Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
ფოტო: David Paul Morris/Bloomberg
გასულ თვეს Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა, ღია კოდის (open source) ხელოვნური ინტელექტის მოდელებს თამამად დაუჭირა მხარი. ასეთი მოდელების ჩამოტვირთვა და მოდიფიცირება ყველასთვის, საფასურის გადახდისა და ნებართვის გარეშე, თავისუფლად შეიძლება. მისი თქმით, წინსვლის გზა "ღიაობასა და ტექნოლოგიების ძალის მეტი, და არა ნაკლები, ადამიანების ხელში მოქცევაზე" გადის. ორშაბათს ზაკერბერგმა ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა.
ამ კვირაში Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის, Muse Spark-ის ღია ვერსია გამოუშვა, სახელწოდებით Muse Glimmer. მოდელი Muse Spark-ის თითქმის იდენტურია და კოდის, ტექსტისა და სურათების გენერირება შეუძლია. Muse Spark ივლისში გამოვიდა, როგორც "დახურული" AI მოდელი, რომელზე წვდომისთვისაც ადამიანები ფულს იხდიან. ის კვლავ დახურული დარჩება.
Muse Glimmer არის "ღია წონების" (open weights) მოდელი, რაც ნიშნავს, რომ მისი წონები, ანუ საბაზისო გამოთვლები, რომლებიც მოდელის მუშაობის პრინციპს განსაზღვრავს, გასაჯაროებულია. ის არ არის სრულად ღია კოდის მქონე (open source), როცა მოდელის საბაზისო კოდი მთლიანად საჯაროვდება.
ახალ მოდელს თან ზაკერბერგის 14-გვერდიანი ესსე ახლდა, სადაც ის AI-სთან დაკავშირებულ თავის ხედვას გადმოგვცემს. მისი თქმით, ამ ტექნოლოგიის არ უნდა გვეშინოდეს, ამერიკამ კი AI რბოლაში ჩინეთზე უპირატესობა უნდა შეინარჩუნოს. მან ასევე გააკრიტიკა კონკურენტი AI კომპანიების მიდგომები, (Anthropic-ისა და OpenAI-ს დასახელების გარეშე), ვინც ტექნოლოგიაზე მკაცრ კონტროლს ითხოვს. ასევე აღნიშნა, რომ AI ძალაუფლების მხოლოდ რამდენიმე კომპანიის ხელში კონცენტრირება სახიფათოა.
"სუპერინტელექტის ცენტრალიზების ნაცვლად, ჩვენ ის უნდა გადავანაწილოთ", — დაწერა 42 წლის ზაკერბერგმა ესსეში, რომელსაც მან "მომავალი ყველასთვისაა" დაარქვა —
AI-ს აქვს პოტენციალი, პიროვნული გაძლიერების ახალი ერა დაიწყოს".
გამოგონების სუპერძალა მალე ყველას ექნება
Meta-ს ახალი მოდელი სილიკონ ველის დებატებს AI-ის განვითარების მიმართულების შესახებ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს. Anthropic და OpenAI ამტკიცებენ, რომ AI უნდა შეიზღუდოს, რადგან ის საშიშია და უსაფრთხოდ, იზოლირებულად უნდა განვითარდეს. თუმცა, Meta, Nvidia, Microsoft, Google და სხვები ღია კოდს უჭერენ მხარს, რადგან მათი თქმით, ტექნოლოგია თავისუფლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რათა ადამიანებმა AI განავითარონ და ახალი ბიზნესები შექმნან.
ეს დებატები გასულ თვეს უფრო ინტენსიური გახდა, როდესაც ჩინურმა სტარტაპებმა მძლავრი, ღია AI მოდელები გამოუშვეს. ამან, როგორც ჩანს, აშშ-ის კომპანიების ტექნოლოგიურ უპირატესობას საფრთხე შეუქმნა. ვაშინგტონში ოფიციალური პირები ამ დებატებში ჩაერთნენ, როცა OpenAI-მ და Anthropic-მა მარეგულირებლებთან ჩინური ღია კოდის AI მოდელების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს, ხოლო Nvidia და სხვები შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ღია კოდის მქონე ხელოვნურ ინტელექტს Meta დიდი ხანია მხარს უჭერს და წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის, რომელიც თავის წამყვან AI მოდელებს უფასოდ გასცემდა. ეს გასულ გაზაფხულზე შეიცვალა, მას შემდეგ, რაც Meta ხელოვნური ინტელექტის რბოლაში Anthropic-სა და OpenAI-ს ჩამორჩა. სანაცვლოდ, მან დახურული AI მოდელის შემუშავება დაიწყო.
