ცხოველის ერთ-ერთი უძველესი ე.წ. სამგანზომილებიანი ნამარხი ნორვეგიის არქტიკულ რეგიონში, ცხვრის საძოვარზე, აღმოაჩინეს. ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ამ ტიპის პირველი მსხვილი მიგნებაა.

ნამარხის ასაკი 560 მილიონი წელია და იგი ედიაკარული პერიოდისაა. ამ დროს დედამიწაზე სიცოცხლის რთული ფორმები პირველად გამოჩნდა. სწორედ მათ შორის იყო ჩარნია, რომელიც უფრო გვიმრას ჰგავს, ვიდრე ნებისმიერ ორგანიზმს, რომელსაც დღეს ცხოველად მივიჩნევდით. მას პირი, ორგანოები და სხეულზე მოძრაობის ფუნქციის რაიმე თვალსაჩინო ნაწილი არ ჰქონდა.

ჩარნიას ნამარხები Indreelva-ს ფენიდან. A ნიმუშზე ჩანს ბრტყელი ანაბეჭდი, დატოტვილი. B–D ნიმუშზე ჩარნია მოცულობითად, თიხნარ ქანშია ჩარჩენილი — მასზე კარგად ჩანს ტოტების სხვადასხვა დონე: მთავარი ტოტები (წითლად), მათი განშტოებები (ლურჯად) და ყველაზე წვრილი ტოტები (თეთრად).

ფოტო: იორიკ ვენმა / Paleontology

იშვიათი ნამარხი

დედამიწის ისტორიის ამ პერიოდის ნამარხების უმეტესობა ქანებში ბრტყელი ანაბეჭდების სახით გვხვდება (წიგნის გვერდებს შორის გამხმარი ყვავილის მსგავსად). ამის მიუხედავად, ახალი ნიმუში სამგანზომილებიან დეტალებშია შემონახული, რაც რბილსხეულიანი და ასეთი ძველი ორგანიზმებისთვის იშვიათია.

ეს არსება "წყალქვეშა ზვავმა" ზღვის ფსკერში ჩამარხა, რამაც მისი სხეული დანალექით აავსო და სამგანზომილებიანი ფორმაც შეუნარჩუნა. ამან კემბრიჯის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით მომუშავე მკვლევრებს მისი დეტალურად შესწავლის საშუალება მისცა. კვლევის შედეგები ჟურნალ Palaeontology-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ნამარხის თითოეულ ტოტზე წვრილი ქედები, ე.წ. "კილები", აღმოაჩინეს, რომლებიც ბრტყელ ნამარხებში არ იყო დაფიქსირებული.

"როდესაც ერთსა და იმავე სახეობას სხვაგვარად შემონახულს ხედავ, ისეთ დეტალებს ამჩნევ, რომლებიც აქამდე არ შეგინიშნავს", — თქვა კვლევის მთავარმა ავტორმა, კემბრიჯის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა დეპარტამენტის დოქტორმა, იორიკ ვენმამ.

ედიაკარული ნამარხები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია ნაპოვნი. ნორვეგიაში, ფინმარკში, ახალი აღმოჩენა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ერთ-ერთი უძველესი ცხოველები, შესაძლოა, გაცილებით უფრო ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი. შესაბამისად, არაა გამორიცხული, მათი კვალი სხვა, შეუსწავლელ ტერიტორიებზეც იყოს.

ცხოველის ერთ-ერთი უძველესი ცნობილი სამგანზომილებიანი ნამარხის აღმოჩენის ადგილი.

ფოტო: იორიკ ვენმა

"ჩვენ, როგორც მეცნიერები, ამგვარი ნამარხების საძებნელად ხშირად ერთსა და იმავე, უკვე კარგად ცნობილ ადგილებში ვბრუნდებით", — განაცხადა ვენმამ — "ეს მიგნება გვიჩვენებს, რომ აღმოჩენების პოტენციალი ნაკლებად ცნობილ არეალებშიც არსებობს".

ნორვეგიის ამ რეგიონთან ახლოს ედიაკარული სიცოცხლის კვალი ადრეც უპოვიათ. მაგალითად, სტრუქტურები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ამ ორგანიზმების მიმაგრებისას წარმოიქმნა. თავად მათი ნამარხები მიუკვლეველი რჩებოდა, სანამ ცხვრის საძოვარზე შემთხვევითმა აღმოჩენამ ნიმუშების მდიდარი ახალი საბადო არ გამოავლინა. კერძოდ, კლდიდან ჩამოცვენილი ზოგიერთი ქანი გადაიხსნა და ერთ-ერთის შიგნით ჩარნიას ნამარხი გამოჩნდა.

პალეონტოლოგიური გამოწვევა

მეცნიერები ამბობენ, რომ პალეონტოლოგიურად ედიაკარული პერიოდი გამოწვევებს ქმნის: ორგანიზმების უმეტესობა რბილსხეულიანი იყო (ჩონჩხის გარეშე), რამაც მათი შემონახვა გაართულა. მაშინდელი ბევრი ნამარხი ანაბეჭდების სახით გვხვდება, ანუ ქვებზე მხოლოდ ზედაპირის ფორმის კვალია დამჩნეული.

"ამ პერიოდიდან ქანებიც ცოტაა შემორჩენილი. ნამარხები სწორედ ასეთ დანალექშია მოქცეული, ამიტომ მათი პოვნაც ძნელია. ედიაკარული ნამარხების უმეტესობა სულ რამდენიმე ადგილზეა მიკვლეული, შესაბამისად, ახალ რეალში მათი აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა", — თქვა ვენმამ.

ჩარნიას ნამარხის გარდა, მკვლევრებმა ნამარხი ეკოსისტემის კიდევ რამდენიმე ნიმუში გამოავლინეს და იმედოვნებენ, რომ მსგავსი აღმოჩენები მომავალშიც გაგრძელდება.

"შესაძლოა, იქ ამ უძველესი ორგანიზმების მთელი შეუსწავლელი წყება იყოს შემონახული — უცნაური, პატარა, ქოლგისებრი ბლანტი არსებები, რომლებიც არ ჰგვანან იმას, რაც სხვაგან გვიპოვია", — თქვა ნილ დევისმა, რომელიც ახალი ნაშრომის თანაავტორია.

მკვლევრების თქმით, მომავალში შეიძლება მსგავსი ედიაკარული ნამარხები სხვა ტერიტორიებზეც გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადგილების ძიება გაგრძელდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.