ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
ფოტო: NASA/JPL/USGS
ვენერა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პირობების მქონე პლანეტაა: ზედაპირის ტემპერატურა რამდენიმე ასეულ გრადუს ცელსიუსს აღწევს, დედამიწისგან განსხვავებით კი აქ ოკეანეები არ არსებობს. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ვენერას გეოლოგიურად მიძინებულ პლანეტად მიიჩნევდნენ. ბოლოდროინდელმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ვენერა გეოლოგიურად აქტიურია და, შესაძლოა, მასზე მოქმედი ვულკანებიც კი არსებობდეს.
ვენერას ტექტონიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი პლანეტის უზარმაზარი ნაპრალური ხეობებია. მსგავსი ფორმაციები, მათ შორის აღმოსავლეთაფრიკული ნაპრალთა სისტემა, დედამიწაზეც გვხვდება, თუმცა ვენერაზე ისინი 10 000 კილომეტრს აღწევს. ამ ნაპრალების ასაკი დღემდე ზუსტად დადგენილი არ ყოფილა: ბევრი გეომეცნიერი ვარაუდობდა, რომ ისინი 100 მილიონზე მეტი წლის წინ ჩამოყალიბდა და მხოლოდ პლანეტის ზედაპირზე შემორჩენილი უძველესი მახასიათებლებია.
ვენერაზე უზარმაზარი ნაპრალური ხეობებია, რომლებიც მიუთითებს, რომ პლანეტა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
ფოტო: NASA/JPL/USGS
ETH Zurich-ის მკვლევართა გუნდმა ახალი კომპიუტერული მოდელი გამოიყენა და აჩვენა, რომ ვენერას ზოგიერთი ნაპრალური ხეობა, შესაძლოა, გაცილებით ახალგაზრდა იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
გუნდმა ვენერას ნაპრალების პირველი, მაღალი გარჩევადობის, სამგანზომილებიანი კომპიუტერული სიმულაციები შექმნა. ადრინდელი მოდელები ძირითადად ორგანზომილებიანი იყო და პლანეტარული მასალების ქცევასთან დაკავშირებულ გამარტივებულ ვარაუდებს ეყრდნობოდა. ახალმა მიდგომამ კი მკვლევრებს გაცილებით რეალისტური სურათი აჩვენა, ვენერას ქერქი როგორ იჭიმება, ინაცვლებს და დროთა განმავლობაში დუნდება.
სიმულაციისა და დაკვირვების შედეგების შეჯერებით, მკვლევრები ასკვნიან, რომ ვენერას შიდა სტრუქტურა უფრო აქტიური და დინამიკურია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
სიმულაციებმა აჩვენა, რომ განიერი, ამაღლებული ქედები (ანუ ნაპრალის ფერდობები) ხეობების გასწვრივ სწორედ მაშინ ყალიბდება, როცა ნაპრალები გეოლოგიურად ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და აქტიურად ფართოვდება, ან მათი გაფართოება სულ ახლახან შეწყდა. მოულოდნელია, მაგრამ სიმულაციები იმაზეც მიუთითებს, რომ ეს ნაპრალები იმაზე უფრო სწრაფად ფართოვდება, ვიდრე აქამდე ეგონათ: წელიწადში დაახლოებით 3-დან 10 სანტიმეტრამდე, რაც დედამიწაზე ტექტონიკური ფილების მოძრაობის სიჩქარის მსგავსია.
მკვლევრებმა ის ფაქტიც დაადგინეს, რომ მოძრაობის შეწყვეტისთანავე ნაპრალის ფერდობები გაბრტყელებას საკმაოდ სწრაფად იწყებს. რაც უფრო ძველია ნაპრალური სისტემა, მით უფრო დაბალი, განიერი და ნაკლებად მკვეთრია მისი ფერდობები. დედამიწისგან განსხვავებით, სადაც ეროზია თანდათან შლის რელიეფს, ვენერაზე ფერდობები ქერქის დროთა განმავლობაში მოდუნების გამო იძირება. სიმულაციით მიღებული ფერდობების ფორმა ემთხვევა Dali Chasma-ს ნაპრალურ სისტემას, რომელიც 1990-იან წლებში Magellan-ის ზონდმა გადაიღო. ეს დამთხვევა კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ ეს ნაპრალები შედარებით ახლახან ჩამოყალიბდა.
"შედეგები გვეხმარება, ვენერაზე მიმდინარე ტექტონიკური აქტივობა უკეთ შევაფასოთ", — თქვა ტარას გერიამ, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და ETH Zurich-ის გეოდინამიკის პროფესორმა.
ახალი მოდელი მეცნიერებს იმ რეგიონების გამოვლენაში დაეხმარება, სადაც გეოლოგიური აქტივობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს ტერიტორიები სამომავლო მისიების პრიორიტეტულ სამიზნეებად შეიძლება იქცეს. კვლევა ასევე აუმჯობესებს მეცნიერთა ცოდნას იმის შესახებ, როგორ ვითარდება და განიცდის ევოლუციას კლდოვანი პლანეტები, რამაც, შესაძლოა, მზის სისტემის მიღმა კლდოვანი ეგზოპლანეტების აღმოჩენა და შესწავლა გააადვილოს.
"ეს სიმულაციები საშუალებას გვაძლევს, ვენერას ნაპრალების რელიეფი აქტიური ტექტონიკური მოქმედების პირდაპირ სიგნალად წავიკითხოთ", — თქვა ანა გიულხერმა, კვლევის თანაავტორმა და ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა.
ვენერას მიმართ სამეცნიერო ინტერესი იზრდება, რადგან NASA და ESA დედამიწის მეზობელი პლანეტის გამოსაკვლევად რამდენიმე მისიას ამზადებს. ETH Zurich-ის პროფესორები, პოლ ტაკლი და ტარას გერია, ანა გიულხერთან ერთად, ESA-ს მისია EnVision-ში მონაწილეობენ და იმ ინსტრუმენტებზე მუშაობენ, რომლებსაც ვენერას ორბიტერი პლანეტის ზედაპირის შესასწავლად გამოიყენებს. მისიის გაშვება 2030-იანი წლების დასაწყისშია დაგეგმილი და ის ვენერას ბირთვიდან ზედა ატმოსფერომდე შეისწავლის.
- ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
- ტესტი: გამოიცანი პლანეტა მხოლოდ ერთი ფაქტით
კომენტარები