რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
ფოტო: Getty Images
ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Xpeng-მა ადამიანის მსგავსი რობოტების მასობრივი წარმოება დაიწყო. კომპანიის განცხადებით, ეს პირველი რობოტი გახდება, რომელიც საწარმოო კონვეიერს საკუთარი ფეხით, დამოუკიდებლად, დატოვებს.
რობოტმა, სახელწოდებით IRON, პოპულარობა გასულ წელს მოიპოვა. კომპანიის წარმომადგენლებმა პრეზენტაციისას მისი კორპუსი გახსნეს საზოგადოებისათვის იმის დასამტკიცებლად, რომ შიგნით ადამიანი არ იმალებოდა. მოწყობილობა სხვადასხვა სქესითა და სხეულის ფორმებით გამოდის. მისი სიმაღლე დაახლოებით 173 სანტიმეტრი, წონა კი 65 კილოგრამია.
საწარმოო მოდელს DoF, ანუ ე. წ. თავისუფლების ხარისხი, 76 აქვს. რობოტიკაში ეს ტერმინი მოქნილობის მაჩვენებელს განსაზღვრავს. აქედან 21 DoF თითოეულ ხელზე ნაწილდება. საინტერესოა, რომ რობოტი წამში 2 მეტრი სიჩქარით გადაადგილდება — ეს ტემპი ადამიანის სწრაფ სიარულს უდრის.
ბერლინში გამართულ ტექნოლოგიურ გამოფენაზე Xpeng-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალში ეს რობოტები საოჯახო საქმეებში დაგვეხმარებიან, მათ შორის დაალაგებენ სახლს და დაკეცავენ სარეცხს. შემქმნელები ჰუმანოიდი რობოტების მასობრივ გამოჩენას 2000-იანი წლების შუა პერიოდში სმარტფონების გავრცელებას ადარებენ.
საგულისხმოა, რომ რობოტი ელემენტის დაჯდომის შემთხვევაში დამტენ კაბინას დამოუკიდებლად პოულობს და თავადვე იტენება. კომპანია მას მსოფლიოში პირველ "მაღალი დონის, ზოგადი დანიშნულების" ჰუმანოიდ რობოტს უწოდებს.
IRON ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი იმ რობოტების რიგებს უერთდება, რომლებსაც უკვე მასობრივად აწარმოებენ. მათ შორისა ამერიკული Figure 03 და ჩინური AGIBOT. ამ ფონზე უნდა აღინიშნოს Tesla-ს წარუმატებლობაც. ილონ მასკის კომპანიის რობოტი Optimus ჯერ კიდევ საწარმოო პროცესს გადის და მისი გამოშვება 2022 წლის შემდეგ უკვე ოთხჯერ გადაიდო.
კონკურენტებისგან განსხვავებით, Xpeng-ს რობოტისთვის ხელოვნური ინტელექტის სისტემა ნულიდან, ცალკე პროგრამად, არ დაუწერია. მოწყობილობა კომპანიის ელექტრომობილებისა და მფრინავი აპარატებისთვის განკუთვნილ ე. წ. სამყაროს მოდელს იყენებს.
რობოტის მუშაობას სამი განსხვავებული სისტემა უზრუნველყოფს. მათ შორისაა ტექნოლოგიები, რომლებიც ვიზუალურ აღქმას, ბუნებრივ ენასა და ფიზიკური მოძრაობის კონტროლს აერთიანებს; ასევე მოდელები, რომლებიც რობოტს დავალებების გააზრებასა და მოქმედების დაგეგმვაში ეხმარება. თითოეული რობოტი სამი Turing AI ჩიპით მუშაობს და წამში 2,250 ტრილიონ ოპერაციას ასრულებს. ეს მას საშუალებას აძლევს, Meta-ს Llama 3.2-ის მსგავსი მოდელი ინტერნეტის გარეშე ავტონომიურად გამოიყენოს.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ სრული განზოგადების შესაძლებლობების მქონე ახალი ტიპის რობოტი, რომელიც ნამდვილად გახდება ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, გააუმჯობესებს ადამიანების ყოფას და საბოლოოდ მათ ცხოვრებისეულ თანამგზავრად იქცევა" — აცხადებს კომპანიის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ხე სიაოფენგი.
თავდაპირველად კომპანია რობოტებს საკუთარ შოურუმებსა და ტექნოლოგიურ კამპუსებში გამოცდის, 2027 წლიდან კი მას კომერციულ მომხმარებლებს შესთავაზებს, თუნდაც მომსახურების სფეროში დასასაქმებლად — თავდაპირველად ჩინეთში, შემდგომ სხვა ქვეყნებში.
კომენტარები