კომპანია OpenAI ამტკიცებს, რომ თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა ამოხსნა მათემატიკური თავსატეხი, რომელსაც ადამიანები თითქმის საუკუნის განმავლობაში ვერ ხსნიდნენ. საუბარია ნავიე-სტოქსის პრობლემაზე, რომელსაც კლეის მათემატიკის ინსტიტუტი "ათასწლეულის ამოცანების" შვიდეულში მოიხსენიებს.

როგორც კომპანიიდან აცხადებენ, გამოთვლებისთვის შიდა მოდელი გამოიყენეს, რომელსაც უახლეს GPT-6 Astra სისტემაზე მძლავრი უნარები აქვს. პროცესში 10 ათასმა AI აგენტმა ერთდროულად იმუშავა და საბოლოო პასუხამდე 88 საათში მივიდა. უშუალოდ ამოხსნის ვერიფიკაციასა და დადასტურებას GPT-6 Astra-მ დამატებით 17 საათი მოანდომა.

ასევე იხილეთ: OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra

ნავიე-სტოქსის განტოლება ჰაერისა და წყლის მსგავსი სითხეების მოძრაობას აღწერს. ამოცანის მიზანი იმის გაგებაა, ირღვევა თუ არა ეს მათემატიკური მოდელი კონკრეტულ პირობებში. OpenAI-ს შემოთავაზებული დამტკიცების მიხედვით, გარკვეულ მომენტში ეს შესაძლებელია და სითხეების სიჩქარე უსასრულობას აღწევს.

საინტერესოა, რომ ათასწლეულის პრობლემის ამოხსნისთვის მილიონდოლარიან ჯილდოს გასცემენ, მაგრამ OpenAI ამ თანხის მიღებას არ გეგმავს.

საგულისხმოა, რომ ისტორიულ მიღწევას მალევე სკანდალი მოჰყვა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა, მათემატიკოსმა ტრისტან ბაკმასტერმა, განაცხადა, რომ OpenAI-მ მუშაობა მას შემდეგ დააჩქარა, რაც მისი და Anthropic-ის მკვლევრის თითქმის დასრულებული კვლევის შესახებ შეიტყო.

ბაკმასტერი საკუთარ კოდებსა და მონაცემებს OpenAI-ს Codex მოდელში ინახავდა. იგი ვარაუდობს, რომ კომპანიას ეს მათ ნაშრომზე წვდომას მისცემდა. როგორც მათემატიკოსი ამბობს, პირდაპირ არავის არაფერში ადანაშაულებს და არც ის იცის, როგორ და რა გააკეთა OpenAI-ს მოდელმა.

ოფიციალურ პრესკონფერენციაზე OpenAI-ს მკვლევარმა, სებასტიან ბუბეკმა, სხვისი მონაცემების მითვისება კატეგორიულად უარყო. მიუხედავად ამისა, კომპანია ვერ გამორიცხავს, რომ მომხმარებლების ატვირთულ ინფორმაციას მართლაც შეეწყო ხელი მოდელის ზოგადი განვითარებისთვის.

აღნიშნული მიღწევა OpenAI-ს შეიძლება რეპუტაციის აღდგენაში დაეხმაროს, რადგან ივლისში მისმა AI აგენტებმა მესამე მხარის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმა Hugging Face გატეხა. ამ ინციდენტმა საზოგადოებაში ტექნოლოგიის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გააჩინა, რის ფონზეც ამერიკელი სენატორები "სუპერინტელექტის" განვითარების აკრძალვას მოითხოვენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.