იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
ფოტო: Science of Eating
მისურის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრებმა სიმინდის უნიკალურ სახეობას ინოვაციური გამოყენება უპოვეს. მათ სურთ, იისფერი სიმინდი საკვების ხელოვნური საღებავების ბუნებრივ ალტერნატივად აქციონ.
იისფერი შეფერილობის სიმინდი ტრადიციულად სამხრეთ ამერიკაში მოჰყავთ ხოლმე. უჩვეულო ფერს სიმინდს ანთოციანინი აძლევს. ეს ბუნებრივი პიგმენტია, რომელიც მოცვს, წითელ კომბოსტოსა და ყურძენს აძლევს შეფერილობას.
ხელოვნური საღებავები ნედლი ნავთობის ბაზაზე მზადდება. მას მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის იყენებენ. ხელოვნური საღებავებისგან განსხვავებით, ანთოციანინები ბუნებრივთან ერთად სასარგებლოცაა: ისინი ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი, რაც ანთებას ებრძვის და გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს. სიმინდში ეს ფერები მარცვლის გარეთა თხელ ფენაშია კონცენტრირებული, ე.ი. ის ნაწილი, რომელიც კბილებში ეჩხირება, იისფერი სიმინდის შემთხვევაში ყველაზე სასარგებლოა.
საწარმოებს სინთეზური საღებავების (მაგალითად, Red No. 40-ისა და Red No. 3-ის) ჩანაცვლება დიდი ხანია უჭირთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბუნებრივი ფერების უმრავლესობა ძალიან მყიფეა. ისინი სინათლესთან, სითბოსთან ან ჟანგბადთან შეხებისას იშლება. თავისთავად, ეს საკვების საღებავის შემთხვევაში ძალიან ცუდი თვისებაა: ინგრედიენტები ხშირად მაღალ ტემპერატურაზე მზადდება ან თვეების განმავლობაში თაროზე ინახება.
ახალი ნაშრომის ავტორებმა იისფერი სიმინდის პიგმენტები მაღალ ტემპერატურაზე მოათავსეს. ერთსაათიანი შემხებლობის შემდეგ ფერის 75% უცვლელი დარჩა.
ამის შემდეგ გუნდმა პიგმენტები საკვებისთვის უვნებელი, დამცავი მასალებით დაფარა. ამან ზოგი ნაერთის შემთხვევაში ზედა მაჩვენებელი 97%-მდე გაზარდა. სწორედ ამ დაფარვით იქმნება ხოლმე ის ფხვნილები, რომლებიც თაროზე დიდხანს ძლებს.
მკვლევრებმა იისფერი პიგმენტები სასმელებშიც გამოცადეს. ამ ინდუსტრიაში საღებავები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად, სასმელები ხშირად მჟავურია, სინათლეს შემხებლობა აქვს და დიდხანს ინახავენ ხოლმე. ეს პირობები მცენარეულ ინგრედიენტებს მალე აფუჭებს ხოლმე. იისფერი სიმინდის შემთხვევაში ეს ეფექტი მინიმალური აღმოჩნდა: მაცივარში მისმა შემცველმა სასმელებმა 7 კვირა ისე გაძლო, რომ ფერი თითქმის არ დაკარგულა.
ასეთი გამძლეობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებელი იისფერ სიმინდს ძალიან ღირებულად აქცევს.
ნაშრომი გამოცემაში npj Science of Food გამოქვეყნდა.
კომენტარები