ფორმით ვითარდება: სხვებთან ერთად და მარტო. სოციალური ინტერაქციები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და, იქნება ეს ხანმოკლე თუ ხანგრძლივი, ღრმა თუ ზედაპირული, პირისპირ თუ ონლაინ, სწორედ ეს ურთიერთობები წარმოადგენს ჩვენი კავშირების საძირკველს. ისინი ჩვენი ფსიქოლოგიური და ემოციური კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ მდიდარი სოციალური ცხოვრების გასაღები არა ინტერაქციების რაოდენობა, არამედ მათი შინაარსი და პოზიტიურობაა. კვლევები ასევე მიუთითებს, რომ სოციალური ინტერაქციის ხარისხი როგორც სიტუაციურ, ისე ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული და იმაზეც, როგორ ერწყმის ისინი ერთმანეთს.
სიტუაციური ფაქტორები ინტერაქციის გარშემო არსებულ კონტექსტს მოიცავს — მიმდინარეობს ის პირისპირ თუ ვირტუალურად, მცირე თუ დიდ ჯგუფებში და ნაცნობ თუ უცნობ პარტნიორებთან ერთად. ინდივიდუალური ფაქტორები, როგორიცაა პიროვნული მახასიათებლები, პროცესში ჩართული ადამიანების უნიკალურ თვისებებს ასახავს.
იმ ფონზე, რომ მარტოობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მთავარ კრიზისად იქცევა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შინაარსიანი ურთიერთობების შენების შესახებ მეტი გავიგოთ. ამ ვითარებაში, სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები განსაკუთრებით სასარგებლო პერსპექტივას გვთავაზობენ იმის შესახებ, როგორ მუშაობს სოციალიზაცია.
ინტერაქციის ხარისხი და ენერგია
სოციალური შფოთვა შიში ან დისკომფორტია, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი რეალურ ან წარმოსახვით სოციალურ სიტუაციებში განიცდის. ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებაა, რომ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ყველა სახის სოციალური ინტერაქცია უჭირთ და რომ მათი კეთილდღეობის დონე დაბალია, რადგან შფოთვა მათ სოციალურ ურთიერთობებში ხარისხისა და სიამოვნების აღქმას უქვეითებს.
სოციალურ შფოთვაში ენერგიის ხარჯვაც დიდ როლს თამაშობს. ყოველდღიური სოციალური ინტერაქციები გარკვეული რაოდენობის სოციალურ ენერგიას მოითხოვს. ეს ყველასთვის ასეა, თუმცა სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის რუტინული ინტერაქციებიც კი დამღლელი შეიძლება იყოს.
შესაბამისად, ორ ალტერნატიულ ძალას შორის მუდმივი დაძაბულობა არსებობს: მიკუთვნებულობის ფუნდამენტურ მოთხოვნილებასა, რომელიც შინაარსიანი, მაღალი ხარისხის კავშირებით კმაყოფილდება, და ენერგიის დონის მართვის საჭიროებას შორის. სოციალური შფოთვის მქონე ინდივიდების შემთხვევაში, საუბრის დროს განკითხვის შიშის მუდმივი განცდა არა მხოლოდ მომენტს უკარგავს სიხარულს, არამედ გამოცდილებასაც უფრო დამღლელს ხდის.
ბალანსის პოვნა
კომუნიკაციისა და სოციალურ მეცნიერებათა მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მიზნად ისახავდა გაერკვია, არის თუ არა გარკვეული სპეციფიკური პირობები სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის უკეთესი.
ამ საკითხის შესასწავლად, მკვლევრებმა მონაწილეებს სთხოვეს, სოციალური ინტერაქციების დღიური ეწარმოებინათ. მონაწილეები რეალურ დროში, დღეში რამდენჯერმე, თავიანთ ფიქრებს, გრძნობებსა და მოქმედებებს აღრიცხავდნენ.
ეს მეთოდოლოგია იმ გამოკითხვებისგან განსხვავდება, რომლებიც მონაწილეებს წარსული მოვლენების გახსენებას სთხოვს. ეს ხშირად მეხსიერების მიკერძოებას იწვევს, რის გამოც სოციალური ურთიერთობების მნიშვნელოვანი დეტალები, შესაძლოა, გამორჩეთ. ამ მეთოდმა მკვლევრებს საშუალება მისცა, ბუნებრივი ყოველდღიური ინტერაქციები მათი დასრულებისთანავე, მოკლე და სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით აღეწერათ.
