ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
პალეონტოლოგთა საერთაშორისო გუნდმა ზიმბაბვეში ზავროპოდების ადრეული ნათესავი დინოზავრის ახალი სახეობა ამოიცნო. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ გვიანდელ ტრიასულ ეპოქაში სამხრეთ აფრიკაში დინოზავრების იმაზე დიდი მრავალფეროვნება იყო, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
ახლად აღწერილი დინოზავრის სახეობა დღევანდელი ზიმბაბვეს ტერიტორიაზე, ტრიასული პერიოდის მიწურულს, დაახლოებით 210 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. იმის გაგება, როგორ გადაიქცნენ დინოზავრები ტრიასული პერიოდის შედარებით მცირე ნაწილიდან შემდგომი, იურული და ცარცული პერიოდების ეკოსისტემების მთავარ შემადგენლად, კვლევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ Musango matusadonaensis მდინარეებისა და ნაკადულების გასწვრივ მზარდი მცენარეულით ან შერეულად იკვებებოდა
ფოტო: Mark Witton / NHM
ცხოველი, რომელსაც Musango matusadonaensis დაერქვა, ამ ქვეყანაში აღმოჩენილი და დასახელებული დინოზავრის რიგით მეხუთე სახეობაა. იმავე გუნდმა 2024 წელს უკვე აღწერა Musankwa sanyatiensis, ზიმბაბვეში მანამდე აღმოჩენილი მეოთხე დინოზავრი.
"ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები დინოზავრები ძირითადად ერთნაირები იყვნენ", — ამბობს ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი, პროფესორი პოლ ბარეტი — "თუმცა, ეს აღმოჩენები აჩვენებს, რომ უძველესი სუპერკონტინენტის, გონდვანას ეს ნაწილი რეალურად უფრო მცირე ეკოსისტემების სერიისგან შედგებოდა, რომელთაგან თითოეულს განსხვავებული ბინადრები ჰყავდა".
დინოზავრის არასრული ჩონჩხი კარიბას ტბის სანაპიროზე, მუსანგოს კუნძულთან ახლოს მდებარე პებლი-არკოზის ფორმაციაში, გათხრებისას ჯერ კიდევ 2018 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მისი, როგორც მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი ახალი სახეობის, ფორმალური აღწერა და დასახელება მხოლოდ ახლა, 2026 წლის ივლისში, გამოქვეყნდა. Musankwa-სგან განსხვავებით, Musango თავისი ასაკისთვის საკმაოდ სრულყოფილადაა შემონახული. ნამარხი დინოზავრის მალებს, ნეკნებს, კიდურების ძვლებს, ასევე მენჯისა და მხრის სარტყლის ფრაგმენტებს მოიცავს. პროფესორი ბარეტი და მისი კოლეგები ვარაუდობენ, რომ ცხოველის სიგრძე 4.5 მეტრს, ხოლო წონა დაახლოებით 222 კილოგრამს აღწევდა.
"ისეთი ახალი სახეობები, როგორიცაა Musango matusadonaensis, ნათლად აჩვენებს პალეონტოლოგიური საველე სამუშაოების ჩატარების მნიშვნელობას შორეულ და, ხშირად, ულამაზეს ადგილებში", — განაცხადა იოჰანესბურგის ევოლუციური კვლევების ინსტიტუტის პალეონტოლოგმა, პროფესორმა ჯონა ჩოინიერმა.
გუნდის განცხადებით, Musango matusadonaensis იმ ადრეული ჯგუფის წარმომადგენელი იყო, საიდანაც საბოლოოდ გიგანტური გრძელყელა ზავროპოდები წარმოიშვა, ამ ჯგუფს Unaysauridae ეწოდება.
გენეალოგიური ანალიზი აჩვენებს, რომ Musango და Musankwa ერთმანეთის უახლოესი ნათესავები არიან და გონდვანას ფარგლებში, აფრიკის, ინდოეთისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე ბინადრობდნენ. იმავე ფენებში აღმოჩენილი ორგვარადმსუნთქავი თევზებისა და ნიანგის მსგავსი ფიტოზავრების ნამარხები მიგვანიშნებს, რომ იმდროინდელ ზიმბაბვეში მდინარეებთან დაკავშირებული, შედარებით მუდმივი წყლის ეკოსისტემები არსებობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, ეს ორი უძველესი არსება აშკარად განსხვავებული სახეობა იყო, რომლებიც ერთმანეთისგან მენჯისა და კიდურების ანატომიით, ასევე სხეულის ზომით განსხვავდებოდნენ. გამოთვლების თანახმად, Musankwa sanyatiensis მასზე ორჯერ მეტს იწონიდა.
"ეს აღმოჩენა მიგვანიშნებს, რომ ის, რაც აქამდე გვიპოვია, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია", — თქვა პროფესორმა ბარეტმა — "ჩვენ უკვე გვყავს კიდევ ერთი ახალი სახეობა, რომელიც ჯერ არ აგვიწერია, ამასთანავე, ჩვენს გუნდს აცნობეს რეგიონში აღმოჩენილი სხვა ნამარხების შესახებაც, რომლებიც ჯერ არ შეგვისწავლია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, იქ კიდევ უფრო მეტი დინოზავრის აღმოჩენაა შესაძლებელი".
Musango matusadonaensis-ის აღმოჩენის შესახებ დეტალები აღწერილია კვლევაში, რომელიც 2026 წლის 28 ივლისს, ჟურნალში Journal of Systematic Palaeontology გამოქვეყნდა.
- მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
- ნეტფლიქსის "დინოზავრები" — რამდენად ზუსტია სერიალის მეცნიერება?
კომენტარები