რთული სამუშაო დღის შემდეგ დივანზე დასვენება და მუსიკის მოსმენა ბევრისთვის საყვარელი რიტუალია. მუსიკის დამამშვიდებელ ეფექტზე საზოგადოება დიდი ხანია, საუბრობს, მაგრამ მეცნიერული მტკიცებულებები აქამდე არაერთგვაროვან სურათს გვაძლევდა. ახლა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა ზუსტად დაადგინეს, თუ როგორ ეხმარება მელოდია სტრესგამოვლილ ტვინს ძალების სწრაფად აღდგენაში.

მეცნიერთა გუნდმა 120 ჯანმრთელი მოხალისე შეკრიბა და მათ სტრესული სიტუაცია შეუქმნა — მათემატიკური ამოცანების ამოხსნა დაავალა, თუმცა შეზღუდულ დროში. ტესტის დასრულების შემდეგ 30-კაციანი ჯგუფები მშვიდ მუსიკას ან წყლის ხმას უსმენდნენ. პარალელურად, მკვლევრები მათ განწყობას, გულისცემას, ოფლიანობასა და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონეს აკვირდებოდნენ. დამატებით, მეცნიერებმა ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (fMRI) გამოიყენეს, რათა დაენახათ, როგორ იცვლებოდა ტვინის სხვადასხვა ნაწილს შორის კომუნიკაცია სტრესის შემდგომ პერიოდში.

სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ სტრესის საწინააღმდეგოდ მუსიკა ბუნების ხმებთან შედარებით ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს. ამის მიუხედავად, ორივე მათგანმა დადებითად იმოქმედა.

აღმოჩნდა, რომ მუსიკის მსმენელთა ჯგუფებში შემავალმა ადამიანებმა სტრესს გაცილებით სწრაფად დააღწიეს თავი. მათ გულისცემისა და ოფლიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შეუმცირდათ, განწყობა გაუუმჯობესდათ, ნერწყვის ანალიზით კი კორტიზოლის საგრძნობლად დაბალი დონე გამოვლინდა.

ტომოგრაფიული მონაცემები ადასტურებს, რომ მელოდია ტვინის სამ საკვანძო ნაწილს შორის კომუნიკაციას ცვლის. ესენია: სმენითი ქერქი (როგორც სახელიდან ჩანს, ის სმენაზეა პასუხისმგებელი), ინსულა (სხეულის შეგრძნებების მაკონტროლებელი) და თალამუსი (სენსორული ინფორმაციის გამანაწილებელი).

"მუსიკა სტრესს უბრალოდ კი არ ნიღბავს, არამედ მასზე ტვინის რეაქციას სტრუქტურულად ცვლის", — აცხადებენ ავტორები.

კვლევა ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც ცხადყოფს: მუსიკას საუკეთესო ეფექტი უშუალოდ სტრესული ეპიზოდის შემდეგ მოაქვს.

"სუბიექტური მუსიკალური დაძაბულობა რეგულაციის მთავარი განმაპირობებელია. ის ჯერ სტრესის გამო წარმოქმნილ რიგიდულობას არღვევს, შემდეგ ნერვული ქსელის რეინტეგრაციას უწყობს ხელს და, ბოლოს, სისტემური დამშვიდებით ჰომეოსტატური შვება მიიღწევა", — ამბობენ მეცნიერები.

შესაბამისად, რთული დღის წინ საყვარელი მელოდიების ჩართვა სტრესს თავიდან ვერ აგარიდებთ, მაგრამ დაძაბული მომენტების შემდეგ, შესაძლოა, ის ძალების აღდგენის საუკეთესო საშუალებად იქცეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.