დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
ფოტო: NASA Earth Observatory
აგვისტოში იშვიათმა ზამთრის შტორმებმა ჩილეში მდებარე ატაკამის უდაბნოს დიდი ნაწილი თოვლით დაფარა. დედამიწის ამ ერთ-ერთ ყველაზე მშრალ რეგიონში უჩვეულო რაოდენობის ნალექი მოვიდა.
ექსტრემალური ამინდის გამო ამ არეალში მდებარე ასტრონომიული ობსერვატორიების მუშაობა შეჩერდა, წარმოიქმნა წყალდიდობა და ღვარცოფიც. ეს ყველაფერი კი გაძლიერებული "ელ-ნინიოს" ფონზე განვითარდა. ასე ეწოდება კლიმატურ ფენომენს, რომელიც წყნარი ოკეანის მიმდებარედ წყლის ზედაპირული ტემპერატურის ზრდას გულისხმობს. ეს გლობალურად ამინდის ცვლილებებს იწვევს.
ასევე იხილეთ: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში დაფიქსირებული ზამთრის შტორმების შედეგად თოვლის საფარი ანდების მთებიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე გადაიჭიმა. მართალია, ატაკამაში თოვლი აქამდეც მოსულა, მაგალითად, 2011 და 2025 წლებში, მაგრამ 2026 წლის აგვისტოს მოვლენა თავისი მასშტაბით გამორჩეული აღმოჩნდა. NASA-ს თანამგზავრულმა ფოტოებმა ეს დრამატული ცვლილება ზუსტად აღბეჭდა. კადრებზე შანანტორის პლატო ჩანს, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რადიოტელესკოპი ALMA მდებარეობს. ძლიერი ქარისა და თოვის გამო სხვა ობსერვატორიებთან ერთად, მისი მუშაობაც შეჩერდა და ანტენები უსაფრთხო რეჟიმში გადავიდა.
ჩილეს ამ ნაწილში ზამთრის ნალექი ძირითადად ატმოსფერულ ციკლონებს უკავშირდება. ჩილეს უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერებების სპეციალისტი, რენე გარო, აღნიშნავს, რომ აგვისტოს შტორმი უჩვეულო გარემოებებში განვითარდა. ეს ციკლონური სისტემა დაბალი წნევის უკიდურესად დიდ ზონას გამოეყო, რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან სუბტროპიკებამდე ვრცელდებოდა. სანაპიროსთან არსებულმა ჭარბმა ტენიანობამ კი უჩვეულოდ ფართო არეალში ნალექის წარმოქმნა განაპირობა. რენე გაროს შეფასებით, ნალექის რაოდენობამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, როგორიც ამ ძალიან მშრალ უდაბნოში იშვიათად გვხვდება.
ნალექი მხოლოდ თოვლის სახით არ მოსულა. ჩილეს ჩრდილოეთ სანაპიროს ნაწილში ძლიერი წვიმაც დაფიქსირდა. ქალაქ ტალტალში სამი დღის განმავლობაში თითქმის 40 მილიმეტრი ნალექი დაგროვდა, რაც ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელ წლიურ ნორმას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.
"ასეთი რამ ათწლეულში მხოლოდ რამდენჯერმე თუ ხდება", — აცხადებს რენე გარო.
ინტენსიური ნალექით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ღვარცოფმა ათასობით ადამიანი დააზარალა და ასობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. მეცნიერები ამ ყველაფერს სწორედ ელ ნინიოს უკავშირებენ. ამ დროს სუბტროპიკული წყნარი ოკეანის მაღალი წნევის ზონა, რომელიც რეგიონში სიმშრალეს ინარჩუნებს, სუსტდება. პარალელურად, კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მაღალი წნევის არეალი ყალიბდება, რომელიც ჩვეულ ატმოსფერულ ცირკულაციას ბლოკავს. ეს ცვლილებები შტორმების ტრაექტორიას ეკვატორთან უფრო აახლოებს, რაც ექსტრემალურ ამინდს ჩილეს იმ არეალებშიც წარმოქმნის, რომლებიც, ჩვეულებრივ, უკიდურესად მშრალია.

კომენტარები