აქამდე ხელოვნური ინტელექტით გამოწვეული "სამუშაო ადგილების აპოკალიფსი" მითს უფრო წააგავდა, ვიდრე რეალობას. მეორე მხრივ, არსებობს ერთი უზარმაზარი გამონაკლისი — დამწყები სპეციალისტები ტექნოლოგიურ სექტორში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ Center for an Urban Future ნიუ-იორკის შრომითი ბაზრის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის შემდეგ კომპიუტერული და მათემატიკური მიმართულებით დამწყები სპეციალისტებისთვის ვაკანსიები 49%-ით შემცირდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს მიზეზად იყენებენ, რომ ახალი თანამშრომლების აყვანა შეაჩერონ.

ამ დარტყმას ყველაზე მეტად კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულები გრძნობენ. მეორე მხრივ, ტექნოლოგიური სექტორი შეიძლება უბრალოდ "დომინოს პირველი ქვა" აღმოჩნდეს.

როგორც Urban Future-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ბოულსმა, განაცხადა, დამწყებთათვის ვაკანსიების რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა, ტექნოლოგიურ სექტორში კარიერის წამოწყებისთვის საჭირო ეტაპების გავლა კი თითქმის შეუძლებელი გახდა.

"წლების განმავლობაში ეს სექტორი დამწყებთათვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნიდა, რადგან ინდუსტრია სწრაფად ვითარდებოდა და დამწყებთათვის უამრავ პოზიციას ამატებდა. დღეს მწირი გამოცდილების მქონე ახალგაზრდებისთვის ასეთი ვაკანსიების პოვნა ბევრად უფრო ჭირს და ბაზარზე ძლიერი კონკურენციაა", — თქვა ჯონ ბოულსმა.

დამწყები თანამშრომლები სხვა მიმართულებებშიც უფრო იშვიათად აჰყავთ, მათ შორის: საოფისე და ადმინისტრაციულ სფეროებში, ფინანსურ ოპერაციებში, ხელოვნების, დიზაინის, გართობის, სპორტისა და მედიის მიმართულებებით, ასევე განათლების სექტორში.

მართალია, ამ პროცესში მთავარ როლს ხელოვნური ინტელექტი თამაშობს, მაგრამ ვაკანსიების შემცირებას სხვა ფაქტორებიც განაპირობებს. პანდემიის დროს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა კადრები ჭარბად დაიქირავეს, ახლა კი შტატებს აქტიურად ამცირებენ, ეს კი გენერაციული AI-ს წინსვლას დაემთხვა.

ამასთან ერთად, Urban Future-ის კვლევა აშშ-ის შრომის ბაზარზე არსებულ ზოგად კრიზისს ემთხვევა. ივლისის მონაცემებით, ქვეყნის სამუშაო ძალის თითქმის მეოთხედი ფუნქციურად უმუშევარია.

გამოდის, ხელოვნური ინტელექტი ვითარებას ნამდვილად არ აუმჯობესებს. მეორე მხრივ, ხვალ ყველა AI ჩატბოტიც რომ გაითიშოს, ნაკლებად სავარაუდოა, დამწყები სპეციალისტებისთვის ვაკანსიები ავტომატურად აღდგეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.