ხუშთაბათს, 3 სექტემბერს, ხელოვნური ინტელექტის (AI) პოპულარული ჩატბოტები ხარვეზებით მუშაობდა. გლობალურად შეფერხდა ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-სა და Grok-ის ფუნქციონირება. ამის მიზეზები ჯერაც დაუზუსტებელია, თუმცა სერვისების უმეტესობა 4 სექტემბერს უკვე უწინდებურად მუშაობს. მომხმარებლები ამბავს ხუმრობებით ეხმაურებიან, რომლებიც Futurism-მა შეკრიბა.

გამოცემის მიხედვით, 3 სექტემბერს OpenAI-ს სპეციალურ სტატუსგვერდზე შეტყობინება გამოჩნდა იმის შესახებ, რომ ChatGPT-სა და Codex-ში ხარვეზებმა იმატა. კომპანიამ იმ დროისთვის ისიც განაცხადა, რომ "შესაბამისი ზომები მიიღეს და აღდგენის პროცესს აკვირდებოდნენ". X-ის Grok-ის მუშაობა მასშტაბურად შეფერხდა. მეორე მხრივ, Anthropic-ის სტატუსგვერდის მიხედვით, გარკვეულ ეტაპზე ხარვეზები მხოლოდ Opus 4.8 და Opus 5 მოდელში შეინიშნებოდა.

4 სექტემბრის 14:20-ის მონაცემებით, Downdetector-ის მიხედვით, Claude-ის ხარვეზების მაჩვენებელი ნორმის ნიშნულს დაუბრუნდა. OpenAI-ს სტატუსგვერდის თანახმად, მისი სერვისები შეფერხებით ფუნქციონირებს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. Downdetector-ის მონაცემებით, ზოგიერთი სერვისი, მათ შორის Google და პოპულარული ვიდეოთამაში Fortnite, ახლაც ჩვეულებრივზე მეტი ხარვეზით მუშაობს.

ინტერნეტმომხმარებლები გლობალურ შეფერხებას ხუმრობებით გამოეხმაურნენ. ის სიტუაცია გააშარჟეს, ადამიანები რომ წუთით გამოფხიზლდნენ ტექნოლოგიისგან, რომელიც ჩვენს კოგნიტიურ უნარებს უქმნის საფრთხეს.

იხილეთ: რა ემართება ჩვენს აზროვნებას, როცა საქმეში ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ? — კვლევა

"ბოლოს და ბოლოს, მზეს ისევ ვხედავ!", — აღმოხდა X-ზე ერთ მომხმარებელს.

"წუთით მილიონობით ადამიანს ისევ მოუწია საკუთარი ტვინის გამოყენება", — Bluesky-ს პოსტში ჩაიქირქილა პარის მარქსმა, ჟურნალისტმა და AI-ს ცნობილმა კრიტიკოსმა.

"ტვინს თუ ქირაობ, ტვინის ქირაობის გლობალური შეფერხების დროს რა ხდება?", — კიდევ სხვა მომხმარებელმა იხუმრა.

და მაინც, თქვენ თუ გრძნობთ ხოლმე დისკომფორტს, როცა ამ AI ინსტრუმენტებზე ხელი აღარ მიგიწვდებათ? სხვათა შორის, მეცნიერებმა ჩატბოტებზე "ადიქციის" ფენომენი გამოიკვლიეს და შეიძლება ამ სტატიის წაკითხვა გიღირდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.