ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
რა ვიცით Project Lily-ს შესახებ.
ფოტო: Spumoni Cooperative for 404 Media
404 Media-ს უწყებით, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანია OpenAI ასობით კონტრაქტორს ქირაობს, რომლებიც ჩატბოტთან მომხმარებლების რეალურ მიმოწერებს კითხულობენ. ადამიანების მინაწერები, ანუ ე. წ. პრომპტები, ზოგჯერ სენსიტიურ პირად ინფორმაციასაც შეიცავს. OpenAI-ს ამ პროგრამას Project Lily ჰქვია.
მსგავსი მიმოხილვების მიზანი ChatGPT-ს პასუხების გაუმჯობესებაა. კონტრაქტორები ჩატბოტის გენერირებულ შიგთავსს აფასებენ და აკრიტიკებენ. 404 Media-ს მიერ შემოწმებული შიდა დოკუმენტების მიხედვით, ისინი ChatGPT-ს ასწავლიან, რომ ადამიანური თვისებები არ მიიწეროს და მლიქვნელობით ნაკლებად დაკავდეს. სხვათა შორის, ბრალდებების მიხედვით, სწორედ 4o მოდელის მსგავს გამოვლინებებს უკავშირდება რამდენიმე ადამიანის თვითმკვლელობაც.
ChatGPT-ს მომხმარებლებისთვის ეს შეიძლება კონფიდენციალურობის რისკებსაც უკავშირდებოდეს, რადგან ბევრი ადამიანი ჩატბოტს მეგობრად, პირად ასისტენტად და ფსიქოთერაპევტის ფუნქციითაც კი იყენებს. მსგავსი საუბრების დროს პირადული დეტალების გაზიარება არცთუ იშვიათი მოვლენაა.
ასევე იხილეთ: AI, მხედავ? — როცა ჩატბოტი ფსიქოთერაპევტი ხდება
კონტრაქტორები ChatGPT-ს მომხმარებელთა სახელებს ვერ ხედავენ. OpenAI-ს განცხადებით, ცდილობენ, რომ მიმოხილვამდე მინაწერებიდან პირადი ინფორმაცია წაშალონ. მეორე მხრივ, იმასაც აღიარებენ, რომ ზოგიერთმა მგრძნობიარე დეტალმა შეიძლება მიმომხილველებამდე მაინც მიაღწიოს.
ცხადია, ამბავი იმასაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მოდელები მხოლოდ ინტერნეტიდან აღებული ინფორმაციით არ უმჯობესდება და მათი განვითარება არც მხოლოდ OpenAI-ს ინჟინრების დამსახურებაა. ამ საქმეში წვლილი გარე კონტრაქტორებსაც შეაქვთ, რომლებსაც ChatGPT-სთან სხვების რეალური საუბრების წაკითხვისა და მიმოხილვისთვის უხდიან.
სხვათა შორის, 404 Media-ს Anthropic-მაც დაუდასტურა, რომ მოდელების გასაუმჯობესებლად მიმოწერებს ადამიანები მიმოიხილავენ.
"არა", — თქვა მიმოწერებზე მომუშავე პირმა, როცა აზრი ჰკითხეს, თუ რამდენად იციან ChatGPT-ს მომხმარებლებმა ადამიან მიმომხილველებზე — "არ მგონია წარმოედგინოთ, რომ მათ საუბრებს სადღაც ვიღაც კონტრაქტორი აანალიზებს".
კომენტარები