კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
ფოტო: Dyso
ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dyson-მა ინოვაციური ელექტრონული კბილის ჯაგრისი გამოუშვა. ახალ მოწყობილობაში, სახელწოდებით Dyson CameraJet, "100 000-პიქსელიანი მაკროლინზიანი კამერა" და ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული. კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ზუსტად ის დაინახოს, რასაც სტომატოლოგი სპეციალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების მეშვეობით ხედავს.
Dyson-ის მტკიცებით, ჭკვიანი ჯაგრისი წამში 28 კადრს აანალიზებს და კბილებს შორის არსებულ ნაპრალებს მანქანური სწავლის ალგორითმით ამჩნევს. პირის ღრუში კამერის გამართულ მუშაობას სპეციალური სტრობოსკოპული შუქი უზრუნველყოფს, რომელიც გადასაღებ არეალს ზუსტად და იდეალურად ანათებს.
მოწყობილობა WiFi-სა და Bluetooth ქსელებს პირდაპირ უკავშირდება. ცხადია, პროგრამული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ამ მიდგომამ, შესაძლოა, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები გააჩინოს.
კომპანიის დამფუძნებელი ჯეიმს დაისონი მიიჩნევს, რომ კამერის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტკავშირის გაერთიანებით პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაში სრულიად ახალი მიდგომა მკვიდრდება.
კამერის მუშაობას ხელი რომ არ შეეშალოს, Dyson მომხმარებლებს საკუთარი წარმოების სპეციალურ კბილის პასტასაც სთავაზობს, რომელიც არ ქაფდება. ტრადიციული პასტებისგან განსხვავებით, ის ნატრიუმის ლაურილსულფატს (SLS) არ შეიცავს და მუშაობის პროცესში ლინზას ზედმეტი მასით არ ფარავს.
ჯაგრისი, რომლის შექმნაზეც 661-მა ინჟინერმა იმუშავა, 499 აშშ დოლარი ღირს. კომპლექტაციაში მას ორი თავაკი, დამტენი კაბელი და სპეციალური სადგამი ახლავს თან, რომელიც დამუხტვისა და ჯაგრისის ავტომატური შევსებისთვის არის განკუთვნილი. ზოგის აზრით, ფასი საკმაოდ მაღალია, რადგან მსგავსი ბიუჯეტით ბაზარზე ახალი iPad Air-ის ან სულაც ათი სტანდარტული ელექტროჯაგრისის შეძენა თავისუფლადაა შესაძლებელი.
კომენტარები