ზოგადი პოპულაციიდან 161 ამერიკელი ზრდასრულისგან შემდგარი შერჩევის საფუძველზე, მკვლევრებმა სოციალური შფოთვის თვითშეფასებულ დონეებში ინდივიდუალური განსხვავებები შეისწავლეს. ამისათვის, სოციალური ინტერაქციების აღქმულ ხარისხსა და ენერგოდანახარჯს სამ სიტუაციურ ასპექტთან მიმართებით აკვირდებოდნენ. ესენია:
- ინტერაქციის არხი — პირისპირ იყო ინტერაქცია თუ ციფრული (მაგ., სატელეფონო ზარი, ვიდეო ჩატი ან შეტყობინებების აპლიკაცია);
- ზომა — მცირე ჯგუფში მიმდინარეობდა ინტერაქცია თუ დიდ ჯგუფში;
- ნაცნობობა — რამდენად ხშირად ჰქონდათ მონაწილეებს ინტერაქცია პროცესში ჩართულ კონკრეტულ ადამიანებთან. ამით ურთიერთობების სიახლოვე იზომებოდა.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კავშირი სოციალურ შფოთვასა და სოციალური ინტერაქციების ხარისხს შორის დიდწილად სიტუაციაზეა დამოკიდებული.
კვლევის ანალიზმა ეჭვქვეშ დააყენა გაბატონებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ სოციალური შფოთვის მქონე ინდივიდებს ყოველდღიურ სოციალურ ინტერაქციებში მუდმივად უჭირთ. ამის საპირისპიროდ, ანალიზმა აჩვენა, რომ მათ უფრო მეტად პოზიტიური და შინაარსიანი ურთიერთობები აქვთ ტექნოლოგიის შუამავლობით და ციფრულ გარემოში (პირისპირ ურთიერთობასთან შედარებით) და მცირე ჯგუფებში (უფრო დიდ შეკრებებთან შედარებით).
შესაფერისი გარემო
სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის ონლაინ ან მესიჯების საშუალებით ინტერაქციამ, შესაძლოა, რეალურ დროში არსებული სოციალური სიგნალებისა და მყისიერი უკუკავშირის ძლიერი წნეხი შეამციროს. ამან, მაგალითად, შესაძლოა, საკუთარი თავის წარმოჩენასთან დაკავშირებული შფოთვა შეამსუბუქოს და ადამიანებს კომუნიკაციის დამყარებაზე მეტი კონტროლის განცდა მისცეს.
რისკებს მცირე ჯგუფებიც ამცირებს: უფრო მცირე გარემოში ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ ნაკლებად აკრიტიკებენ და ნაკლები დაკვირვების ქვეშ არიან. ეს უფრო სახალისო, მარტივი და პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა.
საინტერესოა, რომ მკვლევრებმა ნაცნობობასა და ინტერაქციის ხარისხს შორის მნიშვნელოვანი კავშირი ვერ იპოვეს. ეს შეიძლება იმით იყოს განპირობებული, როგორ გაიზომა ნაცნობობა: მკვლევრებმა ის იმით განსაზღვრეს, რამდენად ხშირად ხედავენ ადამიანები ერთმანეთს, თუმცა ინტერაქციის პარტნიორის კონკრეტული როლი (როგორიცაა რომანტიკული პარტნიორი, მშობელი ან ახლო მეგობარი) გაცილებით მეტს შეიძლება ნიშნავდეს.
ასევე შესაძლებელია, რომ ურთიერთკავშირი ნაცნობობასა და ინტერაქციის ხარისხს შორის არც ისე მარტივი იყოს. ჩვეულებრივ ივარაუდება, რომ ნაცნობობის დონის კლებასთან ერთად სოციალური წნეხი და შფოთვა იზრდება, მაგრამ ეს, შესაძლოა, ასე არ იყოს. სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებმა შეიძლება სრულიად უცხო პირებისგან ნაკლები განკითხვა იგრძნონ, რადგან ეს ადამიანები მათი ყოველდღიური სოციალური წრის მუდმივი ნაწილი არ არიან.
ამ სცენარში, სოციალურ შფოთვას ყველაზე მეტად შუალედურ რგოლში მყოფ ადამიანებთან, ანუ ისეთ ნაცნობებთან ინტერაქცია გამოიწვევს, რომლებიც გარკვეულწილად ნაცნობები არიან, მაგრამ არა განსაკუთრებით ახლობლები.
საბოლოო ჯამში, ეს მიგნებები ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ყველა სიტუაციასა და კომუნიკაციის სტილში უჭირთ. კვლევა ასევე ღირებულ პერსპექტივას გვთავაზობს იმის შესახებ, როგორ შეიძლება სხვადასხვა გარემოს მორგება მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის მათთვისაც, ვისაც სოციალური შფოთვა აწუხებს.
კომენტარები