ეს მოდელი, Muse Spark, 29 წლის ალექსანდრ ვანგის ხელმძღვანელობით შეიქმნა. ის AI ანტრეპრენერია, რომელიც Meta-მ გასულ წელს ხელოვნური ინტელექტის მთავარ ოფიცრად დაიქირავა. კომპანიამ Muse Spark-ზე წვდომის გაყიდვა პირველად გასულ თვეს დაიწყო. გასულ კვირას, Meta-მ ასევე გამოუშვა დამოუკიდებელი კოდირების ასისტენტი, Muse Code, რომელიც Muse Spark-ზეა დაფუძნებული.
AI ბენჩმარკების მონიტორინგის ლიდერბორდების თანახმად, ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა კოდირება, მსჯელობა და წერა, Muse Spark ვერ მუშაობს ისე კარგად, როგორც Anthropic-ისა და OpenAI-ს წამყვანი AI მოდელები. Meta თავის მოდელს კონკურენტების უფრო იაფ ალტერნატივად აპოზიციონირებს. ეს სტრატეგია ჩინური AI კომპანიებისა და მათი იაფი, ღია კოდის მოდელების მიდგომას ჰგავს. შეერთებულ შტატებში ჩინური მოდელები სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან კომპანიების უმრავლესობა AI ხარჯების შემცირებას ცდილობს.
თავის ესსეში ზაკერბერგმა Meta-ს სუპერინტელექტის ხედვაზეც ვრცლად ისაუბრა, რაც ადამიანებისთვის პერსონალური "აგენტების", ანუ AI ბოტების, შექმნას გულისხმობს. მათ შეუძლიათ "24/7-ზე რეჟიმში თქვენ სასარგებლოდ იმუშაონ, რათა თქვენი ურთიერთობები, ჯანმრთელობა, კარიერა, ფინანსები, საოჯახო საქმეების მართვა, ჰობი და სხვა გააუმჯობესონ".
მან დაამატა, რომ მისი 8 წლის ქალიშვილი ხელოვნურ ინტელექტს კოდის დასაწერად და ვიდეოების გასაკეთებლად იყენებს, ერთად კი AI-ის გამოყენებით რობოტს ქმნიან. "გამოგონების სუპერძალა მალე ყველას ექნება", — თქვა ზაკერბერგმა.
ფოტო: David Paul Morris/Bloomberg News
ჩინეთს AI რბოლაში უპირატესობები აქვს, დაამატა ზაკერბერგმა. მაგალითად მონაცემთა ცენტრებისა და ატომური ელექტროსადგურების სწრაფად და ნაკლები რეგულაციებით აშენების შესაძლებლობა. მან AI-ის განვითარებაზე სამთავრობო ზედამხედველობის ახალი პროცესის შექმნისკენ მოუწოდა და დაიცვა დისტილაცია, ანუ პრაქტიკა, რომლის დროსაც AI ლაბორატორიები საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად კონკურენტ მოდელებს იყენებენ. Meta-მ ასევე განაცხადა, რომ 1 მილიარდი დოლარის ფონდს შექმნის, რათა ინვესტიცია ჩადოს იმ მოსახლეობაში, სადაც მისი მონაცემთა ცენტრები აშენდა.
უახლოეს თვეებში Meta გეგმავს უახლესი AI მოდელი გამოუშვას, რომელსაც კომპანიის შიგნით Watermelon-ს უწოდებენ. ის Muse Spark-ზე უფრო მძლავრი იქნება. ზაკერბერგს არ უთქვამს, ეს მოდელი ღია იქნება თუ დახურული.
- Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
- AI-ზე მომუშავე ადამიანები აშშ-ის მთავრობას AI-ის განვითარების რეგულირებას სთხოვენ
- OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
- სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
კომენტარები