მკვლევრებმა ოკეანის ფსკერზე Pan Am Flight 526A-ის ნამსხვრევები იპოვეს. ეს თვითმფრინავი პუერტო-რიკოს სანაპიროზე 74 წლის წინ ჩამოვარდა. კომერციული ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ეს ტრაგედია რევოლუციური აღმოჩნდა.

მეტალის კარკასი ატლანტის ოკეანეში 2026 წლის 2 ივნისს 600 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. ამისთვის მაღალი გარჩევადობის ჰიდროლოკატორი გამოიყენეს. საინტერესოა, რომ გამოძიება ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო.

გამოძიება განსაკუთრებით წინ მაშინ წავიდა, როცა სან-ხუანის (პუერტო-რიკო) სანაპიროს Fugro Brasilis (კვლევითი გემი) მიადგა. გემი აქ გავლით იყო: მისი მარშრუტი ტრინიდადიდან მექსიკის ყურეს შეადგენდა. გემის სან-ხუანში გაჩერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ მის ბორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დამოუკიდებელი წყალქვეშა აპარატი იყო.

ამ აპარატმა სამიზნე ზღვის ფსკერის მნიშვნელოვანი ნაწილი შეამოწმა, რითაც სამომავლო ექსპედიციისთვის აუცილებელი მონაცემები შეგროვდა. სწორედ ასე იპოვეს თვითმფრინავის ნამსხვრევები.

Pan Am Flight 526A-ის უკანასკნელი მომენტები

თვითმფრინავი 1952 წლის 11 აპრილის შუადღეს, სან ხუანის Aeropuerto de Isla Grande-იდან აფრინდა. იგი ნიუ-იორკის Idlewild-ის აეროპორტში უნდა ჩაფრენილიყო (დღეს ეს ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტია).

თვითმფრინავი Douglas DC-4-ს წარმოადგენდა. ეს ოთხპროპელერიანი საჰაერო ხომალდი იყო, დაახლოებით თანამედროვე Boeing 737-ის ზომის. თვითმფრინავს Clipper Endeavor ერქვა, მასზე ეკიპაჟის 5 წევრი და 64 მგზავრი იყო. აფრენიდან მალევე ძრავა მწყობრიდან გამოვიდა, ამიტომ მფრინავს წყალზე მოუხდა ავარიული დაშვების განხორციელება.

აღსანიშნავია, რომ თავად შეჯახებას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გადაურჩა, თუმცა როცა დამხმარე ჯგუფი ადგილზე მივიდა, მგზავრებიდან ცოცხალი მხოლოდ 12 ადამიანიღა დახვდათ. სხვათა შორის, ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა. მიიჩნევა, რომ 52 ადამიანის დაღუპვის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პანიკაში მყოფებმა სალონის დატოვებაზე უარი თქვეს.

რატომაა Pan Am Flight 526A ასეთი მნიშვნელოვანი?

შეჯახებამ საზოგადოებაში უდიდესი შეშფოთება გამოიწვია. ხალხმა ზოგადად ფრენების უსაფრთხოება დააყენა ეჭვქვეშ. ამ ყველაფერმა სამოქალაქო აერონავიგაციის საბჭო აიძულა, უსაფრთხოებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ. რაც მთავარია, ფრენის დაწყებამდე მგზავრებისთვის საევაკუაციო გეგმის გაცნობა დაინერგა, რომელიც დღესდღეობით ყველა ფრენაზეა სავალდებულო.

თავისთავად, Pan Am Flight 526A-ის მგზავრების დაღუპვის ზუსტი მიზეზები უცნობია. მაღალი ალბათობით, საევაკუაციო გეგმის არცოდნა ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა.

მკვლევრები ამჟამად პუერტო-რიკოს მთავრობასთან თანამშრომლობენ, რათა ნამსხვერევების ადგილი უკეთ დაიცვან. შესაძლოა, დაღუპულებისთვის ფიზიკური მემორიალიც გაიხსნას. ნამსხვრევების აღმოჩენის სრულ ისტორიას Discovery წლის ბოლოსთვის ერთ-ერთ ეპიზოდში გადმოსცემს. მას შეგეძლებათ Discovery-ის არხზე გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.